Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არ წავახალისოთ ძალადობა დაუსჯელობით„


„ჩვენ მოვუწოდებთ ყველას: 2 ნოემბრის მოსალოდნელი შეკრებისა და, ზოგადად, ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრებისა

და მანიფესტაციის უფლების უზრუნველყოფისათვის აუცილებელია ხელისუფლებამ და შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა უარი თქვან ნებისმიერი სახის ძალადობის პროვოცირებაზე და შეასრულონ კანონით მათთვის დაკისრებული მოვალეობები.„ - ესაა ამონარიდი არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის განცხადებიდან. განცხადების ხელისმომწერი ორგანიზაციები ზუგდიდში 28 ოქტომბერს მშვიდობიანი აქციის დამრბევთა უკანონო ქმედებათა ობიექტურ გამოძიებასა და დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე პირებისათვის შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ. მათი აზრით, ესაა მინიმალური პირობა იმისათვის, რომ 2 ნოემბერს საზოგადოებამ ხელისუფლებისგან წახალისებული კიდევ ერთი ძალადობა არ მიიღოს.

როგორ ჩაივლის 2 ნოემბრის საპროტესტო აქცია დედაქალაქში და არის თუ არა მოსალოდნელი პროვოკაცია და ძალისმიერი ექსცესები? - ეს კითხვა რომ მტკივნეული და აქტუალურია, კარგად გამოჩნდა საქართველოს პატრიარქის განცხადებიდანაც. საქართველოს პატრიარქის სიმშვიდისა და კეთილგონიერებისაკენ მომწოდებელი განცხადება საზოგადოებას დეკანოზმა დავით შარაშენიძემ გააცნო:

[ დეკანოზ დავით შარაშენიძის ხმა]“მოგმართავთ როგორც ხელისუფალთ, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს: გამოიჩინეთ კეთილი ნება და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ პროცესებმა არ მიიღოს უმართავი სახე და არ გავიდეს იგი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. აუცილებელია შეიქმნას პრეცედენტი რთული პრობლემების ცივილიზებული და მშვიდობიანი გზით მოგვარებისა.“

რთული პრობლემების ცივილიზებული და მშვიდობიანი გზით მოგვარების მრავალ საშუალებათაგან „არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია– დემოკრატიისთვის“ ქვეყანაში ობიექტურ სამართალწარმოებას მიიჩნევს. საილუსტრაციოდ კი ზუგდიდში 28 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტს ასახელებს და შენიშნავს: ”დამნაშავეთა დაუსჯელობა ან კიდევ შერჩევით მხოლოდ რამდენიმე პირისთვის ადმინისტრაციული სასჯელის დაკისრება, ჯარიმის ან ადმინისტრაციული პატიმრობის სახით, ჩვენ მიერ შეფასებული იქნება როგორც ხელისუფლების მხრიდან ძალადობის წახალისება დაუსჯელობით.“

[ნინო ციხისთავის ხმა]“ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები 2 ნოემბერს, არა აქვს მნიშვნელობა. ჩვენ უკვე 28 ოქტომბერს პრაქტიკულად ვნახეთ, მთელმა მოსახლეობამ, რომ ხელისუფლებამ შელახა ჩვენი უფლება, თავისუფალი მანიფესტაციისა და შეკრების უფლება.“

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ერთ–ერთი წევრი ორგანიზაციის, ”კავკასიის ქალთა კოალიციის”, ხელმძღვანელი ნინო ციხისთავი ამბობს, თუ ზუგდიდში მშვიდობიანი აქციის მონაწილეებთან ანგარიშსწორების შემსრულებელთა საქციელი საბოლოოდ მართლაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეფასდება, კოალიცია მომხდარს სტრუქტურულ ძალადობად აღიარებს და რეაგირებისათვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს.

საერთაშორისო საზოგადოების ერთ–ერთი ყველაზე აქტიური ნაწილი 2 ნოემბერს თბილისში იქნება და მონაწილეობას მიიღებს სამიტში, სახელწოდებით ”მშენებლობა–ევროპა–აღმოსავლეთი.“ თბილისში დაგეგმილ კონფერენციას 18 სახელმწიფოს პრეზიდენტები და მთავრობის მეთაურები უნდა დაესწრონ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, შესაძლოა, ხელისუფლებისთვის ძალადობის შემაკავებელ ფაქტორად ეს წარმომადგენლობითი სამიტიც კი ვერ იქცეს.

[გიორგი ჩხეიძის ხმა]“ თუ 28 ოქტომბრის ფაქტი არ იქნება ადეკვატურად შეფასებული და დასჯილი ის პირები, ვინც ეს ქმედება ჩაიდინა, ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა, რომ მსგავსი რაღაც მოხდეს 2 ნოემბერს. სამიტის მონაწილეები შეიძლება იყვნენ ქვეყანაში, მაგრამ შეიძლება მარტივად ითქვას ხელისუფლების ორგანოების მხრიდან, რომ პოლიცია არაფერ შუაში არ არის, უბრალოდ, ხალხი იყო ძალიან ბევრი. ამიტომ კიდევ სამმაგად და ოთხმაგად ეკისრება ვალდებულება პოლიციას, რომ 2 ნოემბერს უსაფრთხოება იყოს დაცული.“

ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიგა ბოკერია კი ზუგდიდში 28 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს აქციის დარბევად არ მიიჩნევს და ვარაუდობს, რომ 2 ნოემბერს თბილისში მსგავსი არაფერი მოხდება:

[გიგა ბოკერიას ხმა]“ ზუგდიდში აქციის დროს არ მომხდარა არანაირი ინციდენტი. ხოლო ლაპარაკი იმაზე, რომ აქცია დაარბიეს, არის სიცრუე. მოხდა აქციის დაშლის შემდეგ ძალიან უსიამოვნო ინციდენტი ადგილობრივ მოქალაქეებსა და ზოგიერთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტს შორის და ჩვენი ამოცანაა, რომ არასოდეს პოლიციამ ასეთი რამ არ დაუშვას მომავალში. მე არ მოველი თბილისში არაფერს მსგავსს, თუ, რა თქმა უნდა, რომელიმე ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტს გზა–კვალი არ აებნევა და თვითონ არ გადაწყვეტს რაიმე სახის აგრესიას. რაც, თუ ჩემი პროგნოზი გაინტერესებთ, არა მგონია, რომ მოხდეს. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც აქციები არის ჩვეულებრივი რამ.“
XS
SM
MD
LG