Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ უმჯობესდება პატიმართა მდგომარეობა საქართველოში


ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ მოუწოდებს საქართველოს

მთავრობას დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციის შესასრულებლად. კომიტეტის დასკვნით მიმოხილვაში, რომელიც 2007 წლის 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა, გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში შექმნილი მდგომარეობის გამოც. კერძოდ, ნათქვამია, რომ გადატვირთულობის, საკვების ცუდი ხარისხისა და მწირი რაციონის თვალსაზრისით, დაკავების ადგილებში პირობები კვლავ არასახარბიელოა. პრობლემის არსებობის ფაქტს არ უარყოფენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, რომლის მონაცემებითაც, 2007 წლის სექტემბერში პატიმართა და მსჯავრდებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს, 20 ათასს, მიაღწია. რატომ ვერ უმჯობესდება პატიმართა მდგომარეობა საქართველოში?

საპატიმროების გადატვირთულობის პრობლემა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს წლების წინაც აწუხებდა. პატიმართა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სუფთა ჰაერი და საწოლი სამი-ოთხი წლის წინაც სანატრელი იყო.

[პატიმრის ხმა] „მთელი ცხოვრება აქვს ხალხს მისჯილი, ზოგს - 15-20 წელი, და წარმოიდგინეთ ხუთი და ექვის კაცი ცხოვრობს რაღაც სამ კვადრატულ მეტრ ფართობში. ხომ რთულია, არა?“(სტილი დაცულია)

ეს ინტერვიუ სამი წლის წინ ერთ-ერთ საპატიმროშია ჩაწერილი. არადა, 2004 წელს, იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, დღევანდელთან შედარებით, თითქმის სამჯერ ნაკლები - 7 ათასი - პატიმარი და მსჯავრდებული ირიცხებოდა. ნანა კაკაბაძე, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ , პენიტენციურ სისტემაში შექმნილ მდგომარეობას ასე აღწერს:

[ნანა კაკაბაძის ხმა] „როდესაც ერთ საწოლზე მოდის ხუთი და ექვსი პატიმარი, მათ, დაწოლის კი არა, დაჯდომის საშუალებაც არა აქვთ. ეს არის წამების ტოლფასი მოპყრობა და ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღნიშნავენ.“

საერთაშორისო ორგანიზაციები მართლაც აღნიშნავენ, რომ სასჯელაღსრულებითი სისტემის გადატვირთულობა ძირს უთხრის ჰუმანური პენიტენციური სისტემის შექმნისკენ მიმართულ ძალისხმევას. არადა, როგორც ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის მოადგილე ლალი ჩხეტია განმარტავს, მოქმედი კანონებით დადგენილია პატიმრის საყოფაცხოვრებო პირობების მინიმალური სტანდარტი:

[ლალი ჩხეტიას ხმა] „ასეთ სტანდარტად დადგენილია 2,5-3,0 კვადრატული მეტრი, შესაბამისად, არასრულწლოვანების, ქალებისა და მამაკაცებისთვის, თუმცა რეალურად მე-5 საპყრობილეში ნახევარი კვადრატული მეტრიც კი არ არის თოთოეულ პატიმარზე.“

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, პატიმართა და მსჯავრდებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში შეინიშნება და ამის მიზეზი, როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, მართლწესრიგის სისტემაში კორუფციის შემცირება და კანონების გამკაცრებაა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ვიღებთ ძალიან მკაცრ კანონს, რომელიც საშუალებას იძლევა დაადგინოს ვინ არის ეს ხალხი და სათანადოდ დასაჯონ...“

უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მსგავსი ინიციატივით არაერთხელ გამოსულა. ყოველივე ეს კი დეპუტატ კახა კუკავას აფიქრებინებს, რომ ხელისუფლება პატიმრების რაოდენობის გაზრდითაა დაინტერესებული:

[კახა კუკავას ხმა] „ეს არის ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკა. მას სურს, რომ ჰყავდეს ბევრი პატიმარი და ამით დათესოს საზოგადოებაში შიში. თუ დააკვირდებით იმ კატეგორიას სისხლის სამართლის დამნაშავეთა, რომლებიც ციხეში სხედან, შეიცვალა არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ პროპორცია დამნაშავეთა კატეგორიების მიხედვით.“

კახა კუკავას თქმით, საპატიმროებში მკვეთრად იზრდება ნარკოტიკების მომხმარებლებისა და ეკონომიკური დანაშაულის გამო მსჯავრდებულ პირთა რაოდენობა. ზრდის ამგვარ ტენდენციას ადასტურებს ელენე თევდორაძე, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე:

[ელენე თევდორაძის ხმა] „თუ ერთი კვირის წინ მეხუთე იზოლატორში იყო 5 ათასამდე პატიმარი, დღეს არის 5 ათას 262. როგორც მე მეუბნებიან, პოლიტიკა არის ერთადერთი: უნდა გაუმჯობესდეს კრიმინოგენური სიტუაცია, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, არ შეწყდეს კორუფციასთან ბრძოლა. აი, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა, მაგრამ რამდენად გონივრულად ხორციელდება ეს? ვფიქრობ, რომ არა!“

თუმცა თავად ელენე თევდორაძე ამბობს, რომ ხელისუფლებაში მის ამ მოსაზრებას ბევრი არ იზიარებს. მთავრობის პოლიტიკა, როგორც ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა სულ ახლახან პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, ახალი საპატიმროების აშენებას ითვალისწინებს:

[ნიკა გილაურის ხმა] „წარმოგიდგენთ პროექტს, რომლის მიხედვითაც, 350 მლნ ლარი გადანაწილებულია შემდეგნაირად: 6 მლნ ლარს მიიღებს იუსტიციის სამინისტრო ციხეების მშენებლობისათვის...“

ფინანსთა მინისტრის გარდა, ახალი ციხეების მშენებლობის შესახებ ლაპარაკობენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებიც. ირინა ცინცაძის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კომენტარი:

[ირინა ცინცაძის ხმა] „გლდანში შენდება 4 ათას პატიმარზე გათვლილი ციხე, რომელიც ჩაანაცვლებს მეხუთე და პირველ საპყრობილეებს. შენდება 1000-1000 კაცზე გათვლილი ციხეები დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში. რემონტდება გეგუთის საპყრობილე, რომელსაც დაემატება ათასკაციანი კორპუსი“..

ირინა ცინცაძის თქმით, ციხეებისა და ორასადგილიანი ახალი საავადმყოფოს მშენებლობა უახლოესი თვეების განმავლობაში დასრულდება, რამაც მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს პატიმართა ყოფითი პირობები. გარდა ამისა, მომავალი წლიდან ასევე იგეგმება თითოეული პატიმრის შენახვისთვის გათვალისწინებული ყოველთვიური თანხის თითქმის გაორმაგება და ოთხმოც ლარამდე გაზრდა. ირინა ცინცაძე კიდევ ერთ რევოლუციურ სიახლეზე საუბრობს: 2007 წლის ნოემბრიდან სახელმწიფო პატიმართა და მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის დაზღვევას დააფინანსებს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG