Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი მომავალ ოფიცრებს ახალ შეთქმულებასა და ახალ შესყიდვებზე ესაუბრა


25 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ქვეით უმცროს ოფიცერთა გამოშვების რიგითი ცერემონია დღის მთავარ პოლიტიკურ მოვლენად იქცა.

საზეიმო ღონისძიებაზე მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა ნახევარსაათიან სიტყვაში მომავალ ოფიცრებს საქართველოს დაცვისკენ მოუწოდა - საქართველოსი, რომლის დამოუკიდებლობა და ევროპული არჩევანი, მიხეილ სააკაშვილის თქმით, სერიოზული საფრთხის წინაშე დგას გარეშე მტრების გააქტიურების გამო.

პრეზიდენტებს უყვართ სამხედრო აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა. საზოგადოების ყველაზე ლოიალური და დისციპლინებული ნაწილი დიდ შესაძლებლობას იძლევა იმპროვიზებისა და თამამი ისტორიული წიაღსვლებისათვის.

25 ოქტომბერს, ქვეით უმცროს ოფიცერთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ქართველი სამხედროების თავდადების როგორც ცნობილ, ასევე ნაკლებად ცნობილ ეპიზოდებზე. ერთ შემთხვევაში კი საქართველოს ლიდერმა ექსკლუზიური ინფორმაცია მიაწოდა უახლესი ისტორიის სპეციალისტებს:

[მიხეილ სააკაშვილი] ”მე მიყვებოდა ირანის პრეზიდენტი, რომ ირან-ერაყის ომის დროს ყველაზე მეტად თავი გამოიჩინეს (როდესაც სადამ ჰუსეინი იყო ერაყში) ირანის დასაცავად ფერეიდნიდან წაყვანილმა ქართველებმა. მე როცა ვკითხე, თუ რას ფიქრობდა, რა იყო ამის მიზეზი, მან მითხრა, რომ ისინი რაციაში ლაპარაკობდნენ არა სპარსულად, არამედ ქართულად და ერაყელებს არ ესმოდათ და არ შეეძლოთ ამის გადმოთარგმნაო.” (სტილი დაცულია)

ქართველი სამხედროების გმირობისა და საზრიანობის ამ და სხვა მაგალითების მოხმობა საქართველოს პრეზიდენტს იმისთვის დასჭირდა, რომ მომავალი ოფიცრებისთვის ეთქვა, იოლი ცხოვრება არ გელით საქართველოს გარშემო შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამოო.

[მიხეილ სააკაშვილი] ”ახლა, უახლოეს პერიოდში, რამდენიმე მთავარი ამოცანა აქვს ჩვენს არაკეთილმოსურნეს. ერთი - საქართველოს დღევანდელი მთავრობის მოშორება, იმიტომ, რომ ეს მთავრობა, განსხვავებით 1921 წლის მთავრობისაგან, არის მთავრობა, რომელსაც შეუძლია და რომელმაც, როცა იყო საჭირო, მისცა ბრძანება და კიდევ მისცემს მთავარ ბრძანებებს. და ეს მინდა, რომ ყველამ კარგად დაიმახსოვროს!” (სტილი დაცულია)

საქართველოს პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ბრძანებების გაცემას აპირებს ის, როგორც მთავარსარდალი, რათა არაკეთილმოსურნეებმა ვერ შეძლონ მთავრობის დამხობა საქართველოში. თუმცა მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა მომავალ ოფიცრებს, ყველაფრისთვის იყვნენ მზად და დაჰპირდა, რომ ხელისუფლება არასოდეს მიატოვებს ჯარს ისე, როგორც ეს 1921 წელს მოხდა. არმიისა და ხელისუფლების ერთიანობის ხაზგასასმელად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა დიდი რაოდენობით შეიარაღებას ყიდულობს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ უახლოეს თვეებში (აი, ეხლა ვიცი, რომ გულზე უჭირავს ზოგიერთს ხელი) მთლიანად გადავალთ დასავლურ ტექნიკაზე. ყველა დონეზე - ქვემოდან ზემოთ - ყველგან ვყიდულობთ თანამედროვე დასავლურ ტექნიკას. და აღარ იქნება ის, რომ, მოდი, ჩავუკეტოთ ქართველებს მარაგნაწილები, როგორც იყო სამი წლის განმავლობაში, რომ ვერაფერი ვერ იშოვონ და ცუდ ხასიათზე იყვნენ.” (სტილი დაცულია)

სამხედრო წრეებთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, საქართველომ დასავლეთის ერთ-ერთი სახელმწიფოსგან უკვე შეიძინა უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელმაც რამდენიმე გაფრენა განახორციელა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაკონტროლირებად ტერიტორიებზე. სულ მალე კი სამხედრო-საჰაერო ძალებს რამდენიმე ერთეული გამანადგურებელი თვითმფრინავიც შეემატება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG