Accessibility links

logo-print

რა ხდება საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში


პეკინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე

ერთ წელზე ნაკლები რჩება, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკის) აღმასკომი კი, მასშტაბური სპორტული ფორუმისთვის მზადების პარალელურად, სხვა, უფრო მიწიერი, პრობლემების გადაჭრითაცაა დაკავებული. საქმე ის არის, რომ პოლიტიკურმა ვნებათაღელვამ, ხელისუფლებისა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის დაპირისპირების სახით, ყველაზე მშვიდობიან ორგანიზაციაშიც კი შეაღწია. ამჟამად სეოკის პრეზიდენტის თანამდებობიდან ჯერ გადაყენებულ, შემდეგ კი საკუთარი ნებით გადამდგარ ბადრი პატარკაციშვილს, პირველი ვიცე-პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის ნაცვლად, ვიცე-პრეზიდენტი გოგი თოფაძე ცვლის. მე შევეცადე გამერკვია, რა ხდება ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, როგორ ემზადება სეოკი პეკინის ოლიმპიადისთვის და რატომ არჩიეს კომიტეტის აღმასკომის წევრებმა თოფაძე ხაბელოვს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, აღიარებითი ჩვენების გამოქვეყნების შემდეგ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრებმა სეოკის პრეზიდენტი შეთქმულების ორგანიზებაში დაადანაშაულეს, 9 ოქტომბერს საგანგებოდ მოწვეულმა სხდომამ კი, 19 ხმით ერთის წინააღმდეგ, ბადრი პატარკაციშვილს უფლებამოსილება შეუჩერა. სეოკის აღმასკომის წევრი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გიორგი გაბაშვილი ამბობს, რომ კარგად ესმის, თუ რატომ გამოუცხადეს სპორტული ფედერაციების მესვეურებმა უნდობლობა ბადრი პატარკაციშვილს:

[გიორგი გაბაშვილის ხმა] „მათ არ უნდათ ჰქონდეთ საქმიანი კავშირი ადამიანთან, რომელიც არის გახვეული სკანდალებში მუდმივად. ბოლო სკანდალი ეს არის ცილისმწამებლური კამპანიის წარმოება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის დადანაშაულება პოლიტიკურ მკვლელობებში და ასე შემდეგ.“(სტილი დაცულია)

გიორგი გაბაშვილი ასევე აქტიურობდა ორიოდე დღის წინ - 24 ოქტომბერს -გამართულ აღმასკომის სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობა უნდა გარკვეულიყო. სეოკის წესდების თანახმად, გადადგომის შემთხვევაში, პრეზიდენტი პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა უნდა შეცვალოს, მაგრამ აღმასკომის წევრებმა ლერი ხაბელოვს, რომელიც ორიოდე კვირის წინ თავგამოდებით იცავდა ბადრი პატარკაციშვილს, ვიცე-პრეზიდენტი გოგი თოფაძე არჩიეს. უნდა ითქვას, რომ ასეთი არჩევანის გამო უკმაყოფილების დამალვა არ უცდია თავად ლერი ხაბელოვს:

[ლერი ხაბელოვის ხმა] „ვერ გამიგია, რატომ ვარ მიუღებელი ხელისუფლებისთვის. მე არავისთან არ ვარ შეთანხმებული, მე ვარ დამოუკიდებელი პიროვნება, ცალკე განვაგებ ჩემს ცხოვრებას. ამიტომ მე გეკითხებით თქვენ - რატომ ვარ მიუღებელი მთავრობისთვის? ალბათ, იმიტომ, რომ 5-ჯერ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი და ერთხელ ოლიმპიადა მოვიგე! და, ალბათ, იმიტომაც, რომ უმცირესობის წარმომადგენელი ვარ, ეროვნებით ოსი!“

თუმცა ხაბელოვის პასუხად ითქვა, რომ ეთნიკური წარმომავლობის გამო საქართველოში არავის დევნიან. პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილი ამბობს, რომ მთავრობის სტრატეგია სპორტთან მიმართებით მარტივი და მკაფიოა:

[ნოდარ გრიგალაშვილის ხმა] „სახელმწიფოებრივი ამოცანაა ქართულმა სპორტმა საერთაშორისო რადიუსით გაიტანოს საქართველოს სახელი. ამ ამოცანას ვინც შეასრულებს, ჩვენი მხარდამჭერი ის არის და ჩვენ მისი მხარდამჭერი ვართ. ვინც, ამ ამოცანის ნაცვლად, დაიწყებს საკუთარ ქონებაზე ზრუნვას და გამოიყენებს ამ კომიტეტის წევრობას შირმად, ჩვენ მათ დაკრულზე ვერ ვიცეკვებთ.“(სტილი დაცულია)

ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტისადმი ხელისუფლების ამგვარ დამოკიდებულებას ბევრი ოპონენტი ჰყავს. საქართველოს პარლამენტის წევრი და მთამსვლელთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი გია თორთლაძე წამყვანი სპორტული სახეობების მმართველ სტრუქტურებში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მოძალებას აპროტესტებს:

[გია თორთლაძის ხმა] „სპორტი, ისევე როგორც სასამართლო, ისევე როგორც პარლამენტი და სხვა რომელიმე დაწესებულება, ასევე აქვს უზურპირებული ხელისუფლებას. ეს სჭრდება მართვისთვის. როცა ყველა სფეროს აკონტროლებ, მართავ სრულად ქვეყანას. ეს ქართულ სპორტს მოუტანს სავალალო შედეგს და ამას ვნახავთ სულ მალე.“(სტილი დაცულია)

თუმცა, ვიდრე მოსალოდნელ შედეგებზე ვილაპარაკებთ, კვლავ სეოკის აღმასკომის სხდომას დავუბრუნდეთ. მაინც რატომ თოფაძე და არა ხაბელოვი? რადიო ”თავისუფლების“ მიერ დასმულ ამ შეკითხვას აღმასკომის წევრი და ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე ასე უპასუხებს:

[გიორგი ასანიძის ხმა] „ბატონ ლერის რამდენჯერმე შეთავაზებაც ჰქონდა, მაგრამ მან ამ ყველაფერზე უარი თქვა. შემდეგ ბატონ გოგის შესთავაზეს. სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა აზრი ბატონმა ლერიმ და მან მოინდომა მოვალეობის შესრულება. რაღაც ორმაგი თამაშივით გამოდიოდა, რაც კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას სძენდა შექმნილ მდგომარეობას. არადა, ოლიმპიადამდე 9-10 თვეა დარჩენილი და ვიღაცის ამბიციებზე მოცდენა და თანამდებობებზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ ჩვენი - მათ შორის, ბატონი ლერის - მიზანია, რომ ოლიმპიურ თამაშებზე იყოს წარმატება.“(სტილი დაცულია)


ოლიმპიურ თამაშებზე წარმატების მისაღწევად კი, რაზეც გიორგი ასანიძე ლაპარაკობს, პირველ რიგში, ორგანიზაციული საკითხებია მოსაგვარებელი. სეოკის გენერალური მდივნის ემზარ ზენაიშვილის თქმით, კომიტეტის სესია, რომელიც მართვის უმაღლესი ორგანოა, მიმდინარე წლის 14 დეკემბერს შეიკრიბება. შედეგად, დელეგატები ან გაუგრძელებენ გოგი თოფაძეს უფლებამოსილების ვადას, ან არადა, დასახელდება პრეზიდენტის არჩევნების თარიღი. ემზარ ზენაიშვილი იმედოვნებს, რომ შექმნილი სირთულეები არ შეაფერხებს ქართველი სპორტსმენების სამზადისს:

[ემზარ ზენაიშვილის ხმა] „სამწუხაროდ, ტემპი არ არის სასურველი, მაგრამ ეს ჯერ არაფერს არ ნიშნავს, რამეთუ გვრჩება 8-10 თვე სალიცენზიო ბატალიებისა. ახლაც მიმდინარეობს ორი მსოფლიო ჩემპიონატი: ერთი ჩიკაგოში, კრივში, მეორე კი - ბატუტზე ხტომაში - სამი დღის შემდეგ კანადაში დაიწყება. ამჟამად ჩვენ გვყავს 17 ლიცენზირებული სპორტსმენი, მაგრამ ყველა გამოთვლით, ყველა პროგნოზით, უნდა ვიყოთ უფრო მეტნი, ვიდრე ვიყავით სიდნეიში ან ათენში, დაახლოებით 35-40 კაცი.“ (სტილი დაცულია)

ემზარ ზენაიშვილმა რადიო ”თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სიდნეისა და ათენის ოლიმპიადები ახსენა. ცნობისათვის ვიტყვი, რომ ქართველი სპორტსმენები საქართველოს სახელით ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 1996 წლიდან იღებენ. არადა, როგორც საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი ამბობს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გაცილებით ადრე შეიქმნა:

[ელგუჯა ბერიშვილის ხმა] „სეოკი შეიქმნა 1989 წლის 6 ოქტომბერს. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ეს იყო პირველი შემთხვევა. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში გაწევრიანებას რამდენიმე წელი დასჭირდა და ეს მოხდა 1992 წელს, როცა ჩვენი ორგანიზაცია აღიარეს დროებით წევრად. 1993 წელს კი გავხდით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სრულუფლებიანი წევრი.“

ელგუჯა ბერიშვილის თქმით, სეოკმა ბადრი პატარკაციშვილამდე ორი ხელმძღვანელი გამოიცვალა. ნონა გაფრინდაშვილისა და ჯანო ბაგრატიონის შემდეგ, ქართველი მულტიმიონერი პრეზიდენტად 2004 წლის დეკემბერში აირჩიეს. სწორედ პატარკაციშვილის დროს ათენის ოლიმპიადაზე მოიპოვა საქართველომ პირველი ოლიმპიური ოქრო, თუმცა რა მოხდება პეკინში, შეძლებენ თუ არა ქართველი სპორტსმენები შედეგის გაუმჯობესებას, ძნელი სათქმელია. ჯერჯერობით სეოკს, მედლებთან ერთად, ოლიმპიური სიმშვიდეც სანატრელი აქვს.

XS
SM
MD
LG