Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''სამართალი აღესრულა'': ესპანეთში განაჩენები გამოუტანეს მადრიდის ტერაქტის მომწყობ პირებს


სამ წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ესპანეთის დედაქალაქში ერთმანეთის მიყოლებით 10 ბომბი აფეთქდა:

ეს იყო ესპანეთის, მთელი ევროპის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე უფრო მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა, რომელმაც 191 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დღეს მთელს მსოფლიოში ისევ იხსენებენ 2004 წლის 11 მარტს: მიზეზი არის ის, რომ სასამართლომ მადრიდში, სამწლიანი სასამართლო პროცესის ბოლოს, განაჩენები გამოუტანა ტერაქტების მომწყობთ.

28 ბრალდებულიდან სასამართლომ დამნაშავედ სცნო 21, 7 კი გაამართლა. დამნაშავედ ცნობილებს შორის 4 კაცი, შეიძლება ითქვას, მთავარი მსჯავრდებულები, ტერაქტების ორგანიზატორებად იქნენ მიჩნეული. მათ შორის არის ოტმან ელნაუი, მაროკოს მოქალაქე, რომელიც მოსამართლის მიერ წაკითხული განაჩენის შემდეგ მონაკვეთშია ნახსენები:

[ესპანელი მოსამართლის ხმა] “ჩვენ დამნაშავედ უნდა ვცნოთ და დამნავედ ვცნობთ ოთმან ელ ნაუის შეიარაღებული ჯგუფისა და ტერორისტული ორგანიზაციის დანაშაულის, 191 შემთხვევაში ტერორისტული მკვლელობის, 1856 შემთხვევაში მკვლელობის მცედლობის, ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული 4 დანაშაულისა და ტერორისტული მიზნით ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების ორგანიზების გამო.”

ტერაქტების ორგანიზატორებს, მათ შორის ზემოხსენებულ ელ ნაუის, რამდენიმე საუკუნით პატიმრობა მიუსაჯეს. საქმე ის არის, რომ ესპანეთის კანონდმებლობა არ ითვალისწინებს სამუდამო პატიმრობას, მაგრამ დაშვებულია ცალკეული დანაშაულებისთვის გათვალისწინებული პატიმრობის ვადების შეჯამება. მეორე მხრივ, პატიმრობის მაქსიმალური ვადა, რეალურად, 40 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

ასე, შეიძლება ითქვას, მშვიდად დასრულდა სასამართლო პროცესი, რომელიც 2004 წლის 11 მარტის საზარელ ტერაქტებს მოჰყვა: აფეთქებები მოეწყო, როგორც ცნობილია, დილას, სამსახურში მიმავალი ხალხით სავსე მატარებლებში. დაიღუპა 191 ადამიანი, 1800-ს გადააჭარბა საავადმყოფოებში მოთავსებული დაჭრილების რიცხვმა.

მაშინდელმა, კონსერვატიულმა მთავრობამ პასუხისმგებლობა თავდაპირველად ბასკ სეპარატისტებს დააკისრა. მაგრამ მალე გაირკვა, რომ ეჭვმიტანილების უმრავლესობას წარმოშობით ჩრდილოეთ აფრიკელები შეადგენდნენ, ზოგ მათგანს ისლამისტურ ძალებთან კავშრი ჰქონდა, თუმცა "ალ-ყაიდასთან" კავშირი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაადგინეს.

მადრიდის ტერაქტებს მალე მოჰყვა მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ხოსე მარია ასნარის მთავრობის გადადგომა, ესპანეთმა ერაყიდან ჯარები გაიყვანა, და დღემდე არ წყდება დებატები იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს ესპანეთის საგარეო პოლიტიკა, როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება მუსლიმან იმიგრანტებს მიმართ.

დღეს გამოტანილი განაჩენის შეფასება კი ლაკონური იყო: პრემიერ-მინისტრ ლუის როდრიგეს საპატეროს სიტყვებით, “სამართალი აღესრულა”.
XS
SM
MD
LG