Accessibility links

რა შეცვალა პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლამ, რის მანიშნებლად აღიქვეს პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა მის მიერ გაკეთებული განცხადებები


ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლა თბილისის ცენტრში,

რუსთაველის გამზირზე, 2 ნოემბერს დაიწყო. აქციის ორგანიზატორების მიერ გამოტანილ მთავარ მოთხოვნას - საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს - 3 ნოემბერს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა დაემატა. პრეზიდენტმა კი საზოგადოების გასაგონად თავისი მოსაზრებები 4 -ში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩამოაყალიბა. მიხეილ სააკაშვილმა ხალხს არ მიმართა, გამოსვლის ფორმად მან ინტერვიუ აირჩია, რითაც სცადა იმის ხაზგასმა, რომ ქვეყანაში საგანგაშო არაფერი ხდება, რომ ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს. მიხეილ სააკაშვილმა მშვიდი ტონით განმარტა, რომ ქუჩაში გასული ოპოზიციისგან ულტიმატუმებს არ მიიღებს. როგორ და რის მანიშნებლად აღიქვეს პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ 4 ნოემბერს გაკეთებული განცხადებები?

{მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”...შეიქმნას განცდა და ვირტუალური რეალობა იმისა, რომ საქართველო ირყევა, საქართველო დასუსტდა, არა მარტო მთავრობას შეუდგა წყალი, საქართველო არის დასუსტებული. ”

საქართველოს პრეზიდენტმა ასე ახსნა მიზანი მთელი იმ პროცესის, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში დიდ საპროტესტო გამოსვლაში გადაიზარდა. პრეზიდენტის ინტერვიუში გაკეთებული მთავარი მინიშნება იყო ის, რომ ოლიგარქიული ძალები ლობირებენ საქართველოში არეულობის მოწყობას რუსეთში არჩევნების წინ, რომ ხელისუფლებას ესმის ქუჩაში გამოსული ხალხის პრობლემების, მაგრამ არ დაუშვებს კომპრომისს, მით უფრო ძალასთან, რომლის უკან მდგომსაც სურს სუსტი საქართველო.

”საქართველოს აქვს სერიოზული გამოწვევები - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და უმუშევრობა. ჩვენ ამ პრობლემებს გადავწყვეტთ. საპროტესტო აქციები დემოკრატიის ნაწილია და ეს ნორმალურია. მე ყველაფერს ვუსმენ, რასაც ხალხი ლაპარაკობს. მე ქვეყნის და საქართველოს თითოეული მოქალაქის პრეზიდენტი ვარ. საქართველოში არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარება ძალიან სარისკოა, რადგან 2008 -ში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. ამას გარდა, 2008 წლის იანვარში ან თებერვალში კოსოვოს ბედი უნდა გადაწყდეს,
ჩვენ ეს სწორად ვერ ავუხსენით საზოგადოებას.” - ეს არის ნაწყვეტი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუდან, რომელშიც ითქვა აგრეთვე:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”საქართველოში ყველაფერი იქნება მაშინ, როცა ეს არის გათვალისწინებული კონსტიტუციით, ქვეყნის ინტერესებიდან და სტაბილურობიდან გამომდინარე. ყველანაირი რყევა, თუნდაც ძალიან დიდი ფულის დახარჯვით, აწი არავის გამოუვა. ” (სტილი დაცულია)

თბილისის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორები პრეზიდენტის განცხადებებმა კიდევ უფრო აღაშფოთა:

{ლევან ბერძენიშვილის ხმა] ” მან ჩვენ გვიწოდა რუსული შავ-ბნელი ძალები. მე მსგავსი სისულელე, უბრალოდ, არ მომისმენია დიდი ხანია. საქართველოს პრეზიდენტს არ ყოფნის ძალა გაიაზროს, რომ ორჯერ ორი ოთხია. ”

თქვა ლევან ბერძენიშვილმა. მის ნათქვამს თინა ხიდაშელი დასძენს:

[თინა ხიდაშელის ხმა] ”საქართველოს პრეზიდენტი იწვევს ქართველ ხალხს, ქართველი ხალხი ამ გამოწვევას იღებს. ”

”ეს არის ნერვების ომი, ომი, რომლის პირობებშიც ან ხელისუფლება უნდა შეშინდეს, ან ოპოზიციამ უნდა დაიხიოს უკან. ხელისუფლება თავის ქმედებებში თანმიმდევრულია, აჩვენებს, რომ არ ეშინია, მაგრამ, არც ოპოზიცია იხევს უკან”, - ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია, რომლის ვარაუდით, პოლიტიკურმა დაპირისპირებამ ყველაზე რადიკალურად განწყობილ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეიძლება რამდენიმე კვირას გასტანოს:

[გია ნოდიას ხმა] ”არც ერთი მხარე უკან არ იხევს. ხელისუფლება სწორია, როცა აჩვენებს, რომ მიტინგის გამო უკან არ იხევს და ამავე დროს ესმის საზოგადოების პრობლემები და აჩვენებს, რომ ღიაა ხალხთან სასაუბროდ და ხალხის პრობლემების გასაგებად. ეს გზავნილი მაქსიმალურად უნდა მოდიოდეს ხელისუფლებიდან.” (სტილი დაცულია)

პოლიტოლოგი შალვა ფიჩხაძე კი არ მიიჩნევს, რომ ხელისუფლება აცნობიერებს საზოგადოების რეალურ განწყობილებებს. თუმცა ფიქრობს, რომ ოპოზიციისთვის საპროტესტო მუხტის, საზოგადოებაში დაგროვილი ემოციის გარეთ გამოტანა გაცილებით მომგებიანი იქნებოდა უშუალოდ არჩევნების წინ, იქნება ის აპრილში თუ ნოემბერში, და არა დღეს:


[შალვა ფიჩხაძის ხმა] ”თუკი ოპოზიციის ეს ნაწილი დღეს განიცდის მარცხს და ვერ მიაღწევს შედეგებს, შეიძლება ამან აქ ჩამოყვანილ ხალხში, - ხალხში, ვისაც შეუქმნეს იმედები, - გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვიოს. ” (სტილი დაცულია)

XS
SM
MD
LG