Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


ორშაბათიდანვე ქართულ პრესაში მთავარი თემა პარასკევისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქცია

იყო. ,,ზუგდიდი - ოპოზიციის გენერალური რეპეტიცია” - ამ სათაურით დაიბეჭდა გაზეთ ”24 საათში” ვრცელი სტატია, რომელიც ასე მთავრდებოდა: ,,ინციდენტების და თავდასხმების მიუხედავად, ოპოზიცია ქალაქიდან გასვლისას აცხადებდა, რომ ზუგდიდის აქცია, როგორც 2 ნოემბრის გენერალური რეპეტიცია, შედგა და წარმატებითაც დასრულდა. ამჯერად მათ გეგმაში 2 ნოემბრის ,,პრემიერისთვის” მზადებაა.”

,,პრემიერა”, როგორც მას ”24 საათი” უწოდებს, პარასკევს მართლაც შედგა.

მანამდე კი მოვლენათა განვითარებას ასე აშუქებდა ქართული პრესა:

ორშაბათსვე გაზეთებში გაჩნდა სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობა, რომელიც იუწყებოდა, რომ ბადრი პატარკაციშვილმა ოპოზიციის დაფინანსების შესახებ საჯაროდ განაცხადა. ამ განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და მომდევნო დღეს ”ახალი თაობა” განცხადებასთან დაკავშირებით წერდა: ”ბადრი პატარკაციშვილი თუ ასეთი საშიში იქნებოდა სააკაშვილის რეჟიმისთვის, არავინ ელოდა. გუშინ მმართველ პარტიაში კოლექტიური ისტერიკა გუგუნებდა. ვისაც არ ეზარებოდა, ბიზნესმენს ლანძღავდა და წყევლიდა მხოლოდ იმიტომ, რომ მან ოფიციალურად განაცხადა მზადყოფნა, ფინანსური დახმარება გაეწია ოპოზიციისთვის.”

მიმდინარე კვირას კვლავ ბევრი იყო განსჯა და ანალიზი. ისინი თან ახლდა მოვლენების გაშუქებას, მოვლენების, რომლებიც ძალზე სწრაფად ვითარდებოდა. ორშაბათს ”24 საათის” ფურცლებიდან სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი საზოგადოებას მოუწოდებდა: ,,ვიფიქროთ საკუთარი ნაბიჯების შედეგებზე”.

”24 საათში” კი სამშაბათს გამოქვეყნდა პოლიტიკის ექსპერტის გია ნოდიას წერილი ”კონსტიტუციონალიზმი და პოლიტიკური მიზანშეწონილება”, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის არგუმენტი კონსტიტუციის შარშანდელი შესწორების არაკონსტიტუციურობის თაობაზე საკმაოდ ძლიერია.

ამასობაში განმუხურის ინციდენტი მოხდა. ,,რუსები ამტკიცებენ, რომ განმუხურში ჭირიან ღორებს ეძებენ”, - წერდა ,,რეზონანსი” 31 ოქტომბერს. ეს ინციდენტი სულ ცოტა ხნით შეენაცვლა 2 ნოემბრის აქციის თემას პრესაში.

ხუთშაბათს კი ”რეზონანსი” კვლავ საპროტესტო აქციისათვის მზადებაზე წერდა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შექმნილი კონფლიქტის გადაწყვეტის გზად რეფერენდუმს ასახელებდა. ეს გზა, გაზეთის მიხედვით, ”რეზონანსის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოჩნდა და ამ შედეგს გაზეთი მკითხველს სათაურიდანვე აცნობს: ,, მოსახლეობა ირჩევს რეფერენდუმს”.

,,დიდი ამბების მოლოდინში” - ასე იხსნებოდა გვერდი გაზეთ ”რეზონანსში” პარასკევს, მაგრამ იმ დღეს მოვლენები პრესას დაეწია. 2 ნოემბერი იყო და დიდი ამბებიც უკვე მიმდინარეობდა. იმ დღეს ”რეზონანსი” ”ფაინენშელ ტაიმსში” გამოქვეყნებულ სტატიასაც აქვეყნებს, რომელშიც ბადრი პატარკაციშვილი აცხადებს: ,,მე დავაფინანსე ვარდების რევოლუცია და ახლა ვაფინანსებ კონსტიტუციურ ცვლილებას მთავრობაში”.

პარასკევის ”ახალი თაობა” წერდა, რომ ,, ბადრი პატარკაციშვილი 2 ნოემბერს თბილისში არ იქნება”. შაბათს კი ქართული პრესა მკითხველს აუწყებს, რომ ბადრი პატარკაციშვილი 2 ნოემბერს აქციაზე მივიდა და სიტყვითაც გამოვიდა.

,, რუსთაველის გამზირს არ ახსოვს ამდენი ადამიანი, რამდენიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე იყო გამოსული”, - წერს გაზეთი ”რეზონანსი” შაბათის პუბლიკაციაში ,,რამ განარისხა ქართველი ხალხი”. მოწინავე სტატიაში კი კომპრომისის შესაძლებლობებზეა საუბარი და მასში გიგა ბოკერიას კომენტარს ვკითხულობთ: ,, ეს არის პოლიტიკური კაპრიზი, კაპრიზების გამო კი დათმობაზე წასვლას არ ვაპირებთ.”

შაბათის ”ალიას” მთავარი შეკითხვა ამგვარია: ,,სააკაშვილს ბათუმში თვითმფრინავი გასაფრენად ელოდება?” ამ სტატიას ასეთი ქვესათური აქვს: ,,მერაბიშვილის საიდუმლო ვიზიტები პატარკაციშვილის რეზიდენციაში”.

3 ნოემბრის პრესაში ბევრი კომენტარი იყო. გაზეთი ”ახალი თაობა” აქციაზე შეკრებილი ხალხის კომენტარებს გვთავაზობს: ,,დღეს ბზარი არ გვჭირდება. თუ ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც საზოგადოება და ხალხი ითხოვს, მაშინ ბზარი არსად არ დაგვჭირდება”, - ამბობს მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი ერთ-ერთ კომენტარში.

გაზეთი ”24 საათი” კი, აქციის მონაწილეთა კომენტარებთან ერთად, უმრავლესობის წევრთა თვალსაზრისსაც გვაცნობს პუბლიკაციაში ,,უმრავლესობის თვალით დანახული რუსთაველი”. ,, ოპოზიციის მთავარი შეცდომა ის არის, რომ მათ ულტიმატუმი პოლიტიკური დიალოგი ჰგონიათ”, - ამბობს პავლე კუბლაშვილი.
,,დღეს ქვეყანაში გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი და მას მიაჩნია, რომ ქვეყნისათვის ვადამდელი არჩევნები სიკეთის მომტანი ვერ იქნება”, - აცხადებს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე. საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა კი განაცხადა: ,,თუ ჩვენ ყველას გვეყო პასუხისმგებლობა, რომ ეს ყველაფერი ისე ჩავატაროთ, როგორც დემოკრატულ ქვეყანას ეკადრება, ძალიან კარგი იქნება.”

და კიდევ ერთი ამონარიდი გაზეთ ”24 საათში” შაბათს გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან: ,,ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას ვერ ახერხებენ. გუშინდელი საპროტესტო მიტინგის ორგანიზატორების პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა. ასე რომ, 2 ნოემბერი ’გრძელდება’ ” ...
XS
SM
MD
LG