Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელ ”24 საათში” ქვეყნდება ”მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” თავმჯდომარის,

ფილოსოფოს გია ნოდიას წერილი, სათაურით ”კონსტიტუციონალიზმი და პოლიტიკური მიზანშეწონილება”. ”ადრეული არჩევნების მოთხოვნა, რაც დღეს ოპოზიციის ძირითადი გამაერთიანებელი და შთამაგონებელია, ორი არგუმენტითაა გამაგრებული”, - წერს ნოდია და დასძენს, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ორი არგუმენტი ერთმანეთს ასუსტებს. ავტორის აზრით, ოპოზიციის არგუმენტი კონსტიტუციის შარშანდელი შესწორების არაკონსტიტუციურობის თაობაზე ძლიერია. შეგახსენებთ, საუბარია კონსტიტუციაში საპარლამენტო და საპრეზიდეტნო არჩევნების კონსტიტუციური ვადის შეცვლაზე. ნოდიას თანახმად, შარშანდელი შესწორებით ”პარლამენტმა საკუთარი შრომითი კონტრაქტი დაახლოებით ნახევარი წლით გაიგრძელა ისე, რომ მეორე მხარეს - ხალხს - არაფერი ჰკითხა. აქედან გამომდინარე, 2008 წლის აპრილის შემდეგ ნებისმიერ მოქალაქეს ექნება მორალური უფლება, პარლამენტს ”უზურპატორი” დაუძახოს”, - წერს ნოდია, თუმცა ეჭვობს, რომ 2 ნოემბერს ხალხი აქციაზე სწორედ ამის სათქმელად მივიდეს. ”რეალობა შემდეგია, - ფიქრობს ის, - საზოგადოებაში დაგროვდა უკმაყოფილება სხვადასხვა საკითხზე, ოპოზიციამ მუნიციპალური არჩევნების შემდგომი დეპრესიიდან გამოსვლა დაიწყო, ხოლო ოქრუაშვილის დაპატიმრება და მასზე რეაქცია თავის უკანასკნელ შანსად დაინახა.”

”ახალი თაობა” ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ბოლო განცხადებას ეხმაურება: ”ბადრი პატარკაციშვილი თუ ასეთი საშიში იქნებოდა სააკაშვილის რეჟიმისთვის, არავინ ელოდა. გუშინ მმართველ პარტიაში კოლექტიური ისტერიკა გუგუნებდა. ვისაც არ ეზარებოდა, ბიზნესმენს ლანძღავდა და წყევლიდა მხოლოდ იმიტომ, რომ მან ოფიციალურად განაცხადა მზადყოფნა, ფინანსური დახმარება გაეწია ოპოზიციისთვის”, - წერს ავტორი და დასძენს: ”პატარკაციშვილმა არაერთხელ თქვა მთელი ქართული ბიზნესის სათქმელი მაშინ, როცა მისი ვითომ მეგობარი ბანკირები და მაგნატები ბიზნესმენის გამოსვლისას შიშისგან სველდებოდნენ, ჩვენც არ დაგვბრალდეს, რომ პატარკაციშვილს ვეთანხმებითო. პატარკაციშვილის დამოუკიდებლობა და უშიშრობა იყო კიდეც ნაციონალური მოძრაობის მისდამი დაპირისპირების მიზეზი.”

”რეზონანსი” კი ანგარიშობს თანხას, რომლის მიღებასაც შეძლებს ოპოზიცია ბადრი პატარკაციშვილისგან მოქმედი კანონმდებლობის პირობებში. ”თუ ოპოზიციონერები კონსტანტინე გამსახურდიას მოწოდებას გაითვალისწინებენ და ამ ფულს ერთ ყულაბაში მოაქცევენ, ჯამში მილიონ სამასი ათას ლარს მიიღებენ”, - წერს გაზეთი და განმარტავს: ”კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური გაერთიანების შემომწირავ ფიზიკურ პირს წელიწადში 30 ათასი ლარის გაღება შეუძლია, ხოლო იურიდიული პირის შემოწირულობის თანხა წელიწადში 100 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.” - ამგვარ განმარტებაზე დაყრდნობით, ”რეზონანსის” ავტორი გამოთვლის: ”’გაერთიანებულ ეროვნულ საბჭოში’ 10 პარტია შედის. აქედან გამომდინარე, პატარკაციშვილს შეუძლია საპროტესტო აქციებისთვის მილიონი ლარი გაიღოს თავისი რომელიმე ფირმის ანგარიშიდან. მას ასევე შეუძლია, რომ ამავე პარტიებს 30-30 ათასი შესწიროს, ოღონდ როგორც ფიზიკურმა პირმა”. ”რეზონანსი” წერს, რომ პატარკაციშვილის გადაწყვეტილების გამო შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობამ ”პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილებები შეიტანოს.
XS
SM
MD
LG