Accessibility links

logo-print

აფხაზი სამხედრო ტყვეები თბილისის ციხიდან გაათავისუფლეს


შაბათს გაეროს წარმომადგენლებმა თბილისიდან სოხუმში ჩაიყვანეს 7 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ქართულმა

სპეცრაზმმა ზემო აფხაზეთში 20 სექტემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 27 ოქტომბერს თბილისის სასამართლომ აფხაზი ტყვეები საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლა. თუმცა, სინამდვილეში, დივერსიული ჯგუფის წევრთა საკითხი ორი დღის წინ სოხუმში ქართულ-აფხაზური შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ ”კეთილი ნების გამოხატულება” უწოდა. მაგრამ ქართულ საზოგადოებაში არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც.

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მებრძოლებს: ირაკლი ხორავას, როლანდ ჩაგავას, კობა ჩერქეზიას, სურენ დილინიანს, ზურაბ მურადიანს, მუხადინ კიჩევსა და ჯამბულ ოვანესიანს თბილისის სასამართლომ 5 თვიანი პირობითი სასჯელი აკმარა და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. აფხაზი სამხედროები, რომლებმაც თბილისის ციხეში თვეზე მეტი ხანი დაჰყვეს, გაეროს მისიის წარმომადგენლებმა ენგურის ხიდზე გადაიყვანეს და აფხაზეთის სამართალდამცველ ორგანოებს გადასცეს. თუმცა თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა 25 ოქტომბრის სოხუმის შეთანხმება, რომელიც საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ გააფორმეს. კონფლიქტის მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაკა გიგაურმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ტყვეების გათავისუფლება ყოველგვარი პირობის გარეშე მოხდა, რაც მომავალში ორმხრივი პრობლემატური საკითხების გადაწყვეტას დააჩქარებს:

[მაკა გიგაური] ”ლაპარაკი იყო გალის რაიონში ქართველების უსაფრთხოებაზე, აი, ამ გადაცემაზე იყო ლაპარაკი და იმაზე, რომ ეს არის პირველი ეტაპი, პირველი შეხვედრა და ამის შემდეგ კონკრეტული საკითხები გადაწყდება ასეთი ინტენსიური შეხვედრებით.”(სტილი დაცულია)

დივერსიული საქმიანობის ბრალდებით დაკავებული აფხაზი ტყვეების ამ ფორმით გათავისუფლება ქართულ მედიასა და პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანად შეფასდა. უპირობოდ გათავისუფლება ისეთ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი პირებისა, რომლებიც, საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური განცხადებით, დივერსიულ და ტერორისტულ აქტებს ამზადებდნენ ზემო აფხაზეთში, არასწორად მიაჩნია პაატა დავითაიას, ლიდერს პოლიტიკური პარტიისა ”ჩვენ თვითონ”. ის ფიქრობს, რომ აფხაზი სეპარატისტები ამ ნაბიჯს საქართველოს ხელისუფლების სისუსტედ მიიჩნევენ:

[პაატა დავითაია] ”დამთავრდება ეს იმით, - და ყოველთვის მთავრდება იმით, - რომ ის, ვინც დაბრუნდება დღეს, ის იქნება გმირი, ის შვიდი კაცი, და აფხაზებს უფრო მეტი განწყობა ექნებათ, რომ ებრძოლონ ქართულ ხელისუფლებას.”(სტილი დაცულია)

აფხაზი სამხედრო ტყვეების გათავისუფლება პოზიტიურად მიაჩნია პარლამენტარ შოთა მალაშხიას, რომელიც პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის დროებით საპარლამენტო კომისიას ხელმძღვანელობს. მალაშხიამ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო პრაქტიკაში გავრცელებული ჰუმანური მოსაზრებით იხელმძღვანელა აფხაზი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების დროს, რაც სიძლიერის გამოხატულებაა და არა სისუსტის:

[შოთა მალაშხია] ”თუ ამას ვერ გაიგებს აფხაზური მხარე და ვერ მიხვდება, თუ რისთვის გაკეთდა ეს ამდაგვარი ქმედების შემდეგ, ანალოგიურს როდესაც ჩაიდენენ, ისინი უკვე მკაცრად დაისჯებიან და ეს არ იქნება პერმანენტული ხასიათის.”(სტილი დაცულია)

რაც შეეხება აფხაზურ ხელისუფლებას, სოხუმში სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე მხოლოდ ზოგადი კომენტარები კეთდება. თუმცა აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია, რომელიც რეგულარულად ადევნებს თვალს სოხუმის პოლიტიკურ წრეებში მიმდინარე პროცესებს, დარწმუნებულია, რომ სამხედრო ტყვეების გათავისუფლება სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგს კიდევ უფრო დააჩქარებს. თენგიზ პაჭკორია ამის დასტურად იხსენებს დე ფაქტო სოხუმის პრეზიდენტის ერთ გზავნილს, რომელიც მან ორი კვირის წინ რუსეთის ტელევიზიით გამოსვლისას გაახმიანა:

[თენგიზ პაჭკორია] ”სერგეი ბაღაფშმა თქვა, თუ საქართველოს სურს აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, დავიწყოთო მოლაპარაკებები და მოხდესო ამ საკითხის მოგვარება კომპრომისების საფუძველზე. მას არ გაუშიფრავს, თუ რა ჰქონდა მხედველობაში, მაგრამ საჭიროა აღინიშნოს, ეს არის პირველი განცხადება ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც ბაღაფში ხელმძღვანელობს სეპარატისტთა მთავრობას, იმის შესახებ, რომ აფხაზური მხარე თანახმაა ასეთი მოლაპარაკებისა.”
XS
SM
MD
LG