Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესა


ქართული პრესის წარმმართველ თემად იქცა ყოფილი თავდაცვის მინისტრის,

ირაკლი ოქრუაშვილის, სატელევიზიო ინტერვიუ, რომელსაც მედიამ ოქრუაშვილის ”მეორედ მოსვლა” უწოდა. 5 ნოემბერს მიუნხენში მყოფმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია იმედის ღამის პროგრამაში განაცხადა, რომ იგი საქართველოდან იძულებით გაამგზავრეს, მიხეილ სააკაშვილის პირადი მითითებით, მიხეილ სააკაშვილისა,რომელიც ოქრუაშვილმა ადოლფ ჰიტლერს შეადარა. ირაკლი ოქრუაშვილის სატელევიზიო ინტერვიუს ტექსტურ ვარიანტს სრულად აქვეყნებს გაზეთი ”ალია”. ”მე მიმძიმს დღეს საუბარი იმის გამო, რომ ვიქეცი იძულებით პოლიტიკურ ლტოლვილად მიხეილ საააკშვილის რეჟიმის პირობებში. ვიქეცი იძულებით პოლიტიკურ ლტოლვილად, მაგრამ მალე დავბრუნდები, ძალიან მალე, და დავდგები იმ ხალხთან, რომელიც ახლა ქუჩაში იყინება, და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელისუფლება ძალიან მალე წავა. მათ საქართველო არ უყვართ და ეს დაადასტურეს”,- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა და დასძინა, რომ თუ მისი ოჯახის რომელიმე წევრს ან რომელიმე მეგობარს ერთი ღერი თმაც კი ჩამოუვარდება, საააკაშვილს სამაგიეროს გადაუხდის.

ირაკლი ოქრუაშვილის გამოჩენას ერთთვიანი პაუზის შემდეგ პოლიტოლოგების შეფასებები მოჰყვა. ”მისი გამოჩენა ამ აქციებს ახალ იმპულსს მისცემს, მეორე სუნთქვას გაუხსნის მათ. დღეს შეიძლება [მიტინგზე]უფრო მეტი ხალხი მოვიდეს”, - აცხადებს ”ალიასთან” ინტერვიუში პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი.
გაზეთი ”რეზონანსი” კვლავ ცდილობს განავითაროს რეფერენდუმის იდეა, როგორც ერთ-ერთი გამოსავალი შექმნილი ჩიხური ვითარებიდან. თუმცა მოთხოვნა, ჩატარდეს რეფერენდუმი იმის გასარკვევად, თუ როდის დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები, - სახელისუფლებო უმრავლესობამ უარყო და მას ბადრი პატარკაციშვილის მორიგი გზავნილი უწოდა.

ხოლო სტატიაში ”რა იმალება ხელისუფლების არგუმენტის უკან” ვკითხულობთ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემოდგომაზე ჩატარების ნამდვილი მიზეზი არის არა ის ეროვნული საფრთხეები, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაასახელა, არამედ ზრუნვა საკუთარ პოსტსა და უმრავლესობის პოლიტიკურ მომავალზე. ”ცნობილია, რომ ისეთ არასტაბილურ სივრცეში, როგორშიც დღეს ჩვენი ქვეყანა ცხოვრობს, ხელისუფლება ძალიან სწრაფად კარგავს რეიტინგს, რაც უნდა წესიერი და უმწიკვლო იყოს. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ დღევანდელ ხელისუფლებას მოუწია ძალიან მტკივნეული რეფორმების განხორციელება, რაც, როგორც ცნობილია, ნებისმიერი ხელისუფლების რეიტინგზე უარყოფითად მოქმედებს. ასევე შეცდომები, სახელისუფლებო პარტიის წვრების არცთუ თბილი, ხშირად ცინიკური გამოსვლები მათ ისედაც შერყეულ რეიტინგს კიდევ უფრო დაბლა სწევს. შესაბამისად, პრეზიდენტი ამ ორი არჩევნების დამთხვევით ეცდება თავისი მაღალი რეიტინგით ისარგებლოს და საზოგადოებას მოსთხოვოს, მისი არჩევის შემთხვევაში, პრეზიდენტის პარტიას დაუჭიროს მხარი საპარლამენტო არჩევნებზეც, რომელიც, როგორც ცნობილია, იმავე დღეს ტარდება”, - წერს გაზეთი ”რეზონანსი”.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG