Accessibility links

თავიდან აცილებული “მსხვილმასშტაბიანი ტერაქტი” აზერბაიჯანში


თავიდან აცილებული ტერაქტის თემა კვლავაც აქტუალურია აზერბაიჯანში. ამ ქვეყნიდან ორშაბათს გავრცელდა ინფორმაცია,

რომ უშიშროების ძალებმა აღკვეთეს "მსხვილმასშტაბიანი ტერაქტი”, მიმართული საკვანძო ობიექტებისა და დასავლეთის ქვეყნების საელჩოების წინააღმდეგ. საქმე რომ სერიოზულ საფრთხეს ეხებოდა, იმითაც დასტურდება, რომ აზერბაიჯანში ბრიტანეთის საელჩო დროებით დაიხურა, ხოლო აშშ-ის საელჩო შეზღუდულ რეჟიმში მუშაობას შეუდგა.

უსაფრთხოების საგანგებო ზომები კვლავაც ძალაშია აზერბაიჯანში ბრიტანეთისა და აშშ-ის საელჩოებში. ჩვენი რადიოს აზერბაიჯანულ სამსახურთან ინტერვიუში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონათან ჰენიკმა გუშინ განაცხადა: [ჰენიკის ხმა] “საელჩო დღეს შეზღუდულ რეჟიმში მუშაობას შეუდგა სალჩოს უსაფრთხოებისთვის შექმნილი მუქარის გამო. საელჩო ღია რჩება, მაგრამ ზღუდავს მომსახურებას, რომელსაც ჩვეულბრივ სთავაზობს ვიზის მიღების მსურველებსა და ამერიკის მოქლაქეებს”.

მაინც რა საფრთხე შეექმნა საელჩოს, ამ ოფიციალურ პირს არ დაუზუსტებია. შედარებით დეტალური იყო ინფორმაცია, რომელიც ჩვენმა აზერბაიჯანელმა კოლეგებმა მიიღეს აზერაბიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტროს პრეს-მდივნის, არიფ ბაბაევისაგან. მისი თქმით, დაპატიმრებულია ტერორისტული ჯგუფის რამდენიმე წევრი: [ბაბაევის ხმა] “აღკვეთილია ტერორისტული თავდასხმა, რომელიც კრიმინალურ ჯგუფს უნდა განეხორციელებინა სახელმწიფო ობიექტებისა და ანტიტერორისტული კოალიციის წევრი ქვეყნების საელჩოთა წინააღმდეგ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს ოპერაცია, რომლის მიზანიცაა კრიმინალური ჯგუფის დანარჩენი წევრების ნეიტრალიზება”.

ცნობებით, რომელთაც საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ, ოპერაცია, მიმართული ტერაქტის მზადებაში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ, გასული კვირის ბოლოს დაიწყო. უშიშროების ძალებმა შაბათს შეიპყრეს ექსტრემისტული ჯგუფის რამდენიმე წევრი ბაქოს მახლობლად, მოკლულია ერთი მამაკაცი, რომელმაც შეიარაღებული წინააღმდეგობა გასწია. გარდა ამისა, უშიშროების ძალებმა ამოიღეს დიდი რაოდენობით იარაღი და ექსტრემისტული ლიტერატურა. საინფორმაციო სააგენტო “ასოშიეიტიდ პრესის” ცნობით, მიკვლელული იარაღის ნაწილი მოპარული იყო აზერბაიჯანის არმიის ლეიტენანტ კამრან ასადოვის მიერ. ამ უკანასკნელმა რამდენიმე დღის წინ წაიღო თავისი ქვედანაყოფიდან 20 ხელყუმბარა, რამდენიმე ავტომატური იარაღი და ტყვია-წამალი ტერორისტული თავდასხმისთვის მზადებასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ოფიციალური წყარო ავრცელებს. ამ, ოფიციალური წყაროს ცნობით, დაპატიმრებული ეჭვმიტანილები ვაჰაბიზმის მიმდევრები არიან.

შეგახსენებთ, რომ ვაჰაბიზმი არის სუნიტურ ისლამთან დაკავშირებული რელიგიურ-პოლიტიკური მიმდინარეობაა, საუდის არაბეთის ოფიციალური რელიგია, რომელსაც სხვა ქვეყნებშიც ჰყავს მიმდევრები. ვაჰაბიტებს შორის არის ტერორისტულ ქსელ “ალ-ყაიდის” მრავალი წევრი, მათ შორის ოსამა ბინ-ლადენი.
XS
SM
MD
LG