Accessibility links

logo-print

საფუძვლიანია თუ არა ხელისუფლების მიერ დეკლარირებული საფრთხეეები?


რატომ არ არის მიზანშეწონილი საპარლამენტო არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე გამართვა?

საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნაა საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შესწორებამდე დადგენილ კონსტიტუციურ ვადაში, 2008 წლის გაზაფხულზე. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები რადიკალურია და მხოლოდ ამ ერთი პუნქტისგან არ შედგება, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ არჩევნების გაზაფხულზე დანიშვნა განმუხტავდა პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში. სახალხო მღელვარების მიუხედავად, პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა უკან დახევას არ აპირებენ და მყარად იმეორებენ იმ არგუმენტებს, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებას დაედო საფუძვლად. ხელისუფლების განმარტებით, საპარლამენტო არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე გამართვა სარისკოა სამი მიზეზის გამო. მათგან პირველ ადგილზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები სახელდება, მეორეზე - კოსოვოს ავტონომიის საკითხის გარკვევა და მესამეზე - ნატოს ბუქარესტის სამიტი. გასაზიარებელია თუ არა ხელისუფლების პრინციპულობა და რა კავშირში შეიძლება იყოს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ფაქტორები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან?

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების გადამუშავებულ პროექტს დაახლოებით ერთი წლის წინათ, 2006 წლის 14 დეკემბერს, უყარა კენჭი. ცვლილებების კანონპროექტი რამდენიმე პუნქტისგან შედგებოდა. მათგან ელჩებისა და მოსამართლეების დანიშვნის ახალ წესს საპარლამენტო უმცირესობამაც დაუჭირა მხარი. რაც შეეხება მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთად, 2008 წლის შემოდგომაზე, ჩატარების გადაწყვეტილებას, უმრავლესობამ ამ საკითხში ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნაც კი არ გაითვალისწინა. სწორედ მაშინ, საპარლამენტო განხილვებისას, უმრავლესობის წარმომადგენელთა მხრიდან ითქვა, რომ სამართლებრივი ფორმით წარმოჩენილ საკონსტიტუციო ცვლილებას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. მაშინ დასახელდა პირველი და მთავარი მიზეზიც, რომლის გამეორება, განვრცობილი სახით, ხელისუფლებას 11 თვის შემდეგ კვლავ დასჭირდა: საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციებს დაგეგმავს და საარჩევნო მარათონში ჩაბმულ ქვეყანას ამ პროვოკაციების მოგერიება გაუჭირდება.

[არჩილ გეგეშიძის ხმა]“რუსეთში საარჩევნო პერიოდს რომ ემთხვევა, ამითი ითქვა, რომ ჩეჩნეთში ორივე ომი დაწყებულა თურმე რუსეთში საარჩევნო პერიოდის დროს. და ახლა,რადგანაც თურმე რუსეთი აღარ დაიწყებს ომს ჩრდილო კავკასიაში ვიღაცის მიმართ, დაგვიწყებს ჩვენ. რატომ დაგვიწყებს? ან აქამდე რატომ არ დაგვიწყო? ან მომავალში რა გარანტია გვაქვს, რომ არ დაგვიწყებს? ეს ყველაფერი არის ძალიან არადამაჯერებელი არგუმენტი.“(სტილი დაცულია)

ამბობს პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე, რომლის აზრით, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თავიანთი მიზნების მთავარ მოტივაციას ნიღბავენ და საზოგადოებას და აქციაზე მისულ ადამიანებს, რომელთაც, თავიანთ მხრივ, კიდევ სხვა მიზნები ამოძრავებთ, სიმართლეს არ ეუბნებიან. არჩილ გეგეშიძის აზრით, ოპოზიციის მიზანია, ხალხის მღელვარების წყალობით, თავი დაიმკვიდროს მმართველ პოლიტიკურ სპექტრში. ანუ არჩევნების თარიღისათვის ბრძოლა მიზანია ხელისუფლებისთვის კონტრბალანსის შესაქმნელად. რაც შეეხება ხელისუფლებას, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მისი ჭეშმარიტი მიზანია ძალაუფლება შეინარჩუნოს და ამისთვის დრო სჭირდება. ისეთი შესაძლო წარმატებები, როგორებიცაა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარება დიმიტრი სანაკოევის პროექტის ფორმატში და მაპის მიღება, არჩილ გეგეშიძის გათვლებით, ხელისუფლებას შემოდგომაზე არჩევნების მოგების შანსებს გაუზრდის. რაც შეეხება კონკრეტულად ნატოს 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტს, მოგეხსენებათ, ამ სამიტზე უნდა გადაწყდეს, მიიღებს თუ არა საქართველო ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, იმავე მაპს. პოლიტოლოგი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ გაზაფხულზე ჩატარებული არჩევნები, შესაძლოა, მართლაც ნეგატიურად აისახოს საქართველოს მიზნებზე:

[დავით დარჩიაშვილის ხმა]“ ჩემთვის არსებითია, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან - საკვანძოდ მნიშვნელოვან - დროს საქართველო იყოს სტაბილური და საქართველო აჩვენებდეს რაღაცა მეტ–ნაკლებ კონსენსუსსა და პოლიტიკურ ჩარჩოებში მეტ–ნაკლებად ყოფნას. თუ არჩევნები ამას აურევს, - და რისკი დიდია, რომ არეულობა იყოს აქ, საქართველოში, - მაშინ ჯობია, რომ პირველად გავითვალისწინოთ ის, რასაც წეღან ვამბობდი: ვაჩვენოთ საქართველოში სტაბილურობა. არ არის გამორიცხული, რომ ამ მაღალი დაპირისპირების პირობებში არჩევნებმა ეს სტაბილურობა დაარღვიოს.“

პოლიტოლოგი გიორგი მარგველაშვილი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ საპარლამენტო არჩევნების საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად 2008 წლის შემოდგომაზე ჩატარების გადაწყვეტილების გასამყარებლად დაყენებული ყველა არგუმენტი ანგარიშგასაწევია, თუმცა არ არის საკმარისი მიზეზი საიმისოდ, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო სისტემიდან გავიდეს. გიორგი მარგველაშვილს ჩვენ კოსოვოს ფაქტორის საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილ შესწორებასთან კავშირის განმარტება ვთხოვეთ.

[გიორგი მარგველაშვილის ხმა]“კოსოვოს ფაქტორი, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის არასასიამოვნო ფაქტორი. კოსოვოს ფაქტორი, სამწუხაროდ, ინიცირებულია საქართველოს მეგობარი დასავლური ქვეყნების მიერ და ეს ჩვენთვის არანაირად ხელსაყრელი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ პრეზიდენტი - ფაქტობრივად, ძალაუფლების ვერტიკალი - შენარჩუნებულია და პრეზიდენტი რჩება თავის უფლებამოსილებაში. და უფლებამოსილებაში რჩება 2009 წლის 4 იანვრამდე. ჩვენ ამ შემთხვევაში მარტო ვცვლით საკანონმდებლო ხელისუფლებას. ასე რომ, რა პრობლემაა?“(სტილი დაცულია)

კითხულობს პოლიტოლოგი გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების განმარტებით კი, პრობლემა თავს იჩენს 2008 წლის იანვარ–თებერვალში, როდესაც, გეგმის თანახმად, კოსოვოს სტატუსი განისაზღვრება. კოსოვოს აღიარების შემთხვევაში, რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასაც მოითხოვს, – ფიქრობენ ხელისუფლებაში.
XS
SM
MD
LG