Accessibility links

რა შეიცვლება სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტით საქართველოში


გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ორი ნოემბრის

აქციისთვის ემზადებიან, თუმცა, ორგანიზაციული საკითხების გადაჭრის პარალელურად, ისინი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და უცხოელ დიპლომატებსაც ხვდებიან. პირველ ნოემბერს ოპოზიციის ლიდერები ჯერ ეუთოს გენერალურ მდივანს მარკ პერენ დე ბრიშანბოს, შემდეგ კი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდს შეხვდნენ. ამერიკელი დიპლომატი მოგვიანებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც ესაუბრა. რაზე ესაუბრნენ ქართველი პოლიტიკოსები ამერიკელ სტუმარს და რა შეიცვლება სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტით საქართველოში?

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერთა ერთი ნაწილი აქტიურად მონაწილეობდა 2003 წლის ნოემბრის მოვლენებში. რევოლუციის ზღვარზე მისულ თბილისს მაშინ ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი
ჯეიმს ბეიკერი სტუმრობდა, ოთხი წლის შემდეგ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის უკიდურესი დაპირისპირების ფონზე, საქართველოს კვლავ ამერიკელი დიპლომატი - ამჯერად სახელმწიფო მდივნის მოადგილე დანიელ ფრიდი - სტუმრობს. ამგვარი დამთხვევის მიუხედავად, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, დავით ზურაბიშვილს, არ სურს ვარდების რევოლუციასთან პარალელის გავლება, თუმცა იმედი აქვს, რომ ამერიკელი დიპლომატის ვიზიტი შედეგს ამჯერად მაინც გამოიღებს:

[დავით ზურაბიშვილის ხმა] „იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლებაზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გარკვეული ზეწოლა იქნება იმდენად, რომ ხელისუფლება რაღაც კომპრომისზე წავა საზოგადოებასთან. ჩვენი ლაპარაკი მათ არ ესმით. როდესაც ამდენ ხალხს დაინახავენ და თან ყველა ურჩევს, იმედია აღარ გაჯიქდებიან. მათთვისაც ასე ჯობია.“

ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ასევე განაცხადეს, რომ ამერიკელი დიპლომატი საქართველოში მიმდინარე მოვლენების საქმის კურსშია. გოგა ხაინდრავას თქმით, არჩევნების კონსტიტუციურ ვადაში ჩატარების მოთხოვნასთან ერთად, დანიელ ფრიდმა ოპოზიციისგან შეიტყო, თუ რამ მიიყვანა საქართველო კრიზისამდე:

[გოგა ხაინდრავას ხმა] „არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო საქართველოში, რომ სიკვდილის ბრიგადები მოქმედებენ... ზუგდიდის ინციდენტი განვიხილეთ და გადავეცით მასალები იმასთან დაკავშირებით, რაც ჩაიდინა ნაციონალურმა მოძრაობამ და პოლიციამ.“

გოგა ხაინდრავას გარდა, დანიელ ფრიდთან შეხვედრაში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილიც მონაწილეობდა:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] „ჩვენ მთლიანი სურათი წარვუდგინეთ. მოისმინა ძალიან ყურადღებით და მიდის აქედან იმ სურათით, რაც რეალურია და არ გაუკვირდება ამერიკას ის, რაც ხვალ მოხდება.“(სტილი დაცულია)

იმისათვის, რომ ცუდი არაფერი მოხდეს, კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი ხელისუფლებას ურჩევს, დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, მეტი დიპლომატიურობა გამოიჩინოს. კონფლიქტოლოგის თქმით, ხელისუფლებამ უნდა დაიჯეროს, რომ, ოპოზიციის გარდა, მას ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილიც აკრიტიკებს:

[გოგი ხუციშვილის ხმა] „უნდა მოაწყოს დიალოგი და განმუხტოს სიტუაცია. თუ პროცესები უმართავი გახდება, პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას და არა ოპოზიციას. ოპოზიცია იქცევა ისე, როგორც ყველა ქვეყანაში მოქმედი ოპოზიცია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არ იქცევა ისე, როგორც ნორმალური ქვეყნის ხელისუფლება.“

საქართველოში ბევრი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატის რჩევებს გაითვალისწინებს და კომპრომისზე წავა. მოვლენების ამგვარ განვითარებას არ გამორიცხავს თემურ იაკობაშვილი - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] „ჩემი აზრით, მას შეუძლია დადებითი როლი ითამაშოს, თუმცა არ ვიტყოდი, რომ სიტუაცია ისეთია, როგორიც იყო ბეიკერის ვიზიტის დროს, რამეთუ თვისებრივად განსხვავებულ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. ის, რისი გაკეთებაც ბატონ ფრიდს შეუძლია, ისაა, რომ შეათანხმოს ის, თუ რა ფორმატებში მოხდება მთავრობის მხრიდან დათმობა და, სახელდობრ, რა დათმობებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. ვნახოთ. ალბათ, ყოველივე ეს ამ დღეებში გამოჩნდება.“(სტილი დაცულია)

თუმცა თემურ იაკაობაშვილი ასევე დასძენს, რომ დანიელ ფრიდი საქართველოში დაპირისპირებული მხარეების შესარიგებლად არ ჩამოსულა. გარდა ამისა, ანგარიშგასაწევია საქართველოს ხელისუფლების უფლება, გაითვალისწინოს ან არ გაითვალისწინოს მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლის ესა თუ ის რჩევა:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] „მე არა მგონია, ბატონი ფრიდი ისეთ მდგომარეობაში იყოს, რომ მისი ნაკარნახევი ხელისუფლებამ აუცილებლად გაითვალისწინოს. არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ხელისუფლება მხოლოდ თავის თავს უსმენს. ხშირ შემთხვევაში, ალბათ, სწორადაც, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ეტაპზე რაღაც კომპრომისული ვარიანტი მნიშვნელოვნად განმუხტავდა სიტუაციას. თუ რა იქნება ეს კომპრომისი, ძნელი სათქმელია, მაგრამ ბატონ ფრიდს შეუძლია ხელი შეუწყოს.“(სტილი დაცულია)

ბატონი ფრიდი და ამერიკის მთავრობა რომ საქართველოს სტაბილური განვითარებითაა დაინტერესებული, ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგაც განაცხადა. დანიელ ფრიდის თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროატლანტიკურ ალიანსში, მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დემოკრატიულ განვითარებას.


XS
SM
MD
LG