Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურთი მეამბოხეების პრობლემა და ნაციონალიზმის აღზევება თურქეთში


ბოლო ხანს ძალიან დაიძაბა ურთიერთობა თურქეთსა და ერაყს შორის: საქმე ეხება ქურთი მეამბოხეების პრობლემას.

ისინი (თურქეთში აკრძალულ ორგანიზაცია “ქურთისტანის მუშათა პარტიის” მეომრები) ერაყის ტერიტორიიდან ახორციელებენ თავდასხმებს თურქეთში, რის შემდეგაც ისევ ერაყში განთავსებულ ბაზებზე ბრუნდებიან. ანკარა და ბაღდადი, დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, ვერ შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ერაყიდან თავდასხმების პრობლემა. ამასობაში კი დაძაბულობა სულ უფრო მწვავდება.

მთელს თურქეთს მოედო საპროტესტო ტალღა, როცა ცნობილი გახდა, რომ ქურთისტანის მუშათა პარტიის მეომრებმა 21 ოქტომბერს 12 თურქი ჯარისკაცი მოკლეს. თურქი დემონსტრანტები ეროვნულ დროშებს აფრიალებდნენ და მთავრობისაგან მკაცრ საპასუხო ზომებს მოითხოვდნენ.

[დემონსტრანტების შეძახილები]

ეს ჩანაწერი ქალაქ შირნაკშია გაკეთებული. რამდენიმე ქალაქში თურქმა დემონსტრანტებმა დაარბიეს და დაწვეს პრო-ქურთული პოლიტიკური ორგანიზაციის, “დემოკრატიული საზოგადოების პარტიის” ოფისები. ეს პარტია ბოლოხანს პარლამენტშიც არის წარმოდგენილი.

ბევრი ექსპერტი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ვითარება შესაძლოა აღარ დაექვემდებაროს კონტროლს. ამერიკელი ექსპერტი, მაიკლ რუბინი ასეთი შთაბეჭდილებით დაბრუნდა თურექთიდან:
[რუბინის ხმა] "სტამბოლში შექმნილმა ატმოსფერომ მომაგონა ატმოსფერო, რომელიც ვაშინგტონსა და ნიუ იორკში სუფევდა 11 სექტემბრის ტერაქტების მერე. ეს არ იყო ქურთისტანის მუშათა პარტიის ერთი თავდასხმა. ეს უკვე მესამე იყო თავდასხმათა იმ სერიაში, რომელიც თითქმის ყოველ კვირას, ან ყოველ მეორე კვირას ხორციელდებოდა. ასე რომ, ეს მართლაც კულმინაცია იყო. მან მოთმინების ფიალა აავსო."

ამერიკელი ექსპერტის ამ შეფასებას იზიარებს თურქი ჟურნალისტი მუსტაფა აქიოლი, გაზეთ “თურქიშ დეილი ნიუსის” რედაქტორის მოადგილე, რომელიც შიშობს, რომ თურქებში გავრცელებული მკვეთრი უკმაყოფილება, შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს სრულიად უდანაშაულო ადამიანებისთვის, თურქეთის მკვიდრი რიგითი ეთნიკური ქურთებისთვის.

[აქიოლის ხმა] "თურქეთმა მიზანში უნდა ამოიღოს ქურთისტანის მუშათა პარტია - მხოლოდ და მხოლოდ ის - და უნდა ეცადოს, კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს ერაყის ხელისუფლებასთან (ანუ, ჩრდილოეთი ერაყის ქურთულ ადმინისტრაციასთან). მან უაღრესად ფრთხილად უნდა იმოქმედოს საკუთარი საზოგადოების შიგნით, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი სახის ეთნიკური დაპირისპირება."

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთს 100 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს თავმოყრილი ერაიყს საზღვართან, ერაყის ტერიტორიაზე ქურთი მეამბოხეების ბაზების წინააღმდეგ მიმართული შესაძლო ოპერაციის განსახორციელებლად.
XS
SM
MD
LG