Accessibility links

”იმედის” აქციებს მომავალში ”ნიუზკორპი” მართავს


ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა გადაწყვიტა ტელე-რადიო კომპანია ”იმედის” აქციათა მის მფლობელობაში

არსებული პაკეტი ”ნიუზკორპს” გადასცეს. შეთანხმება დოკუმენტურად ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა ”ნიუზკორპის” ხელმძღვანელობამ უკვე საჯაროდ განაცხადა თანხმობა პატარკაციშვილის შეთავაზებაზე. ოთხშაბათ საღამოს ”ნიუზკორპისა” და კომპანია ”სელფორდის” წარმომადგენლებმა პრეს-კონფერენცია გამართეს, რომელსაც მეც დავესწარი.

”ნიუზკორპი” ფლობს მედია-საშუალებებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის, დღემდე ფლობდა ტელე-რადიო კომპანია ”იმედის” აქციათა ნაწილსაც. გასულ კვირაში ეს კომპანია იქცა უმსხვილეს მედია-მფლობელად მსოფლიოში. ”ნიუზკორპის” აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ”ნიუზკორპ-ევროპის” თავმჯდომარე მარტინ პომპადურმა, რომელიც დღეს საგანგებოდ ჩამოვიდა თბილისში, განაცხადა, რომ მისი აქ ყოფნის მიზეზი არის ბადრი პატარკაციშვილის შეთავაზება ტელე-რადიო კომპანია ”იმედის” აქციათა ”ნიუზკორპისთვის” მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე.

ბადრი პატარკაციშვილის სახელით ”ნიუზკორპთან” იურიდიულ საკითხებს აგვარებს კომპანია ”სელფორდი”, რომლის ხელმძღვანელი ირაკლი რუხაძე ტელე-რადიო კომპანია ”იმედის” დირექტორთა საბჭოს წევრიც გახლავთ. რუხაძე განმარტავს:

[რუხაძის ხმა]
”ხშირად ჟღერდა ამ ბოლო დროს ბრალდებები, რომ ”იმედი” არის ოპოზიციური არხი, რომ უკვე დიდი ხანია ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებს ოპოზიციას იმით, მაგალითად, რომ ამდენ დროს უთმობს მას უფასოდ თავის არხზე. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ამ დამუხტულ პოლიტიკურ ვითარებაში ეს ყველაფერი ძალიან უძნელებდა ჟურნალისტებს, ”იმედის” ჟურნალისტებს, დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. ამაზე ბევრჯერ იყო ლაპარაკი პარტნიორებს შორის და საბოლოოდ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ”ნიუზკორპი” იქნება ერთადერთი პარტნიორი, წარმოდგენილი ხმის უფლებით, ტელე-რადიო კორპორაცია ”იმედის” სამეთვალყურეო საბჭოზე. ანუ ქართულმა მხარემ თავისი წილის მართვის უფლება აბსოლუტურად შეუზღუდავი უფლებებით გადასცა თავის ამერიკელ პარტნიორებს. ერთადერთი, რის გაკეთებაც არ შეუძლიათ ამერიკელებს, არის ამ წილის გასხვისება, დაგირავება და ა.შ.”(სტილი დაცულია)

ირაკლი რუხაძე ვითარების გაუმჯობესების იმედს გამოთქვამს იმის საფუძველზე, რომ ”ნიუზკორპი” მოწყვეტილია საქართველოს პოლიტიკურ რეალობას და არის მდიდარი გამოცდილების მქონე უდიდესი მედია-კომპანია. აქციების მართვის უფლების გადაცემა დარეგისტრირდება, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში და ინფორმაცია შეთანხმების დეტალებზე ამის შემდეგ გახდება საჯარო.

კიდევ რამდენიმე დეტალი: ”ნიუზკორპის” აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარტინ პომპადური განმარტავს, რომ ადგილი არა აქვს აქციების ფიზიკურად გადაცემას მისი კომპანიისთვის, არამედ მას გადაეცემა კომპანიის აქციათა 100%-ის მართვის უფლება. პომპადური იცავს კონფიდენციალურობას და არ ამხელს შეთანხმების ფინანსურ დეტალებს. ერთი ტექნიკური დეტალი: დღევანდელი პირობით, ბადრი პატარკაციშვილი ერთი წლის მანძილზე ტექნიკურად რჩება აქციების მფლობელად, თუმცა ამ აქციებს ერთპიროვნულად მართავს ”ნიუზკორპი”. შეიცვლება თუ არა რაიმე ტელე-რადიო კომპანია ”იმედის” სარედაქციო პოლიტიკაში, შეიცვლება თუ არა მისი სახელი და ა.შ.? ტელე-რადიო კომპანია ”იმედის” აღმასრულებელი დირექტორი ლუის რობერტსონი აცხადებს:

[რობერტსონის ხმა]
”არა, არავითარი ცვლილება არ იქნება. ”იმედის” საინფორმაციო მაუწყებლობა არ არის მიკერძოებული. ჩვენ ”ნიუზკორპორაციის” ნაწილი ვართ და მისი ნაწილია ”ფოქს-ნიუზის” არხიც და ისინიც იმავე პრინციპს მისდევენ: ”ჩვენ გაწვდით ინფორმაციას, დასკვნები თქვენ გამოიტანეთ”.

მარტინ პომპადური კი შექმნილ ვითარებაში აცხადებს:

[პომპადურის ხმა]
”მე არა მხოლოდ მივესალმები, არამედ მოვუწოდებ მთავრობას, თუკი მათ ექნებათ სურვილი, გამოაჩინონ თავიანთი წარმომადგენელი ”იმედის” ტელე და რადიო- ეთერში. მე პირადად არასდროს შევხვედრივარ საქართველოს მთავრობის ან ოპოზიციის წარმომადგენელს. თუკი ვინმეს სურს ჩვენთან საუბარი და პოზიციის გამოხატვა, სიამოვნებით დაველაპარაკებოდით მას პირადად.”

რადიო ”თავისუფლების” შეკითხვაზე რა აძლევს საფუძველს ”ნიუზკორპის” ხელმძღვანელობას იფიქროს, რომ ”იმედის” მიმართ დამოკიდებულება კომპანიის მთლიანად ”ნიუზკორპის” ხელში გადასვლის შემდეგ შეიცვლება და ჟურნალისტებს ექნებათ მუშაობის უკეთესი პირობები, პოლიტიკური კონიუნქტურის თვალსაზრისით, ჰქონია თუ არა ”ნიუზკორპს” მსგავსი გამოცდილება, ”ნიუზკორპის” აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ისეთი პოლიტიკურად ”სუპერ-დამუხტული” ვითარება, როგორიც საქართველოშია, არსად დახვედრია. ამასთან, დასძენს:

[პომპადურის ხმა]
”ჩვენ არ ვიცნობთ ამ ქვეყნის კულტურას, არ გვესმის ენა. ამიტომაც ჩვენი მენეჯმენტის სტილი ასეთია: ჩვენ, ერთი მხრივ, შემოგვყავს ამერიკული გამოცდილების მქონე გენერალური მენეჯერი. მის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა ადამიანი (იქნება ეს თურქეთი, სერბეთი თუ საქართველო) არის ადგილობრივი. ლუისის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა იყოს ერთგვარი მსაჯი სხვადასხვა მხარესა თუ ძალას შორის, რომ უზრუნველყოს ჩვენი მაუწყებლობის ბალანსირებულობა და დამოუკიდებლობა.”

აცხადებს ”ნიუზკორპორეიშენის” აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარტინ პომპადური, რომელიც დღეს თბილისში ტელე-რადიო კომპანია ”იმედის” აქციათა 100 პროცენტის მართვის უფლების გასაფორმებლად ჩამოვიდა.
XS
SM
MD
LG