Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ”ისევ რევოლუცია”, ”რუსეთის ოლიგარქები საქართველოში სიცრუის ფაბრიკას ქმნიან”, ”ეკლების რევოლუცია”

- ასეთი სათაურებით აქვეყნებს დღევანდელი რუსული პრესა რეპორტაჟებს თბილისში მიმდინარე მოვლენების შესახებ. კიდევ უფრო ოპერატიულია რუსეთის ინტერნეტგამოცემები: სამშაბათს გაზეთ ”იზვესტიას” ელექტრონული გამოცემა მყისიერად გამოეხმაურა ოპოზიციური ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ რუსეთის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციას. რუსეთის პრესის რამდენიმე პუბლიკაციას გაგაცნობთ.



ინტერნეტგამოცემა ”იზვესტია” სამშაბათს აქვეყნებს ცნობას თბილისში, რუსეთის საელჩოს შენობის წინ, ოპოზიციური ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ გამართული საპროტესტო აქციის შესახებ. აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან კავშირში დაადანაშაულეს და კრემლს მიხეილ სააკაშვილის რუსეთში წაყვანა მოსთხოვეს. აქცია ”თანასწორობის ინსტიტუტისა” და მოძრაობა ”ერთიანი საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ იყო მოწყობილი. პიკეტის მონაწილეებმა საელჩოს წინ თოკზე სააკაშვილისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა სურათები გამოფინეს. აქცია მიმდინარეობდა სკანდირების ფონზე: ”რუსეთო, წაიყვანე საქართველოდან რუსეთის აგენტები”, ”ვერ მოახდენ ჩვენზე ზეგავლენას”, ”ჩვენ თვითონ განვვითარდებით”. აქციის მონაწილეთა განცხადებით, თუ ადრე საქართველოში რუსეთის აგენტები ედუარდ შევარდნაძე და ასლან აბაშიძე იყვნენ, დღეს აგენტი მიხეილ სააკაშვილია, - წერს ინტერნეტგამოცემა ”იზვესტია”.
”ნევროზი ვარდებისგან” - ასეთი სათაურით ბეჭდავს 6 ნოემბრის გაზეთი ”მოსკოვსკი კომსომოლეცი” რეპორტაჟს რუსთაველის პროსპექტიდან. ავტორის აზრით, რუსეთის ირონიული დამოკიდებულება თბილისში მიმდინარე მოვლენებისადმი აუხსნელია და უფრო ემოციური დამოკიდებულებაა, ვიდრე პოლიტიკური გათვლით გამოწვეული პოზიცია. ”რა შეიცვლება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, თუ ოპოზიცია თავის მიზანს მიაღწევს და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლას შეძლებს? - არც არაფერი. პროამერიკული კურსის შეცვლის შანსი მინიმალურია. რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ჯერ კიდევ ”ვარდების რევოლუციამდე”, ედუარდ შევარდნაძის დროს, დაკარგა. ასე რომ, კრემლის განსაკუთრებული მიუღებლობა ნარინჯისფერი სააკაშვილის მიმართ გულუბრყვილობაა.”
დაბოლოს, ინტერნეტგამოცემა ”ნიუსრუს” ცნობით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ თითქოს თბილისში მიმდინარე აქციები რუსეთიდან იმართება, გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ლავროვის განცხადებით, მოსკოვი შეშფოთებით ადევნებს თვალყურს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს: ”მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის კომენტარისგან თავს შევიკავებდი. ფარსი, რომლითაც ხელმძღვანელობს საქართველოს ხელისუფლება, ყველასთვის ნათელია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.”
XS
SM
MD
LG