Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვაშენოთ ევროპა აღმოსავლეთით“


საქართველოს მთავრობისა და ჯორჯ მარშალის საერთაშორისო ფონდის მონაწილეობით,


საქართველოში, პირველიდან ოთხი ნოემბრის ჩათვლით, ტარდება თბილისის სამიტი, სახელწოდებით „ვაშენოთ ევროპა აღმოსავლეთით“. ფორუმის მიზანია ევროპის, სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენელთა მოსაზრებების შეჯერება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ენერგეტიკა და უსაფრთხოება, ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ მეზობლებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება, კონფლიქტების მოგვარება, დემოკრატიისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და სხვ. კონფერენციას 25–მდე ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. სამუშაო სესიები 2 ნოემბერს თბილისსა და სიღნაღში გაიმართა.

საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ვაშენოთ ევროპა აღმოსავლეთით“ წარმომადგენლობითი ფორუმია. მის დღის წესრიგში კი ისეთი გლობალური საკითხები მოხვდა, როგორიცაა, მაგალითად: რა სახის რეგიონალური თანამშრომლობა იქნებოდა ყველაზე ეფექტიანი ერთობლივი ინტერესების განსახორციელებლად, რა კავშირია ენერგეტიკის დივერსიფიცირებასა და რეგიონალურ უსაფრთხოებას შორის, ახალი მიდგომები ძველი კონფლიქტების მოსაგვარებლად, სად გადის ევროპის საზღვრები და ა.შ. სამიტის პროგრამით გათვალისწინებული ეს და სხვა საკითხები უშუალოდ უკავშირდება საქართველოსაც - განსაკუთრებით, სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში. ამდენად, კონფერენციაზე სადისკუსიოდ გამოტანილ თემათაგან განსაკუთრებით რეზონული იყო შემდეგი: როგორ შეუძლია ევროკავშირს უზრუნველყოს მეზობლების ტრანსფორმაცია და როგორ ფორმულირდება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მთავარი ამოცანები ამ ეტაპზე. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, პიტერ სემნებიმ, ამასთან დაკავშირებით შენიშნა, რომ, გარდა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის ხელშეწყობისა, ევროკავშირი აქტიურად უნდა ჩაერთოს ტერიტორიული კონფლიქტების პრევენციის მიმართულებითაც:

[პიტერ სემნების ხმა]“კონფლიქტები საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, რადგან საქართველო ხდება ჩვენი პარტნიორი. ამასთან, სულ უფრო ცხადია, რომ ეს კონფლიქტები საშიშროებას უქმნის ევროკავშირის უსაფრთხოებას. რასაკვირველია, ჩვენ ძალიან შეგვაშფოთებს, თუკი ჩვენს უშუალო სამეზობლოში რომელიმე კონფლიქტი ღია სამხედრო კონფლიქტში გადაიზრდება.“

როგორც პიტერ სემნებიმ დააზუსტა, კოსოვოს მოდელი სხვა ტერიტორიული კონფლიქტების გადაჭრის საკითხში არ შეიძლება პრეცედენტად იქცეს, ვინაიდან ყველა კონფლიქტი, თავისი არსითა და სირთულით, ინდივიდუალურია. კონფლიქტების თემას საგანგებოდ დაეთმო კონფერენციის ის ნაწილი, რომელიც სიღნაღში გაიმართა და რომელშიც საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძე და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.
თბილისის სამიტის მომხსენებელთა შორის იყო შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტიც, რომელმაც ევროპის აღმოსავლეთის მშენებლობის გამოწვევათა შორის, ყოფილი საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობით დატოვებული ტერიტორიული კონფლიქტების გარდა, დაასახელა ასევე ტრანსსასაზღვრო ხასიათის პრობლემები, კერძოდ, დახურული საზღვრები საქართველო–რუსეთსა და სომხეთ აზერბაიჯანს შორის. მისი თქმით, პრობლემების მოგვარებას, ისევე როგორც საზოგადოების ტრანსფორმაციას, დრო სჭირდება. შეკითხვას კი, თუ რა შანსები აქვს საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შემდეგნაირად უპასუხებს:

[კარლ ბილდტის ხმა]“ მოდით, ასე ვთქვათ: მე მგონია, რომ მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი. ახლო მომავალში მე ყურადღებას რაღაც ფორმალობებზე არ გავამახვილებდი. ყურადღებას გავამახვილებდი არა ინსტიტუციურ ფორმალობებზე, არამედ საზოგადოების რეალურ ტრანსფორმაციაზე იმისათვის, რომ ის ევროპული ნორმების შესაბამისად განვითარდეს.“

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება და საბაზრო ეკონომიკის წარმატება ევროკავშირის სტრატეგიულ და გრძელვადიან ინტერესს წარმოადგენს, რადგან ევროკავშირს სურს ჰყავდეს სტაბილური მეზობლები, ჰქონდეს ორმხრივი მომგებიანი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს განვითარებას. ევროკავშირმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრად საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ცნობის შესახებ გადაწყვეტილება 2004 წლის 14 ივნისს მიიღო, 2006 წლის 14 ნოემბერს კი ბრიუსელში საქართველო–ევროკავშირის ერთობლივი საბჭოს მეშვიდე შეხვედრაზე მიღებულ იქნა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის.

[თამარ ბერუჩაშვილის ხმა]“ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დისკუსიისა ზოგადად ევროპის სამეზობლო პოლიტიკაა, მისი განვითარებაა, ის პრიორიტეტებია, რომელიც თავიდანვე ჩამოყალიბებული იყო და ის განზომილებები, მაგალითად, ენერგეტიკული განზომილება, რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატები იმ ახალ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც შავი ზღვის ენერგიას ეძღვნება. ეს არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც საქართველოსთვის არის ძალიან საინტერესო და ახალი შესაძლებლობების მიმცემი.”(სტილი დაცულია)


ამბობს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში თამარ ბერუჩაშვილი. საქართველოს ხელისუფლებაში კი მიაჩნიათ, რომ თბილისის სამიტი „ვაშენოთ ევროპის მომავალი“ საქართველოს უახლეს ისტორიაში, თავისი მნიშვნელობითა და მოსალოდნელი გრძელვადიანი ეფექტით, ისტორიული მოვლენაა.


XS
SM
MD
LG