Accessibility links

logo-print

“...სიცილსაც აგვიკრძალავენ და გასაცინებლად უცხოეთში წასვლა მოგვიწევს”


“ახლა მოწევას, შემდეგ ალკოჰოლს და მერე კი სიცილსაც

უხილავი ფარდა
აგვიკრძალავენ და გასაცინებლად უცხოეთში წასვლა მოგვიწევს” - რომელი ქვეყნის მოქალაქეს შეეძლო ეს ფრაზა ეთქვა თავისი მთავრობის მისამართით, ვერაფრით გამოიცნობთ, რომც გითხრათ, რომ დღეს ჩვენი თემა, სხვათა შორის, თეირანის წიგნის მაღაზიებში ყავის გაყიდვის აკრძალვაა. ვარაუდობენ, რომ მთავრობა შიშობს, წიგნის მაღაზიებში, სადაც ყავის დალევის საშუალებაც არის, მკითხველი საზოგადოების შეკრებებმა ანტისამთავრობო აზრების წარმოშობასა და გავრცელებას არ შეუწყოს ხელი.თუმცა მთავრობა მაინც კანონის ფარგლებში მოქმედებს: ერთსა და იმავე ფირმას ეკრძალება დაკავებული იყოს ორი სხვადასხვა საქმიანობით. წიგნით ვაჭრობა ერთია, ყავის გაყიდვა კი, როგორც კაფეში, სულ სხვა არის.
თეირანელი მწერალი და პუბლიცისტი ჰაფეზ მუსავი ამ აკრძალვას მიიჩნევს ისლამისტური ხელისუფლების მცდელობად, საზოგადოების ყველა სფროში მხოლოდ მისი თვალსაზრისი ბატონობდეს:

(მუსავის ხმა)
“ეს იმ ქმედებათა ნაწილია, როგორიცაა, მაგალითად, გაზეთების დახურვა. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება მხოლოდ მიზეზს ეძებს, ალაგმოს კულტურული აქტიურობა ან შეზღუდოს ის.”

ასეა ირანში. ის კი, ვინც გასაცინებლად უცხოეთში წასვლაზე ლაპარაკობს, თუკი სიცილსაც აკრძალავენ, გერმანიის, კერძოდ, ბავარიის მმართველი პარტიის - ქრისტიანულ- სოციალური -კავშირის წევრი, ბავარიის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრალური მოვლენის, “ოქტორებერფესტად” - ოქტომბრის დღესასწაულად - წოდებული მსოფლიოში უდიდესი ლუდის ფესტივალის ოფიციალური წარმომადგენელია. სხვა ბევრი თანამემამულის მსგავსად, ისიც აღშფოთებულია იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ბავარიის პარლამენტის ქრისტიანულ-სოციალური პარტიის ფრაქციამ მიიღო -აიკრძალოს რესტორნებსა და კაფეებში სიგარეტის მოწევა. განმარტებისთვის გეტყვით, რომ გერმანიაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, პირველი სექტემბრიდან მოწევა აკრძალულია. რესტორნებსა და დუქნებში კი, ასევე ლუდხანებში, თითოეული ფედერალური სუბიექტის - მხარის - გადასაწყვეტია, აიკრძალოს თუ არა მოწევა.
როგორც კი გამოცხადდა, ხელისუფლებამ ლუდხანებში, ბავარიელების საყვარელ თავშეყრის ადგილებში, შეიძლება მოწევა აკრძალოსო, საზოგადოება - განსაკუთრებით პროვინციაში, სოფლებსა და პატარა ქალაქებში - იმდენად აღელდა, რომ დუქნებმა პირი შეკრეს, არ დაუშვან მათთან ქრისტიანულ-სოციალური პარტიის წინასაარჩევნო შეკრებები, არ მოაწყონ თავიანთ ლუდხანებში ამ პარტიის წარმომადგენელთა თავყრილობები, რაც ადრე ნორმალურ ამბად მიაჩნდათ. პატარა ლუდხანები ბავარიის სოფლების განუყოფელი ნაწილია. იქ იკრიბება ხალხი და, ირანის წიგნის მაღაზიებისა არ იყოს, იქ მსჯელობენ თავიანთი ცხოვრებისა და, საზოგადოდ, წუთისოფლის ავ-კარგზე. ახლა კი მოწევის აკრძალვა, ბავარიელი გასტრონომების წარმომადგენლის, ფრანც ბერგმიულერის გამოთვლით, 5000 გაკოტრებულ ფირმასა და 12 ათას უმუშევარს ნიშნავს.
მაგრამ ბავარიელებისთვის მთავარი მოწევა-არმოწევა კი არ არის, არამედ ის, რომ მთავრობას არაფერი ესაქმება, რას აკრძალავს და რას დაუშვებს თავის დუქანში მისი პატრონი.

(კოლერის ხმა)
“ჩემთვის საკითხი ასე არ დგას - “მოწევა თუ არმოწევა”, არამედ ასე: თითოეულმა თავისი საკუთარი რესტორნისთვის თავადვე უნდა გამონახოს გამოსავალი თუ ამისთვის საჭიროა სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომლის გატარებაც უნდა გაკონტროლდეს? არ მინდა ეს დისკუსია მოწევისა და არმოწევის თემით შემოიფარგლოს. არავისგან დარწმუნება არ მჭირდება, რომ მოწევა მავნებელია. მაგრამ იმ ზომებს, რომლებიც იგეგმება, მე მივიჩნევ მძიმე ჩარევად საკუთრების მოხმარების ჩემს უფლებაში.”

ეს გახლავთ ჰანს კოლერი, რომელიც ქვემო ბავარიაში, თირნაუში, ცხოვრობს. ის წარმოადგენს ოჯახის მეხუთე თაობას, რომელიც სოფელში რესტორანს განაგებს. კოლერი, პარტიული თვალსაზრისით, უბრალო ადამიანი არ არის. რეგიონალური გაზეთი “დონაუკურიერი” წერს, კოლერი “ნოუბადი” არ გეგონოთო. ქრისტიანულ-სოციალური კავშირის წევრი და პასაუს შემოგარენში ამავე პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ჰანს კოლერი ამბობს, ამაზე უარესი მაშინაც კი არ მოხდებოდა, სოციალ-დემოკრატებს რომ ემართათ ბავარიაო. ახლა ბავარიაში ხელის მოწერებს აგროვებენ იმის დასტურად, რომ შემდეგ არჩევნებში ქრისტიანულ-სოციალურ პარტიას მხარს არ დაუჭერენ.

(კოლერის ხმა)
“საზოგადოებრივი აზრი, ანუ საზოგადოებრივი რეაქცია, ასეთია: დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც, ცხადია, მოწევის წინააღმდეგნი არიან, მაგრამ ისინი ასევე წინააღმდეგნი არიან სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებისა.”

რას მიაღწევენ ბავარიელი მედუქნეები და რესტორნების თუ ლუდხანების მფლობელები, მალე გამოჩნდება. ამ გადაწყვეტილებას ახლა პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი, მანამდე კი მიმდინარეობს მოლაპარაკება.
კვლავ ირანში დაგაბრუნებთ, სადაც მთავრობას, წიგნის მაღაზიებში ყავის გაყიდვის აკრძალვით, ინტელექტუალური ცხოვრების შეზღუდვა განუზრახავს. ირანზე გაძლიერებულია ზეწოლა მისი ბირთვული პროგრამის გამო - ეჭვი აქვთ, რომ თეირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობს. ირანი, თავის მხრივ, აშშ-ს ბრალად სდებს, რომ ვაშინგტონი იქ ხავერდოვან რევოლუციას ამზადებს. რაც შეეხება ლიტერატურული კაფეების დახურვას,მწერალ მუსავის აზრით, ეს შეიძლება არც იყოს ახალი პოლიტიკა, ეს უფრო ქმედებაა რეჟიმისა, რომელიც თვისთვის სულ უფრო დიდ საფრთხეს ხედავს.

(მუსავის ხმა)
“ არ ვამბობ, რომ ეს იყოს ორგანიზებული ქმედება, მაგრამ თუკი მართლაც ასეა, მე, ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არაფერი ვიცი. ოღონდ ის კია, რომ ჩანს საერთო მიმართულება: ეს არის დამოუკიდებელი კულტურული ცენტრების შეზღუდვა და მათზე ზეწოლა, მაგალითად - გამომცემლობის სფეროში. კულტურის სამინისტრო სელექციის გზას ადგას - ის აცხადებს, რომ მხარს უჭერს მხოლოდ მას, ვინც, თვითონ რომ მოსწონს, იმ კულტურის მიმდევარია.”

თუმცა სხვა თეირანელი პუბლიცისტი, ფარიდ მორადი, ფიქრობს, რომ ხელისუფლების მოქმედება უფრო მეტად მიზანდასახულია, ვიდრე ამას მუსავი ვარაუდობს. მისი თქმით, აუზებს, კინოთეატრებს, სპორტულ კლუბებს და სხვ., რომლებიც სტუმრებს სჭიქა ყავას სთავაზობენ, ხელისუფლებისგან პრობლემები არა აქვთ.
ბავარიაში შერჩევით ვერაფერს აკრძალავ - იქ კანონის მიმართ ყველა თანასწორია და ხალხი მმართველ პარტიასაც კი ვერ აპატიებს ზურგის შექცევას.
XS
SM
MD
LG