Accessibility links

logo-print

რას ითხოვენ პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები


დაინიშნოს პარლამენტის არჩევნები და შეიცვალოს

საარჩევნო კანონმდებლობა - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მოთხოვნებისა, რომლებსაც ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ხელისუფლებას უყენებენ.
2 ნოემბრის მიტინგისათვის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მთელი ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ. ამომრჩევლების მისამხრობად მათ საქართველოს თითქმის ყველა კუთხე მოიარეს, ხოლო ორ ნოემბერს, მიტინგამდე რამდენიმე საათით ადრე, თავად შემოუძღვნენ თბილისში რეგიონებიდან მომავალ მხარდამჭერთა საავტომობილო კოლონებს.

[ისმის ავტომობილების საყვირის ხმა]

[ზვიად ძიძიგურის ხმა] „ასეთი რევოლუციური განწყობა არ ყოფილა ოთხი წლის წინაც კი. მე მახსოვს, როცა გაერთიანებული ოპოზიცია - სააკაშვილი, გაერთიანებული დემოკრატები და სხვა პარტიები - 5 ათას კაცს ვერ უყრიდა თავს რუსთაველის გამზირზე. ახლა კი გადავწყვეტთ რა ვუყოთ ამ ხელისუფლებას და როგორ გავისტუმროთ შინ მშვიდობიანად.”

[გია ცაგარეიშვილის ხმა] „შეგვიქმნეს უამრავი პრობლემები. ართმევენ მართვის მოწმობებსა და ტექნიკურ პასპორტებს მძღოლებს, მაგრამ ხალხი მაინც მოდის. აზვირთებულ მასას ვერავინ შეაჩერებს - ვერც მერაბიშვილი, ვერც ახალაია და ვერც სხვა ზონდერკამანდა.“

დეპუტატებს ზვიად ძიძიგურსა და გია ცაგარეიშვილს არ უკვირთ, რომ რუსთაველის გამზირზე ათობით ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი. 72 წლის დალილა შავგულიძე, სოხუმიდან დევნილი ქალბატონი, თბილისში ცხოვრობს, 27 წლის ლევან ჩულუქბაია კი მიტინგში მონაწილეობის მისაღებად ბათუმიდან ჩამოვიდა.

[დალილა შავგულიძის ხმა] „როგორც წესი და რიგია, როგორც იყო უკრაინაში და როგორც სხვა ქვეყნებში ჩატარდა პარლამენტის არჩევნები, აქაც ასევე ჩაატაროს. მოიგებს? ჰქონდეს, სულ ვაჩუქებ საქართველოს! წააგებს? წაბრძანდეს, ხალხს მისცეს ცხოვრების უფლება!“

[ლევან ჩულუქბაიას ხმა] „როცა მიშა მოდიოდა, მიტინგზე ვიდექი, მინდოდა მისი გამარჯვება. ახლა მიშას წინააღმდეგ ვარ, რადგან არ გაამართლა მოლოდინი. არჩევნების მარტში ჩატარებას ვითხოვთ.“

უნდა ითქვას, არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება არის ის ძირითადი მოთხოვნა, რომელსაც მიტინგის ორგანიზატორები ხელისუფლებას უყენებენ. პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერსა და საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს სალომე ზურაბიშვილს რადიო ”თავისუფლებამ“ ინტერვიუ მიტინგის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩამოართვა:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] „ოპოზიცია მოითხოვს არჩევნები მაშინ ჩატარდეს, როცა პარლამენტის უფლებამოსილების ვადა სრულდება, და ეს არჩევნები ჩატარდეს მინიმალური კონტროლისა და წესრიგის პირობებში. ამაზე თუ ხელისუფლება უარს იტყვის და თან აქვს დემოკრატიულობის პრეტენზია, მაშინ აბსურდში გადავდივართ.“

თუმცა მიტინგის დაწყების შემდეგ ოპოზიციის ლიდერთა მოთხოვნებმა ორატორთა გამოსვლების პროპორციულად დაიწყო გაზრდა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ხელისუფლებას ასეთი რჩევა მისცა:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] „ჩვენია ეს ქვეყანა, რამე არ შეგეშალოთ! ჩვენია, ჩვენ მივხედავთ! წადით, წაეთრიეთ, თავი დაგვანებეთ! წადით! წადით!..“

შალვა ნათელაშვილთან შედარებით, ლაკონიური იყო საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გაჩეჩილაძე, რომელმაც უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] „მიშა, გეშინოდეს, მოვდივართ! მიშა, თუ ნამუსი დაგრჩენია და თუ ბოლომდე უნამუსო არ ხარ, მოდი, დაგველაპარაკე, დათმე შენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.”

მიხეილ სააკაშვილი, მიტინგის ორგანიზატორების ამ შეთავაზებას არ გამოხმიანებია, სამაგიეროდ, ოპოზიციასთან დიალოგის დაწყების წინადადება კომენტარის გარეშე არ დატოვა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, კოტე გაბაშვილმა:

[კოტე გაბაშვილის ხმა] „ყველაზე კარგი იქნებოდა მიტინგზე დადგომა და დიალოგის გამართვა. დიალოგს აქვს თავისი ფორმები და ეს დიალოგი პარლამენტში მიმდინარეობს. სხვა შესაბამის ფორმატში იმ საკითხების გარკვევა, რაზეც საუბარი მიმდინარეობს, შესაძლებელია, მაგრამ არა ასეთი ფორმებით: ულტიმატუმებითა და მუქარით. ეს არ არის დიალოგი, ამას ჰქვია მონოლოგი.“

არადა, მიტინგზე მისული ადამიანები ხელისუფლებისგან სწორედ რომ დიალოგის დაწყებას ელიან. სოხუმიდან დევნილი ქალბატონი დალილა შავგულიძე ამბობს:

[დალილა შავგულიძის ხმა] „თუ არ გამოეხმაურება ხელისუფლება, მაშინ ის დაემართება, რაც დაემართა მაგის წინამორბედს.“

ამ ქალბატონის გარდა, ერთხელ მომხდარის განმეორების სურვილი მიტინგის სხვა მონაწილეებსაც არ დაუმალავთ. მიმდინარე მოვლენების მნიშვნელობის ხაზგასასმელად ლადო ასათიანის ლექსზე დაწერილი და 9 აპრილთან ასოცირებული სიმღერაც კი შესრულდა:

[სიმღერის ხმა] „დავიღლები საქართველოს სიყვარულში, სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ...“

მიტინგის დაწყებიდან ორი-სამი საათის შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს. დეპუტატი გია თორთლაძე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:

[გია თორთლაძის ხმა] „დრო მიდის და ჩვენ ველოდებით პასუხს. სასურველია ჩვენთვისაც და მისთვისაც, რომ ეს პასუხი იყოს დადებითი და ადეკვატური იმისა, რაც ხდება საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ მიტინგს და ველოდებით პასუხს.“

XS
SM
MD
LG