Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შერეული საკონტროლო კომისიის განახლებული სხდომის შედეგი და მნიშვნელობა


თითქმის წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ განახლებული ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული

საკონტროლო კომისიის სხდომა თბილისში 24 ოქტომბერს დასრულდა. ორი დღის განმავლობაში ეუთოს მისიის ოფისში დახურულ რეჟიმში მიმდინარე მოლაპარაკებამ ბევრი პრეტენზია, შეკითხვა და ინიციატივა ღიად დატოვა. თუმცა, როგორც მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეები და ექსპერტები მიიჩნევენ, დიალოგის განახლების ფაქტის მნიშვნელობის გადაფასება შეუძლებელია.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეუთოს თბილისის ოფისში შეკრებილ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს ბევრი საკითხი დაუგროვდათ ქართული მხარის მიმართ. თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ბორის ჩოჩიევმა შერეული საკონტროლო კომისიის დახმარება მოითხოვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განუხრელ დაცვაში და საყვედური გამოთქვა იმის გამო, რომ არსებობს დიმიტრი სანაკოევის ალტერნატიული ხელისუფლება, რომლის საკონტროლო კომისიაში ჩართვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ცხინვალიც და მოსკოვიც. გარდა ამისა, ბორის ჩოჩიევმა, რომელმაც, როგორც ჩანს, კარგად აუღო ალღო საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ რეალობას, საქართველოს მხარეს მოსთხოვა ”დამნაშავე ოქრუაშვილისა და ქარელის დროს” დაპატიმრებული ოსი ეროვნების მოქალაქეების საქმეების გადახედვა.
თუ რა უპასუხა ბორის ჩოჩიევს საქართველოს წარმომადგენელმა, ცნობილი არ არის, რადგან ჟურნალისტებისთვის შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა ტრადიციულზე უფრო დახურული აღმოჩნდა. სხდომის პირველი დღის შემდეგ გაკეთებული კომენტარები კი, ხშირ შემთხვევაში, ბუნდოვანი იყო, რის გამოც მასმედიის წარმომადგენლებმა ვერაფრით გაარკვიეს, უჭერს თუ არა, მაგალითად, შერეული საკონტროლო კომისიის რუსი თანათავმჯდომარე იური პოპოვი საქართველოს მოთხოვნას, რომ ერთობლივად გაკონტროლდეს როკის სადავოდ ქცეული გვირაბი. ზოგიერთი ქართული საინფორმაციო საშუალება იტყობინებოდა, რომ როკის გვირაბზე კონტროლი დამყარდება. ეუთოს პრეს-ცენტრში კი ამგვარი ინფორმაციის არსებობა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში უარყვეს. ასევე დღის ბოლომდე უცნობი რჩება, თუ რა ბედია ეწია მოთხოვნას გაიხსნას დამატებითი საგუშაგო, რაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ქართული სამშვიდობო ბატალიონის სარდალმა მამუკა ყურაშვილმა დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს საკითხად დაასახელა:

[მამუკა ყურაშვილის ხმა] ”კონკრეტულად მეღვრეკისზე, გუთის ხიდზე და არის კიდევ საკითხები, რაზეც მე შეხვედრის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს.”(სტილი დაცულია)


თუმცა თითქმის წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ განახლებულ ოთხმხრივ შეხვედრაზე საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტას მოკონფლიქტე მხარეებისაგან არც ეუთოს მისიის წარმომადგენლები ელოდნენ და არც ქართველი ექსპერტები. საქართველოში ეუთოს მისიის ახალმა თავმჯდომარემ, ფინელმა დიპლომატმა ტერი ჰაკალამ, მნიშვნელოვანი უწოდა თავად სხდომის ჩატარებასა და დიალოგის განახლებას. ამ აზრს იზიარებს პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი ”რესპუბლიკური პარტიიდან”:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”ეს შეხვედრა პირველ დღეს ფორმალურ ხასიათს ატარებდა და აშკარად ჩანდა, რომ მას ჰქონდა აღდგენითი და გაცნობითი ხასიათი. თანაც, შეიცვალა მოთამაშეები, ვთქვათ ასე, აქტიორები. თუ აქამდე სახელმწიფო მინისტრი წარმოადგენდა შერეულ კომისიაში ქართულ მხარეს, დღეს უკვე მინისტრის მოადგილე წარმოადგენს, რანგით დაბალი დონე, და ამით ჩანს, რომ საქართველომ ეჭვქვეშ დააყენა შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობა. მე არ ველოდები ამ შეხვედრიდან რეალურ შედეგებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი ნაბიჯი გადაიდგა და, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ, შესაძლებელია, გარკვეულწილად, მომავალში დაიწყოს თანამშრომლობა.”(სტილი დაცულია)

ეუთოს ქართული მისიის შტაბბინაში ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობა თბილისის დროით საღამოს 6 საათზე უნდა დასრულდეს. ტრადიციის თანახმად, შეხვედრის შემდეგ მიღებული იქნება შემაჯამებელი ოქმი და დასახელდება მორიგი შეხვედრის თარიღი. შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარე ბორის ჩოჩიევი ალტერნატიულ მთავრობის პრეზიდენტმა დიმიტრი სანაკოევმა დღეს ცნობილი ოსი მწერლის, კოსტა ხეთაგუროვის, საიუბილეო საღამოზე მიიწვია, თუმცა ცხინვალის დელეგაციამ ამ მიწვევაზე უარი განაცხადა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG