Accessibility links

logo-print

დასრულდა სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო სამშვიდობო კინოფესტივალი


ოქტომბერში ერევანში”მე - ადამიანი”, რომელმაც სტარტი გაზაფხულზე აიღო და

ზაფხულში საქართველოს რეგიონებში ჩატარდა.

გაზაფხულსა და ზაფხულში: აზერბაიჯანის, საქართველოს რეგიონები, ცხინვალი, სოხუმი, გაგრა და ერევანი, ბოლოს კი, სტეფანაკერტი - ასეთი იყო სამხრეთკავკასიური ფესტივალის, ”მე - ადამიანის”, გეოგრაფია. ჰაინრიჰ ბიოლისა და ”ღია საზოგადოების” ფონდების მიერ მოწყობილი ფესტივალის შესახებ რადიო ”თავისუფლება” უკვე გესაუბრათ. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, სამხრეთ კავკასიის თითქმის ყველა რეგიონში მშვიდობისა და ადამიანის უფლებებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმები არა მარტო დიდი ინტერესით ნახეს, არამედ ექსპერტებთან ერთად იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოვაგვაროთ კონფლიქტები, დავძლიოთ სიძულვილი. ამჯერად ფესტივალის ღონისძიებებს რადიო ”თავისუფლებაც” დაესწრო - ერევანში, ერთ ძალზე პოპულარულ ახალგაზრდულ კლუბში, ფესტივალის პროგრამაში ჩართული ფილმები ნახეს და არამარტო წარსულზე ისაუბრეს. როგორც აღმოჩნდა, კონფრონტაციის ნიშნები არსებობს სომხეთისა და მთიანი ყარაბახის მოსახლეობას შორისაც. კარინე ოჰანესიანმა, რომელიც სტეფანაკერტში ცხოვრობს და იქ იცავს ადამიანის უფლებებს, აღნიშნა, რომ, როგორც წესი, ასეთ კონფლიქტებს პოლიტიკოსები ამწვავებენ ხოლმე:

[კარინე ოჰანესიანის ხმა] ”სულ ამას ვამბობ, რომ საჭიროა ამის შესახებ ლაპარაკი, რათა დავძლიოთ ეს პრობლემა. პრობლემები არის აქაც და იქაც... ყარაბახელები აქაც ბევრს არ უყვარს, ”გადატრიალებულებს” უწოდებენ. თუმცა ყარაბახში სულ ახსოვთ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი ომი... ჩვენ მართლა არ გვინდოდა ომი. არსებობს პრობლემები, რომელთაც, შესაძლებელია, ამძაფრებდეს სომხეთის დღევანდელი ხელისუფლება, ჰყოფს რა ხალხს სომხებად და ყარაბახელ სომხებად.”

ახალგაზრდებმა თავიდანვე გაავლეს პარალელი ფესტივალზე ნაჩვენებ დოკუმენტურ ფილმებსა და სომხეთის უახლოეს წარსულს შორის. ახალგაზრდულ კლუბში შეკრებილი სტუდენტების უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ იზოლაციაში ცხოვრებას ბოლო უნდა მოეღოს და დაპირისპირებულმა მხარეებმა დიალოგი დაიწყონ. სამშვიდობო ფესტივალის კოორდინატორმა, გერმანელმა რეჟისორმა კერსტინ ნიკიდმა ერევნელებს უამბო, როგორ ჩატარდა ფესტივალი აზერბაიჯანში. კერსტინის თქმით, თითქმის ზუსტად ასე აღიქვეს სამშვიდობო თემაზე გადაღებული ფილმი სუმგაითელებმა:

[კერსტინ ნიკიგის ხმა] ”იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ სომხებთან შერიგება შეუძლებელია. ამას ხალხი, როგორც წესი, პირველ დღეს ამბობს ხოლმე. შემდეგ აზრი ნელ-ნელა ეცვლებათ და აქტიურობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ შეიძლება შერიგება, რომ მათ აღარ უნდათ ამ სიძულვილით ცხოვრება.”

სამშვიდობო ფესტივალი ”მე - ადამიანი” თავისებურ დამაკავშირებელ რგოლად იქცა ერთმანეთისგან მოწყვეტილ ადამიანებს შორის. ხალხი ერთმანეთს ვერ ხედავს, საზღვრები დაკეტილია, მაგრამ ერთსა და იმავე ფილმებს უყურებს და აბსოლუტურად ერთნაირი რეაქცია აქვს ამ ფილმებზე. კერსტინ ნიკიგი დარწმუნებულია, რომ ამის დანახვა და აღიარება უკვე წინგადადგმული ნაბიჯია მშვიდობის დასამყარებლად სამხრეთ კავკასიაში:


[კერსტინ ნიკიგის ხმა] ”მივედით დასკვნამდე, რომ ყველაფერი ურთიერთობით უნდა დაიწყოს. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მითხრეს, არ შეგიძლია, რომ ჩემი მისამართი გადასცე სომხებსო?.. ასე რომ, თუ ვინმეს გაინტერესებთ, შემიძლია მოგცეთ ამ ხალხის მისამართი - მათ თქვენთან მიმოწერა უნდათ.”

ერევანში სამშვიდობო ფესტივალის დახურვის შემდეგ კერსტინს არაერთმა სომეხმა ახალგაზრდამ გამოართვა აზერბაიჯანელი თანატოლების მისამართი... რას მისწერს ეს ხალხი ერთმანეთს, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ არსებობს ურთიერთობის სურვილი.
XS
SM
MD
LG