Accessibility links

logo-print

არის თუ არა საქართველოში საომარი მდგომარეობის ან საომარი დაპირისპირების საფრთხე?


გასულ კვირაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა

საქართველოში განაცხადეს, რომ ქვეყანა საომარი მდგომარეობის პირობებშია, რის გამოც დაუშვებელია საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გაზაფხულზე. ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ, რომელზეც საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებას ელოდება, ასეთ განცხადებას სახიფათო გზავნილი უწოდეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. თუმცა ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ საფრთხის წინაშეა და ვითარებაც ახლოსაა საომარ მდგომარეობასთან. დღევანდელ სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” მინდა გესაუბროთ იმაზე,
თუ ვის როგორ ესმის საომარი მდგომარეობის ან საომარი დაპირისპირების საფრთხე საქართველოში.

2 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობისთვის ცნობილი გახდა, რომ ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება პირველად საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ გააკეთა მას შემდეგ, რაც რამდენიმე თანაპარტიელსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნები მოისმინა. დეპუტატმა განმარტა, თუ რატომ არ არის მიზანშეწონილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2008 წლის გაზაფხულზე, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს:

[მაია ნადირაძე] ”იმიტომ, რომ საომარ მდგომარეობაში არჩევნებს არ ნიშნავს არც ერთი ჭკუათმყოფელი ხელისუფლება და ეს არის მთავარი.”

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საომარი მდგომარეობის დროს არ ტარდება საპარლამენტო არჩევნები, იკრძალება დემონსტრაციებისა და შეკრებების ჩატარება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ასეთი მოულოდნელი განცხადება, მთავრობის სასახლის წინაშე მდგარი ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღიქვეს როგორც მუქარა, რომ ხელისუფლება ემზადება ძალისმიერი გზით საპროტესტო აქციის დასაშლელად. ასე აღიქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გზავნილი სახალხო საბჭოს წევრმა, დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა, რომელმაც რადიო ”თავისუფლებას” შემდეგი განუცხადა:

[დავით ბერძენიშვილი] ”თუ[ხელისუფლება] საომარ მდგომარეობას ეძახის ”მარბიელი ლაშქრის” საქმიანობას, ლურსმნებს, ბეტონის ფილებს, ღამით ხალხის ცემას, ანუ ასლანიზაციის პროცესს, რაც სახეზეა, [მინდა ვთქვა], რომ ასლანიზაციის პროცესი მთავრდება კატასტროფით და ქვეყნისთვის არ არის კარგი.”(სტილი დაცულია)

”საომარი მდგომარეობის” ცნება მოგვიანებით დააზუსტა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, 2008 წლის გაზაფხულზე ისეთი მოვლენები იყრის თავს, რის გამოც უპრიანია არჩევნები სწორედ შემოდგომაზე გაიმართოს. მათ შორის გიგა ბოკერიამ დაასახელა ბუქარესტის ნატოს სამიტიც:

[გიგა ბოკერია] ”ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ნატოს სამიტი ბუქარესტში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი არის. მთელი საქართველოსთვის, არა მარტო ხელისუფლებისთვის. ამას ემთხვევა რუსეთში არჩევნები და ემთხვევა ზოგიერთი ისეთი საერთაშორისო გადაწყვეტილება, რაც შეიცავს ხიფათს. და ძალიან ლოგიკური იყო იმის თქმა, რომ რამოდენიმე თვით არჩევნების გადაწევა ყველასთვის იყო მისაღები. საქართველოს ინტერესებისთვის იყო და არის მისაღები.”(სტილი დაცულია)

როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლება ბუქარესტის ნატოს სამიტზე ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებას ელოდება, რაც დიდწილად ქვეყნის სტაბილურ განვითარებასა და პროგრესზე იქნება დამოკიდებული. ამ თვალსაზრისით ქვეყანაში ”საომარ მდგომარეობაზე” საუბარი სახიფათო გზავნილად მიაჩნია ექსპერტ შალვა თადუმაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ალიანსი ძალიან ფრთხილად მოეკიდება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ამბიციებს:

[შალვა თადუმაძე] ”საომარ მდგომარეობაში ქვეყანას მთელი სამართლებრივი რეჟიმები უნდა გაევლო იმისთვის, რომ საომარ მგდომარეობაში ყოფილიყო. მეორე საკითხია: თუ ქვეყანა აპირებს საომარ მდგომარეობაში ჩადგომას, ეს იმას ნიშნავს, რომ ბუქარესტის სამიტის წინ ის უარს ამბობს მაპ-ის (გაწევრიანების სამოქმედო გეგმის) მიღებაზე, თუ ეს საკითხი განიხილება.”(სტილი დაცულია)

თუმცა საომარი მდგომარეობის საფრთხეს საქართველოს ირგვლივ რეალურს უწოდებს პროფესორი გიორგი გაჩეჩილაძე, პოლიტოლოგი, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო. გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, საქართველო რუსეთთან საომარ მდგომარეობაში 3 საუკუნის განმავლობაში იმყოფება, რაც საერთაშორისო საზოგადოებისა და ნატოს წევრი ქვეყნებისთვისაც ცნობილია. რუსეთის არაკეთილმეგობრული ზრახვების საილუსტრაციოდ, რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში პოლიტოლოგმა კიდევ ერთი არგუმენტი მოიშველია:

[ გიორგი გაჩეჩილაძე] ”საქართველო თითქმის სამი საუკუნეა იმყოფება რუსეთთან საომარ მოქმედებაში. და მეორე, დღეს ჩვენ თვალწინ, ჩრდილოკავკასიაში, მიმდინარეობს რუსეთის უზარმაზარი სამხედრო ძალების კონსოლიდაცია და მანევრები, რომლის მიზანი არის არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიის, არამედ სამხრეთ კავკასიის და, უნდა ვივარაუდოთ, საქართველოს გაკონტროლება. დიდი სტრატეგიული აზროვნება არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ საქართველოში აგორებული ტალღა და რუსეთში მიმდინარე ეს პროცესები ერთმანეთთან კავშირში არის და ეს სინქრონი არსებობს.”

ის, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია ხელს აძლევს რუსეთს, ამას გაერთიანებული ოპოზიცია ”სახალხო კრების” წევრებიც არ უარყოფენ. პაატა დავითაიამ, ლიდერმა პოლიტიკური პარტიისა ”ჩვენ თვითონ”, რადიო ”თავისუფლებას” ექსკლუზიური ინფორმაცია მიაწოდა იმ სახიფათო გეგმის შესახებ, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არსებულ რუსეთის სამშვიდობო ძალებს აქვთ:

[პაატა დავითაია] ”სრულიად შემთხვევით ჩამივარდა ხელში რუსეთის სამშვიდობო ძალების მოქმედების რუკა, სადაც ასეთი რაღაცაა, რომ თუ მოხდა რაღაც, გორის ჩათვლით დგება რუსეთის სამშვიდობო ძალები. გორის ჩათვლით! ასეთი სამკუთხედი იქმნება.”(სტილი დაცულია)

როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში თანხმდებიან იმაში, რომ ნებისმიერი დესტაბილიზაცია ქვეყნის შიგნით ხელს აძლევს მხოლოდ არაკეთილმოსურნე გარე ძალებს. მაგრამ მკვეთრი დაპირისპირება და გათიშვა იწყება მაშინ, როდესაც იწყება მსჯელობა იმაზე, თუ ვინ ”ასხამს მტრის წისქვილზე წყალს”. ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების 17 წლის შემდეგაც კი ეს საჭირბოროტო საკითხი კვლავ აქტუალურია საქართველოში.
XS
SM
MD
LG