Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია გრძელდება - ოპოზიციის ლიდერებმა შიმშილობა გამოაცხადეს


პარლამენტის წინ 2 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქცია

მეოთხე დღეა გრძელდება და, როგორც ოპოზიციის ლიდერთა განცხადებებიდან ირკვევა, მანამ არ შეწყდება, ვიდრე ხელისუფლება მიტინგის მონაწილეთა მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. მიტინგის მონაწილენი კი პრეზიდენტის გადადგომას, პარლამენტის არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას, საარჩევნო კოდექსის შეცვლასა და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. როგორ აპირებს გაერთიანებული ოპოზიცია მიზნის მიღწევას და როგორ უპასუხებს მას ხელისუფლება?

2 ნოემბერს დაწყებული მიტინგი, ცვალებადი ინტენსივობით, დღე-ღამის განმავლობაში თითქმის უწყვეტად გრძელდება, თუმცა, ამის მიუხედავად, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებს მაინც მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] „ჩვენ აქედან ფეხს არ ვიცვლით, ჩვენ აქვე ვრჩებით ბოლომდე და ვითხოვთ ”საქართველოს, პრეზიდენტის გარეშე”. მინდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მივმართო: მოდით, მოდით ჩვენთან!..“

კონსერვატორული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა, ამ სიტყვებით მხარდამჭერებს პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ მიმართა. ასევე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლამ აიძულა დეპუტატი ლევან გაჩეჩილაძე პროტესტის მეტად რადიკალური ფორმისთვის მიემართა:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] „ამ წმინდა ადგილას მხოლოდ და მხოლოდ პირადი მაგალითისა და თავგანწირვის შედეგად შეიძლება გამარჯვების მიღწევა. აქედან გამომდინარე, თქვენი მონა-მორჩილი ლევან გაჩეჩილაძე დღეს აცხადებს შიმშილობას. მე არ მინდა ძალადობის ანკესზე წამოვეგო, ისინი წამოეგონ ჩემს ანკესზე. არ შევწყვეტ შიმშილობას მანამ, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.“

უნდა ითქვას, რომ ლევან გაჩეჩილაძეს ოპოზიციის სხვა ლიდერებმაც მიბაძეს. შიმშილობის აქციას შეუერთდა „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი, რომელმაც გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მიტინგზე შეკრებილ ადამიანებს პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებისკენ მოუწოდა. პირველი პიკეტი - უფრო სწორად, ეგრეთ წოდებული „სირცხვილის დერეფანი“ - შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გაიმართა.

[აქციაში მონაწილეთა ხმა] „გრცხვენოდეთ, გრცხვენოდეთ... სირცხვილია ამ სამინისტროში მუშაობა, სირცხვილია ვანო მერაბიშვილთან მუშაობა, სირცხვილი...“


მოგვიანებით მიტინგის მონაწილეებმა ასევე ცოცხალ რკალში მოაქციეს საქართველოს პარლამენტის შენობა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარესთან ბიუროს სხდომა მიმდინარეობდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება დაიცავს კანონს და არ შეზღუდავს მიტინგში მონაწილეე მოქალაქეების უფლებას შეიკრიბონ და აზრი გამოთქვან ამა თუ იმ სახელმწიფო დაწესებულებასთან:

[გიგა ბოკერიას ხმა] „სანამ ეს აქცია მშვიდობიანია, სანამ კანონის ფარგლებში ჯდება, მანამდე არანაირი პრობლემა არ არის. თუ უნდათ სახელმწიფო ორგანიზაციებთან საკუთარი აზრის გამოხატვა, ეს მათი უფლებაა და ამის გაკეთება აფიშირების გარეშეც შეიძლებოდა.“

თუმცა, როგორც ირკვევა, ხელისუფლების წარმომადგენელთა ამგვარი მოზომილი გამონათქვამები აღარ აკმაყოფილებთ საპროტესტო აქციაში მონაწილე ადამიანებს. ია სალაყაია და რეზო ზოიძე რუსთაველის გამზირზე ორი ნოემბრიდან დგანან.

[ია სალაყაიას ხმა] „გვეუბნებიან დემოკრატიის ჩარჩოებში მოექეცითო. მათი მიზანია დაგვღალონ, ჩვენი მიზანი კი მათი დაღლაა. მოვკვდებით შიმშილით და ფეხზე დგომით და, სანამ არ დათმობენ, არსად წავალთ.“

[რეზო ზოიძის ხმა] „ვიდგებით, სანამ დანაპირებს არ შეასრულებენ. ეს ის ხალხია, რომელმაც ხელისუფლება აირჩია და თუ უყვართ საკუთარი ხალხი, მაშინ მოვიდნენ და დაგველაპარაკონ. თუ ხალხი არ უყვართ, რა უნდათ მაშინ.“

რას ფიქრობს ხელისუფლება ხალხზე? თბილისის მერმა გიგი უგულავამ გლდანში დასასვენებელი პარკის გახსნისას განაცხადა, რომ საქართველოში მუშაობს კარგად აწყობილი სიცრუის მანქანა და რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხის დიდი ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი:

[გიგი უგულავას ხმა] „ჩვენი მთავარი იარაღი არის სიმშვიდე და სიმტკიცე, რომ რასაც ვაკეთებთ, გავაკეთოთ იმავე ტემპით. არამც და არამც არ უნდა დავყოთ ხალხი ჩვენიანებად და მტრებად. რაც უნდა ნისლით დაფარო ქვეყანა და ჩალით გადახურო, პატრიოტიზმის ნაცვლად ბადრიოტიზმს ვერ შემოგვაპარებენ.“



  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG