Accessibility links

logo-print

ქართული პრესა


„მოსახლეობა ირჩევს რეფერენდუმს”, ანუ რეფერენდუმი,

როგორც კონფლიქტის მოგვარების გზა – პუბლიკაციაში, რომელსაც გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს, გაზეთის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებია წარმოდგენილი. გამოკითხული 310 რესპონდენტისთვის დასმული იყო ორი შეკითხვა: ”როგორ მიგაჩნიათ, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს თუ არა ოპოზიციის მოთხოვნები არჩევნების გაზაფხულზე დანიშვნასთან დაკავშირებით?” და ”იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება არ გაიზიარებს 2 ნოემბრის მიტინგის მოთხოვნას, როგორ უნდა მოხდეს შედეგის მიღწევა?” გამოკითხულთა მაქსიმალური უმრავლესობა, 54 პროცენტი, მიიჩნევს, რომ კრიზისი რეფერენდუმის გზით უნდა მოგვარდეს. გაზეთი კი, თავის მხრივ, შენიშნავს, რომ, გარკვეული პრობლემების მიუხედავად, შესაძლოა რეფერენდუმის ჩატარებით ყველა მხარე მოგებული დარჩეს. ანუ ხელისუფლებისთვის ეს გადაწყვეტილება იქნება სახის შენარჩუნების შესაძლებლობა, ვინაიდან მან ოპოზიციას კი არ დაუთმო, ხალხს ჰკითხა აზრი; თვითონ სააკაშვილისთვის ეს იქნება ახალი შესაძლებლობა, მოიცილოს ბალასტი და შეძლებისდაგვარად გათავისუფლდეს მისი ხელისუფლების მაკომპრომეტირებელი კადრებისგან; ოპოზიცია შეძლებს გაზარდოს აქტივობა უშუალოდ რეფერენდუმის ჩატარების დროს და გააღრმავოს კონსოლიდაციის პროცესი და, ბოლოს, რაც მთავარია, მოიგებს ხალხი, რომელიც შეინარჩუნებს სიმშვიდეს და მიიღებს ახალ შანსს, „შეიცვალოს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს.“
დღესვე „რეზონანსი“ ვარაუდობს, რომ გაერთიანებული ოპოზიციისთვის 2 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე მოვლენების „უკრაინული რევოლუციისმაგვარი“ ფორმით განვითარება ყველაზე მისაღები ვარიანტია: პარლამენტის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებს საკვებს დაურიგებენ, მწვავე განცხადებებსა და მოთხოვნებს დროდადრო მუსიკალური ნომრები შეიძლება ჩაენაცვლოს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ხელისუფლება გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და აქცია 2 ნოემბრის შემდეგაც გაგრძელდება.

„ პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთზე“ საუბრობს დღეს გაზეთი „24 საათიც“. თავისი შეცდომების, კონკრეტული ფაქტების აღიარება ხელისუფლების ხელში ის კოზირია, რომლითაც შეუძლია ოპოზიციაზე გაცილებით მაღლა დადგეს და მითსა და სინამდვილეს შორის რაღაც ზღვარი მაინც გაავლოს. რამდენადაც ძლიერი უნდა ჩანდეს დღეს ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, ის მხოლოდ ეგზალტაციაზე დგას და კონკრეტულ საყრდენს, თუნდაც მესიჯის დონეზე, მოკლებულია, - ნათქვამია გაზეთ „24 საათის“ ფურცლებზე გამოქვეყნებულ სტატიაში. დღესვე გაზეთში ქვეყნდება ვრცელი ინტერვიუ იაპონიაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩთან, ივანე მაჭავარიანთან. საუბრის თემა შიდაპოლიტიკური სიტუაციის საერთაშორისო და რეგიონალურ ჭრილში წარმოჩენაა. დიპლომატის აზრით, პოლიტიკურმა - განსაკუთრებით კი ოპოზიციურმა - ლიდერებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რათა დაპირისპირება პოლიტიკურ დიალოგში გადავიდეს და გათვალისწინებულ იქნეს არსებული - საქართველოსთვის არახელსაყრელი -საერთაშორისო სიტუაცია, რათა ქვეყანას არ მიადგეს ზარალი, რომელიც მას, განვითარების თვალსაზრისით, 10 წლით უკან დასწევს.“ ნებისმიერი ჩინოვნიკი გეტყვით, რომ ის საუბრები, რომლებიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ერთი–ორი თვის წინ მიდიოდა, ტექნიკურ და ბიუროკრატიულ მექანიზმებს ეხებოდა, ანუ რა უნდა იყოს საქართველოს საწევრო, რა უნდა იყოს მათი კონტრიბუცია, როგორ უნდა ამოქმედებულიყო გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, რათა საქართველო მზად ყოფილიყო შემდგომი ნაბიჯებისთვის. ამ მოვლენებში მონაწილე ნებისმიერი ადამიანი ახლა გეტყვით, რომ დღეს არის გარკვეული პაუზა, რომელიც განპირობებულია საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინით, თუ რამდენად ცივილიზებურად ჩაივლის ნოემბრის მანიფესტაციასთან დაკავშირებული მოვლენები“, - უთხრა გაზეთ „24 საათს“ იაპონიაში საქართველოს ელჩმა ივანე მაჭავარიანმა.

XS
SM
MD
LG