Accessibility links

logo-print

გაერთიანებული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან ერთად, მოქმედების გეგმას აყალიბებს


გაერთიანებული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან ერთად, მოქმედების გეგმას აყალიბებს -

გეგმას 2 ნოემბრამდე და 2 ნოემბრის შემდეგ. ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე სალაპარაკოდ და ურთიერთთანამშრომლობაზე შესათანხმებლად გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 26 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო ”ვარაზში”, შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის იყვნენ წარსულში აქტიური პოლიტიკოსებიც, ადრინდელი ფუნქციონერებიც, თუმცა შეხვედრა წარმომადგენლობითი იყო. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”კონსტიტუციის 42- ე მუხლი” , ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”, ”თანასწორობის ინსტიტუტი”, ”კოალიცია დემოკრატიისთვის” - ამ და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს თანადგომა აღუთქვეს მოძრაობაში, რომელიც, შეხვედრის მონაწილეების შეთანხმებით, არის მოძრაობა ევოლუციისა და არა რევოლუციისთვის.

იმის ნათელსაყოფად, თუ როგორ აფასებენ პოლიტიკური ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერები და, მათთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები საქართველოში შექმნილ ვითარებას, მოვიყვან ციტატებს სასტუმრო ”ვარაზში” გამართულ შეხვედრაზე გამოსვლებიდან:

” ვითარება კრიზისულია , სახელმწიფოს მართავენ ტერორისტები, ქვეყანაში ვარდისფერი ტერორია”, - ლაშა ჩხარტიშვილი, ”თანასწორობის ინსტიტუტი”. ”საქართველო ახალი რევოლუციის ზღვარზე არ უნდა აღმოჩნდეს, ოპოზიციის დღევანდელი ზომიერი მოთხოვნები ქმნის საფუძველს იმისთვის, რომ ხალხმა მთავარ მოთხოვნად არ გამოიტანოს: გადადექი”, - ზაქარია ქუცნაშვილი, ”კოალიცია დემოკრატიისთვის. ” ”არ არსებობს იმის გარანტია, რომ ხელისუფლება რაიმე სისულელეს არ გააკეთებს. იქნებ ჯობს 2 ნოემბერს აქცია ერთჯერადი იყოს, გადაეცეს ხელისუფლებას მოთხოვნები და მცირე ხნით დავიშალოთ. მეშინია პროვოკაციების”, - ვახტანგ ძაბირაძე, ” საზოგადოებრივი მოძრაობა ’14 აპრილი’ ”.
ვითარების ასეთ შეფასებებს იძლეოდნენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წარმომადგენლები. თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ პოლიტიკოსებიც, საერთო სახალხო მოძრაობაში გაერთიანებული სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები:

[კობა დავითაშვილის ხმა] ”თუ ოდესმე შეგვამჩნევთ რაიმეს სიტყვის არდაცვისა, პრინციპებიდან გადახვევისა, თავშივე მოგვეცით ძალიან მკაცრი შენიშვნები. და თქვენი დიდი იმედი გვაქვს ამ საქმეში.” (სტილი დაცულია)

ასე მიმართა მესამე სექტორის წარმომადგენლებს ”ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა. ლეიბორისტმა სოსო შატბერაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი აზრი მოახსენა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის და რა ძალებს შეუძლიათ არსებულ რეალობაში ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა:

[სოსო შატბერაშვილის ხმა] ” თუ ჩვენ ხალხმა ნდობა გამოგვიცხადა, მიმაჩნია, რომ დღევანდელი ეროვნული საბჭო იქნება შესანიშნავი მოდელი იმისა, როგორი უნდა იყოს მომავალი პარლამენტი და მოდელი იმის, თუ როგორი უნდა იყოს კოალიციური მთავრობა. ” (სტილი დაცულია)

მაგრამ მოდელი არჩევნებით უნდა განხორციელდეს... ოპოზიციის ლიდერები და, მათთან ერთად, სამომავლო გეგმაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ვითარება ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე დანიშვნით უნდა განიმუხტოს. მოხდება თუ არა ეს ასე, 2 ნოემბრის აქცია აიძულებს თუ არა ხელისუფლებას დათანხმდეს არჩევნების გადმოწევაზე, არავინ იცის. არიან ოპტიმისტები და არიან პესიმისტები.

[ გია ზესაშვილის ხმა] ” მე ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები აპრილში ჩატარდება. ”

შეგახსენებთ, ოპტიმისტი გია ზესაშვილი წარსულში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ცოტა სხვაგვარი აღმოჩნდა გოგა ხაინდრავას მოლოდინი. მას შემდეგ, რაც მესამე სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებმა პროვოკაციების მოსალოდნელობაზე ისაუბრეს, მან თქვა:

[გოგა ხაინდრავას ხმა] ”პირველში საქართველოში ჩამოდის სერიოზული ჯგუფი ამერიკელებისა და ნაკლებად ვვარაუდობ, მაგრამ პროვოკაცია მაინც მოსალოდნელია. მინდა გითხრათ, შეიძლება არ დაგვშალონ ძალის გამოყენებით, მაგრამ ყველაფერზე უარი გვითხრან. ”

მოსალოდნელი პროვოკაციების თემა, ოღონდ საქართველოში კი არა, საქართველოს გარეთ დაგეგმილი პროვოკაციებისა, შეხვედრაზე ვახტანგ ძაბირაძემ წამოსწია:


[ვახტანგ ძაბირაძის ხმა} ” ძალიან გააქტიურდა რუსეთი. ამბობენ, მეხუთე კოლონა საქართველოში არ არსებობსო, მაგრამ არსებობს, მეხუთე კოლონა არსებობს ყველგან, მათ შორის - ხელისუფლებაში.”

ასე ფიქრობს ვახტანგ ძაბირაძე, საზოგადოებრივი მოძრაობა ”14 აპრილის” წარმომადგენელი. ხელისუფლებაში კი მეხუთე კოლონის არსებობაზე ოპოზიციის ფარგლებში მიანიშნებენ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე საქართველოში შექმნილი ვითარებით რუსეთის აქტიურ დაინტერესებაზე საუბრობს და პრაქტიკული მუშაობის გააქტიურებას ახსენებს:

[გივი თარგამაძის ხმა] ” დასაბუთებას ვეცდებით. არის ინფორმაცია, რომ შემოედინება თანხები, რომლის გამღებიც არიან სხვადასხავ ადამიანები, დაწყებეული ტარიელ ონიანიდან, დამთავრებული ხუბუტიებით და სპეციალური ორგანოებით. ალბათ, უნდა აცნობიერებდნენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც აცხადებენ, რომ ეროვნულ საქმეს ემსახურებიან, ვის გვერდზე დგანან. ”(სტილი დაცულია)

ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც შეთანხმებულები არიან, რომ იბრძოლებენ ევოლუციისა და არა რევოლუციისთვის, აცხადებენ, რომ აქცია, რომელიც 2 ნოემბერს დაიწყება, არ დაიშლება მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე. მთავარი მოთხოვნა კი არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარებაა.
XS
SM
MD
LG