Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი საქართველოდან გაუჩინარდა?


ერთი თვე სრულდება, რაც ქართული

საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას შეიარაღებული ძალების ყოფილი უფროსის, ირაკლი ოქრუაშვილის თანამებრძოლის, პოლკოვნიკ ლევან ნიკოლეიშვილის საქართველოდან გაუჩინარების შესახებ. ამ უცნაურ მოვლენაზე არავითარ კომენტარს არ აკეთებს ქვეყნის ხელისუფლება, რაც გაუგებარია თუნდაც იმიტომ, რომ პოლკოვნიკი ნიკოლეიშვილი ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იყო სამხედრო შტაბის უფროსი და, შესაბამისად, ყველა საიდუმლო ინფორმაციაზეც მიუწვდებოდა ხელი. მე ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის ბედითა და მისი გაუჩინარების შესაძლო ნეგატიური შედეგებით დავინტერესდი.

ერთ-ერთი დამფუძნებელი მოძრაობისა ”ერთიანი საქართველოსთვის”, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკი ლევან ნიკოლეიშვილი საზოგადოებამ უკანასკნელად 27 სექტემბერს იხილა. ყოფილი მაღალჩინოსანი მოძრაობის ოფისში იმყოფებოდა სწორედ იმ მომენტში, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯგუფმა პატიმრობაში აიყვანა ირაკლი ოქრუაშვილი. იმ დღიდან მოყოლებული, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი უკვალოდ დაიკარგა. მის ტელეფონზეც მხოლოდ ავტომოპასუხის ხმა ისმის:

[ავტომოპასუხის ხმა] ”ამ მომენტისათვის აბონენტი მიუწვდომელია. დარეკეთ მოგვიანებით.”

აბონენტი, ანუ პოლკოვნიკი ნიკოლეიშვილი, მიუწვდომელია მისივე პარტიული თანამებრძოლებისათვის. მოძრაობა ”ერთიანი საქართველოს” წევრმა, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ყოფილმა ტელეჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ნიკოლეიშვილი უხმაუროდ გაუჩინარდა და მის ასავალ-დასავალს დღემდე ვერავინ მიაკვლია:


[ნანა ლეჟავა] ”ირაკლი რომ დაიჭირეს, იმ საღამოს შემდეგ უკვე აღარ ჩანს. და როგორ მე ვიცი, ოფიციალურად არ ეძებენ, მაგრამ არაოფიციალურად ეძებენ. ცოცხალი არის, ვიცი, მაგრამ არც დაჭერილია. ნუ, რაღაცა საქმეს ”კერავდნენ”, ეგ ზუსტად ვიცით.”

იმის გადასამოწმებლად, არის თუ არა გამოცხადებული დისციპლინური ან სისხლის სამართლის დევნა გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის სახელზე, ჩვენ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციას დავურეკეთ და ინფორმაციის გადამოწმება ვთხოვეთ. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ არჩილ მამაგეიშვილმა რადიო ”თავისუფლებას” დევნის ფაქტი არ დაუდასტურა:

[არჩილ მამაგეიშვილის ხმა] ”კი, კი, გადავამოწმეთ და ოფიციალურად არაფერი არა გვაქვს.”

პოლკოვნიკ ლევან ნიკოლეიშვილის სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ ინფორმაცია არც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტში აქვთ. ამ კომიტეტის წევრმა ”ნაციონალური მოძრაობიდან”, ირაკლი ქავთარაძემ, რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ მისთვის უცნობია გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის ადგილმდებარეობა:

[ირაკლი ქავთარაძის ხმა] ”თუ ქვეყანა დატოვა და ეგეთი რაღაცეები, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ, როგორც მე ვიცი, არანაირი პრობლემა [ლევან ნიკოლეიშვილის მიმართ] არ ჰქონდა არავის.”(სტილი დაცულია)

არადა, პოლკოვნიკ ლევან ნიკოლეიშვილის უგზო-უკვლოდ გაუჩინარება არარეალურად გამოიყურება მისი ბიოგრაფიის გათვალისწინებით. ამერიკისა და დასავლეთის პრესტიჟული სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებულ ოფიცერს ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ჯერ უშიშროების მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა, 2004 წლის ბოლოს კი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა და ამ პოსტზე 2 წელი დაყო. ლევან ნიკოლეიშვილი 2006 წლის ბოლოს, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, სამხედრო შტაბის მმართველობას ჩამოაშორეს და თავდაცვის მინისტრის სამოქალაქო მოადგილედ დანიშნეს. ამ პოსტზე იგი 2007 წლის აგვისტომდე რჩებოდა. ორი თვის წინ ნიკოლეიშვილმა თავდაცვის მინისტრის სახელზე თანამდებობიდან გადადგომის პატაკი დაწერა და ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დაფუძნებულ მოძრაობაში გაწევრიანდა, სადაც, როგორც ზემოთ ითქვა, აღარ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარ ოფისში დააპატიმრა. ლევან ნიკოლეიშვილის გაუჩინარებით დაინტერესდა არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალი და თვისუფლების” ადვოკატი შალვა თადუმაძე. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ადვოკატი ასკვნის, რომ გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს გარკვეული პირობით საქართველოდან წასვლის შესაძლებლობა მისცეს:


[შალვა თადუმაძის ხმა] ”მე ვფიქრობ, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და, შესაბამისად, მის მიმართ კითხვები აღარ ჰქონდა გამოძიებას და ამის შემდეგ იგი, თავისი თავისუფლების უზრუნველსაყოფად, იგი საზღვარგარეთ გააგრძელებს ცხოვრებას.”(სტილი დაცულია)

როგორც ცნობილია, საქართველოდან გაქცევით უშველეს თავს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და სამხედრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ალექსანდრე სუხიტაშვილმა და სამხედრო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა იასონ ჩიხლაძემ. ორივე ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა, ისევე როგორც პოლკოვნიკი ლევან ნიკოლეიშვილი. საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვებული ერთბაშად ამდენი სამხედრო მაღალჩინოსნის ქვეყნიდან წასვლამ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა ქვეყანაში ფიქციად აქცია, - უთხრა რადიო ”თავისუფლებას” დამოუკიდებელმა სამხედრო ექსპერტმა, პროფესორმა კახა კაციტაძემ:

[კახა კაციტაძე] ” გენშტაბის უფროსს აქვს რაღაც ძალიან მაღალი დონის საიდუმლო დოკუმენტებზე დაშვება. და ეს ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტებს გრიფი ”საიდუმლო” მოვხსნათ და თავისუფლად გადმოვცეთ თქვენს რადიოსადგურში, ან გამოვაქვეყნოთ რომელიმე გაზეთში.”(სტილი დაცულია)

როცა პრობლემის მოგვარება არ ხერხდება, იგი უნდა გადაიტანო. და საქართველოს ხელისუფლებაც ცდილობს გადაიტანოს ის დარტყმა, რაც მისივე ნდობით აღჭურვილმა მაღალჩინოსნებმა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას მიაყენეს. საქართველოს პრეზიდენტის ამასწინანდელი განცხადებით, სულ მალე სრულიად განახლდება ტექნიკა და შეიარაღება, რაც ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროს იქნა შესყიდული. ტექნიკასა და შეიარაღებასთან ერთად ხელისუფლება ცდილობს მეხსიერებიდან ამოშალოს ირაკლი ოქრუაშვილისა და ლევან ნიკოლეიშვილის მოღვაწეობის კვალიც. თავდაცვის სამინისტროს საიტიდან გაქრა 2005 წლის 26 მაისის სამხედრო აღლუმის ამსახველი ის ფოტოები, რომელზეც ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი გენერალური შტაბის უფროსები იყვენენ გამოსახულნი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG