Accessibility links

logo-print

კვირის მიმოხილვა


შაბათს, 27 ოქტომბერს,

საქართველოს ხელისუფლებამ, კეთილი ნების გამოვლინების ნიშნად, 7 აფხაზი სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა. ისინი 20 სექტემბერს კოდორის ხეობის ზედა ნაწილში ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დროს დააკავეს. აფხაზი სამხედრო პირების გათავისუფლებით ქართულმა მხარემ შეასრულა პირობა, რომელიც სოხუმს ორი დღით ადრე, 25 ოქტომბერს, მისცა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის სოხუმში ვიზიტი იყო სწორედ კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენაც.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძე სოხუმში პირველი ოფიციალური ვიზიტით 25 ოქტომბერს დილით გაემგზავრა. ვიდრე ქართველი მინისტრი სოხუმში ჩავიდოდა, ჩვენი რადიოსათვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ სოხუმი მზად იყო საფუძვლიანად განეხილა დაგროვილი პრობლემები მეზობელი სახელმწიფოს წარმომადგენელთან:
[სერგეი შამბას ხმა]“ იქნება თუ არა მოლაპარაკების პროცესი, იდგება გადასაწყვეტი საკითხები. ჩვენ ხომ მეზობელი სახელმწიფოები ვართ. ამ საკითხების განსახილველად ყოველთვის მზად ვართ. ვგულისხმობ 20 სექტემბრის ინციდენტს. მასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება გაეროს ეგიდით. უნდა ვიმსჯელოთ ამ გამოძიებასთან დაკავშირებით. ამას გარდა, შეშფოთებას იწვევს გალის რაიონში უსაფრთხოების მექანიზმების მოშლა, რაც საქართველოს მხრიდან ოთხმხრივ შეხვედრებზე უარის თქმამ განაპირობა. ბონში თითქოს შევთანხმდით, რომ ოთხმხრივი შეხვედრები აღდგებოდა, მაგრამ შეთანხმებას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. აი, ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ და იქნებ რაიმე გადავწყვიტოთ.“
მოგვიანებით სერგეი შამბას იმედები გაუმართლდა. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი საქმიანი და გულისხმიერი მოსაუბრე გამოდგა და შეხვედრამაც, შეიძლება ითქვას, საქმიან, მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა. ქართველი და აფხაზი მინისტრები მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ და განახლებული დიალოგის ფორმატში გარკვეულ პოზიტიურ ძვრებსაც მისცეს ბიძგი. აღვნიშნავთ კიდევ ერთ გარემოებას. სოხუმიდან თბილისში დაბრუნებულმა დავით ბაქრაძემ შენიშნა, რომ ოფიციალურ შეხვედრაზე სერგეი შამბას აღარ გაუმეორებია რადიო „თავისუფლებისათვის“ ნათქვამი ფრაზა იმის შესახებ, რომ საქართველო აფხაზეთის მეზობელი სახელმწიფოა და მოლაპარაკებებიც სახელმწიფოთშორისი ურთიერთობის რანგში განიხილება. რაც შეეხება განახლებული მოლაპარაკების შედეგებს, კეთილი ნების გამოვლენის ნიშნად, ქართულმა მხარემ გაათავისუფლა 20 სექტემბრის შეიარაღებული ინციდენტის დროს კოდორის ხეობაში დაკავებული 7 აფხაზი ჯარისკაცი, მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი და ოთხმხრივი დიალოგის განახლებაზე, გამოიკვეთა მოსალოდნელ რეგულარულ შეხვედრებზე განსახილველი მთავარი საკითხებიც.
[დავით ბაქრაძის ხმა]“ ეს არის დიალოგის დასაწყისი. დღეს პრაქტიკულად უკვე შევთანხმდით, რომ ავამუშავებთ მექანიზმს, რომლის ამოცანა იქნება გალის რაიონში უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგი. ეს იქნება პირველი ნაბიჯი მხოლოდ, ხოლო შემდგომში არის საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებები ამ ურთიერთობასა და დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით. უბრალოდ, ამ ეტაპზე მე თავს შევიკავებდი კონკრეტიკისგან, ვინაიდან ეს წინადადებები პრაქტიკულად სამუშაო რეჟიმში იმყოფება და დროზე ადრე გახმოვანება არაკორექტული იქნებოდა.”(სტილი დაცულია)
ამბობს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძე. გასულ სამუშაო კვირაში მისდამი დაქვემდებარებული უწყება ქართულ–ოსური კონფლიქტის მომგვარებელი შერეული საკონტროლო კომისიის არაპირდაპირი მასპინძელი იყო. შეხვედრა თბილისში, ეუთოს წარმომადგენლობის ოფისში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრაზე მხარეებმა ვერც ერთ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ასევე არ მოეწერა ხელი შეხვედრის დასკვნით დოკუმენტს. სხდომაზე ქართულმა მხარემ კვლავ პრინციპულად დააყენა საკითხები რეგიონის დემილიტარიზაციის, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების დაშლისა და განიარაღების, როკის გვირაბის ერთობლივად გაკონტროლების შესახებ. რაც შეეხება ოსურ მხარეს, თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ბორის ჩოჩიევმა განსაკუთრებული უკმაყოფილება დიმიტრი სანაკოევის ალტერნატიული ხელისუფლების არსებობის გამო გამოხატა და მოითხოვა შერეული საკონტროლო კომისიის დახმარება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განუხრელ დაცვაში. თუმცა, მხარეთა მკვეთრად დაშორებული პოზიციების ვერდაახლოებისა და პრაქტიკულად ჩაშლილი მოლაპარაკებების პირობებში, მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან კიდევ ერთხელ გაისმა განცხადება შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატის შეცვლის მიზანშეწონილობის შესახებ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძემ თქვა:
[დავით ბაქრაძის ხმა]“კონფლიქტის მოგვარება არის პროცესი, სადაც საჭიროა კონკრეტული სერიოზული გადაწყვეტილებები. ჯერჯერობით ვერც ერთ კონკრეტულ და სერიოზულ გადაწყვეტილებას ჩვენ კომისიის მხრიდან ვერ ვხედავთ.“
გასული სამუშაო კვირის მიწურულს საქართველოს სამხრეთ ოსეთის სტატუსის განმსაზღვრელმა სახელმწიფო კომისიამ თბილისსა და ცხინვალს შორის ეკონომიკურ სფეროში უფლებამოსილების გაყოფის შესახებ პროექტის საწყისი ვარიანტის პრეზენტაცია მოაწყო. პროექტის თანახმად, 2008 წლის პირველი იანვრიდან გაიხსნება რეგიონალური ხაზინა და, ასევე, ყველა ის ფინანსური ინსტიტუტი და სამსახური, რომელიც ამისთვისაა საჭირო.დოკუმენტი 26 ოქტომბერს კომისიის მორიგ, მეოთხე, სხდომაზე სოფელ თამარაშენში წარადგინეს. თბილისში კი სწორედ მიმდინარე სამუშაო კვირაში დაიწყო დისკუსია თემაზე, ვინ უნდა არეგულირებდეს საქართველოში მონოპოლიურ საქმიანობას. პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასების ზრდა საქართველოს პრეზიდენტმა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კონკურენციის სააგენტოს უმოქმედობით ახსნა და იგი გაუქმებულად გამოაცხადა:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა]“აღმოჩნდა, რომ ერთ კომპანიას შემოჰქონდა საქართველოში კბილის პასტიდან დაწყებული და საბავშვო, ეს ჩემთვის აქტუალურია, პამპერსებით დამთავრებული. ერთი ფირმა იყო თავიდან ბოლომდე. და ვინც სხვამ მოინდომა შემოსვლა, ჩვენი ძვირფასი თავდაცვის სამინისტრო, ეს კეზერაშვილს არ ეხება, ლამის ტანკებით მიადგა და აღარ შემოუშვა სხვა არც ერთი პროდუქცია ბაზარზე. და ეს მოხდა ჩვენ დროს, ძმებო.“(სტილი დაცულია)

საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრის, ქიბარ ხალვაშის, თანამომაწილეობით შექმნილ კომპანია „არტჯგუფზე“ საუბრობდა. ამ კომპანიის წარმომადგენლებმა ბაზარზე მონოპოლისტობა უარყვეს და თავიანთი პოზიციის დამტკიცებაც სცადეს. თუმცა, ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის დავალებით, ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქციას პრემიერ–მინისტრთან შექმნილი სპეციალური ჯგუფი, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები შეითავსებენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ამ სფეროში საქმიანობის გამოცდილება უკვე აქვს:
[ვანო მერაბიშვილის ხმა]“ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ხელოვნური მონოპოლიები არ იყოს. მინდა გითხრათ, რომ ბუნებრივი მონოპოლიები არსებობს შაქარზე... ბუნებრივი კი არა, უფრო სწორად, ხელოვნური მონოპოლიებია. გარკვეული ოლიგარქები აკონტროლებენ საქართველოში შაქრის იმპორტს. ეს არის ძაან სარფიანი ბიზნესი. და ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან კონკრეტული ადამიანები. ასევე არის სხვა ხელოვნური მონოპოლიები. მინდა გითხრათ, რომ ხორცზე და სხვა პროდუქტებზე ჩვენ ხელოვნური მონოპოლიები უკვე გავაუქმეთ. ასევე ვიბრძოლებთ სხვა მონოპოლიების წინააღმდეგ.“
აცხადებს ვანო მერაბიშვილი. მისი და ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების აზრით კი, ხელისუფლებამ აღიარა, რომ მონოპოლიების რეგულირებით თავადაა დაკავებული. საერთოდ კი, შინაგან საქმეთა სამინისტრო გასულ სამუშაო კვირაში სამინისტროს მატერიალური რეზერვებიდან მხოლოდ 800 ტონა მარილის გამოყოფის გამო როდი მოექცა ყურადღების ცენტრში. მარილს ქუთაისში ქურდული სამყაროს წარმომადგენელთა აყვანის ხმაურიანი სპეცოპერაცია და ერთ–ერთი დაკავებულის საცხოვრებელ სახლში პოლიციის განყოფილების განთავსება მოჰყვა.
გასულ სამუშაო კვირაში შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა ძალოვან უწყებებთან ერთად, ახალგაზრდული მოძრაობის ერთ–ერთი მთავარი სამიზნეც იყო. ეს კვირა, საერთოდ, სტუდენტური და ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივობით, მართლაც რომ, განსაკუთრებული გამოდგა. არც პოლიტიკური ოპოზიცია პასიურობდა. მათ კვირის დასაწყისშივე თბილისის მერიაში 2 ნოემბრის აქციის შესახებ შესაბამისი განაცხადი შეიტანეს, კვირის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში რამდენიმე ხალხმრავალი აქცია გამართეს, სამუშაო კვირის ბოლოს კი არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიაციასთან ერთად ჩამოაყალიბეს გეგმა 2 ნოემბრამდე და 2 ნოემბრის შემდეგ. შეხვედრაში მონაწილე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის იყვნენ წარსულში აქტიური პოლიტიკოსებიც, ადრინდელი ფუნქციონერები, თუმცა შეხვედრა წარმომადგენლობითი იყო. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”კონსტიტუციის 42- ე მუხლი” , ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”, ”თანასწორობის ინსტიტუტი”, ”კოალიცია დემოკრატიისთვის” - ამ და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს თანადგომა აღუთქვეს მოძრაობაში, რომელიც, შეხვედრის მონაწილეების შეთანხმებით, არის მოძრაობა ევოლუციისა და არა რევოლუციისთვის. ამ მოძრაობაში კი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთ–ერთი მთავარი ფუნქცია „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარემ შემდეგნაირად გამოხატა:

[კობა დავითაშვილის ხმა]“ თუ ოდესმე შეგვამჩნევთ რაიმეს სიტყვის არდაცვისა, პრინციპებიდან გადახვევისა, თავშივე მოგვეცით ძალიან მკაცრი შენიშვნები. და თქვენი დიდი იმედი გვაქვს ამ საქმეში.” (სტილი დაცულია)

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, ოპოზიციას მოუწოდეს დაფიქრდნენ, რა საქმეს, ვის ინტერესებს ემსახურებიან და რუსეთისაკენ მიუთითეს:

[გივი თარგამაძის ხმა]“ დასაბუთებას ვეცდებით. არის ინფორმაცია, რომ შემოედინება თანხები, რომლის გამღებიც არიან სხვადასხვა ადამიანები, დაწყებული ტარიელ ონიანიდან, დამთავრებული ხუბუტიებით და სპეციალური ორგანოებით. ალბათ, უნდა აცნობიერებდნენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც აცხადებენ, რომ ეროვნულ საქმეს ემსახურებიან, ვის გვერდზე დგანან. ”(სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საჯარო კომენტარით საზოგადოების წინაშე სწორედ გასულ სამუშაო კვირაში გამოჩნდა. იგი აცხადებს, რომ ხელისუფლება პრინციპულად დაიცავს თავის პოზიციას და საქართველოს პარლამენტის არჩევნებს, პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად, 2008 წლის შემოდგომაზე გამართავს. თავის მხრივ, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები განმარტავენ, რომ 2 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან დაწყებული აქცია არ დაიშლება მანამ, სანამ მთავარი მოთხოვნა – საპარლამენტო არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარების მოთხოვნა - არ დაკმაყოფილდება.

XS
SM
MD
LG