Accessibility links

logo-print

გაეროს შტაბ-ბინაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პრეს-კონფერენცია გაიმართა


განმუხურის გახმაურებული ინციდენტის შემდეგ საქართველოს ხელისულება, როგორც ცნობილია, აპირებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას

აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ გუშინ, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ისიც კი განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ამ საკითხზე უკვე მიღებულია: [ნინო ბურჯანაძის ხმა] “გადაწყვეტილება სამშვიდობების გაყვანისა და დელეგიტიმაციის შესახებ მიღებული გახლავთ”.

იქვე ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ საქართველო გაეროს მიმართავს თხოვნით, სხვა სამშვიდობო ძალები ჩაანაცვლოს აფხაზეთში ამჟამად განთავსებულ რუს მშვიდობისდამცველებს. თქვენს ყურადღებას ახლა სწორედ გაეროს მივაპყრობთ - აფხაზეთში სამშვიდობო მისიის თემაზე საქართველოს წარმომადგენლის, ირაკლი ალასანიას პრეს-კონფერენციასთან დაკავშირებით.

პრეს-კონფრენციაზე როგორც გაირკვა, ამ დღეებში, დღეს და ხვალ მიმდინარეობს გაეროში საქართველოს წარმომადგენელთა შეხვედრა გაეროს უმაღლესი რანგის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, მათ შორის იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილესთან, რომელსაც სამშვიდობო ოპერაციებზე პასუხისმგებლობა ეკისრება.

ამდენად, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი ალასანიამ ისაუბრა არა მარტო ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ, იზრუნოს იმაზე, რომ გაერომ სხვა სამშვიდობო კონტინგენტი ჩაანაცვლოს აფხაზეთში განთავსებულ რუს მშვიდობისდამცველებს. არამედ ისაუბრა ამ მიმართულებით დაწყებულ მუშაობაზეც: [ირაკლი ალასანიას ხმა] “აქ, გაეროში ჩვენი მისია მუშაობს გაეროს სამდივნოსთან, სამშვიდობო ოპერაციათა დეპარტამენტთან და უშიშროების საბჭოს წევრებთან იმისათვის, რომ დავიწყოთ კონფლიქტის დარეგულირების პროცესის მასშტაბური გადასინჯვა, რასაც კონსულტაციების დროს მხარი დაუჭირა უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობამ და ახლა დაგვრჩა შეთანხმება მხოლოდ პირობებზე, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს”.

გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ ისიც აღნიშნა, რომ ქართული მხარე არ ჩქარობს, რომ აუცილებლად მიაჩნია ამჟამინდელი ვითარების რიგიანი გაანალიზება, რათა გონივრული გამოსავალი გამოინახოს: [ირაკლი ალასანიას ხმა] “ჩვენთვის მიუღებელია ყოველგვარი წინაპირობა კონფლიქტის დარეგულირებისთვის. ვნახოთ, რა იქნება. პირველი ნაბიჯები იქნება ამჟამინდელი ვითარების შეფასება და ანალიზი - რატომ აღმოვჩნდით ასეთ სიტუაციაში და 14 წლის მანძილზე რატომ არ არის წინსვლა კონფლიქტის დარეგულირების ძირითად საკითხებში.”

ამ წარუმატებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ირაკლი ალასანიას მიაჩნია ის გარემოება, რომ აფხაზეთში ამჟამად მიმდინარე დამოუკიდებელ სახემლწფიოთა თანამეგობრობის სამშვიდობო ოპერაცია სამხედრო ფუნქციებით შემოიფარგლება. [ირაკლი ალასანიას ხმა] “ცხადია, ვითარება მოითხოვს საერთაშორისო სამართლისა და უშიშროების დამცველ კონტინგენტს და არა მარტო სამხედრო მისიით შემოფარგვლას. იმიტომ, რომ კონფლიქტის მოგვარება პირდაპირ არის დაკავშირებული ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების საკითხთან. ვერ შევძლებთ ადგილნაცვალ პირთა თუ ლტოლვილთა დაბრუნების პროცესის დაწყებას, რადგან არ არსებობს უსაფრთხო გარემო მათს დასაბრუნებლად”.

გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას ირაკლი ალასანიამ ისაუბრა საქართველოსა და აფხაზი სეპარატისტების წარმომადგენელთა პირდაპირი კონტაქტების აუცილებლობაზეც - შესაბამისად, დადებითად შეაფასა ორი მხარის წარმომადგნლების ბოლოდროინდელი შეხვედრები. ხოლო რაც შეეხება რუსეთის მხარის როლს: [ირაკლი ალასანიას ხმა] “როცა ცდილობ კონფლიქტის მოგვარებას და ცდილობ შუამავლობას - იმავდროულად კი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ხარ, ეს გარემოება, ვფიქრობ, ჩვენთვის ძალიან ართულებს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების ობიექტურად და გარკვევით შეფასებას”.
XS
SM
MD
LG