Accessibility links

logo-print

საპროტესტო აქციის ტალღამ პარლამენტშიც შეაღწია


2 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების გამო კვლავ გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

ოპოზიციის ლიდერთა ერთი ნაწილი, მიტინგზე სიტყვით გამოსვლის პარალელურად, კვლავ აგრძელებს შიმშილობის აქციას, რომელსაც, უკანასკნელი ინფორმაციით, ოცამდე ადამიანი შეუერთდა. თუმცა, ოპოზიციის მსგავსად, დათმობაზე წასვლას არც ხელისუფლება აპირებს, რომლის ნაწილი, საქართველოს პარლამენტის სახით, ორი ნოემბრის შემდეგ პირველად შეიკრიბა. მინდა გიამბოთ იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოს პარლამენტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს წევრებმა შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება 5 ნოემბერს მიიღეს. ლევან გაჩეჩილაძეს ჯერ კობა დავითაშვილი, მოგვიანებით კი პაატა დავითაია და ბიძინა გეგიძე შეუერთდნენ, თუმცა როგორც კონსერვატორული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა, ამბობს, მოშიმშილეთა რაოდენობა ამით არ შემოიფარგლება:

[კახა კუკავას ხმა] „დღეს დილისთვის შეუერთდა მათ ორი ათეული ჩვენი თანამოქალაქე და აპირებს კიდევ ასამდე ადამიანი შეუერთდეს შიმშილობის აქციას. ჩვენ ახლა ვამოწმებთ, რომ არ მოხვდნენ მოშიმშილეთა შორის 21 წლამდე ახალგაზრდები, ქალები და დიაბეტით დაავადებული პირები. მიხეილ სააკაშვილმა ეს ადამიანები გაწირა სასიკვდილოდ, მაგრამ ჩვენ ვერც მოშიმშილეებს და ვერც ჩვენს ქვეყანას სასიკვდილოდ ვერ გავწირავთ.“

კახა კუკავა ხსნას საპროტესტო აქციის გაგრძელებასა და მიტინგში მონაწილე ადამიანთა რიცხვის გაზრდაში ხედავს, არადა, ტემპერატურის ვარდნისა და ნალექიანი ამინდის გამო, ბევრ ადამიანს, მათ შორის, დედოფლისწყაროელ რევაზ ბერიძესაც უჭირს რუსთაველის გამზირზე დგომა:

[რევაზ ბერიძის ხმა] „გვცივა, მოგვიტანეს თბილი ჩასაცმელები. ჩავიცვამთ, გავჩერდებით, ღამე ხანდახან გავდივართ. ძნელია დგომა, სიცივეა!“

რუსთაველის გამზირისგან განსხვავებით, გაცილებით მაღალი ტემპერატურაა პარლამენტის შენობაში, სადაც 6 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოს წევრები შეიკრიბნენ. გაირკვა, რომ უმრავლესობის რიგები და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა ლადო პაპავამ, რომელიც, უმრავლესობის წევრის გუგული მაღრაძის მსგავსად, არჩევნების გაზაფხულზე დანიშვნის მომხრეა. გუგული მაღრაძემ მისთვის მოულოდნელად გაარკვია, რომ ფრაქციიდან ერთი თვის წინ გაურიცხავთ:

[გუგული მაღრაძის ხმა] „მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ტყუილის თქმაში დაუდანაშაულებია ვინმეს, განსხვავებით უმრავლესობის ზოგიერთი ლიდერისაგან, რომლებმაც განაცხადეს მტკნარი ტყუილი გუშინ, თითქოს მე უმრავლესობის რიგებიდან გავურიცხივარ ერთი თვის წინ. თუ ეს ეგრეთ წოდებულმა ”ტროიკამ” გადაწყვიტა, მაშინ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ დემოკრატიის რა დონე აქვთ უმრავლესობის ლიდერებს.“ (სტილი დაცულია)

თუმცა უმრავლესობის ლიდერებმა, დემოკრატიულობის ნაცვლად, საკუთარი რიგების ერთიანობაზე ლაპარაკი არჩიეს. პავლე კუბლაშვილმა მხარდამჭერებისა და ოპონენტების გასაგონად თქვა:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „თუ ვინმეს რაღაც ეჭვები ღრღნის, რომ უმრავლესობის შიგნით არის განხეთქილება ან არის რაიმე ტიპის რყევები, გადახედოს დარბაზში უმრავლესობის წევრთა რაოდენობას და თავი დაიმშვიდოს იმით, რომ უახლოესი მომავლის განმავლობაში არაფერი ემუქრება ამ უმრავლესობას და, შესაბამისად, პარლამენტის ფუნქციონირებას.“

პარლამენტის ფუნქციონირებას საფრთხე ვერც დარბაზში მყოფმა ერთადერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შეუქმნა. კახა კუკავა უმრავლესობის წევრთა იმ გამონათქვამებმა გააღიზიანა, რომლის თანახმადაც ქუჩაში ხალხი სოციალურმა გაჭირვებამ, ხოლო ოპოზიცია ბადრი პატარკაციშვილმა გამოიყვანა:

[კახა კუკავას ხმა] „როცა საუბრობთ, რომ პატარკაციშვილი მართავს პროცესებს... ძალიან მაინტერესებს, ის პროცესები, რამაც ხალხი გამოიყვანა ქუჩაში, პატარკაციშვილმა შექმნა? გირგვლიანის მოკვლა პატარკაციშვილმა გიბრძანათ? საარჩევნო კოდექსის დამახინჯება პატარკაციშვილის მიერ იყო ორგანიზებული? დღეს რა საკითხს უნდა იხილავდეს პარლამენტი? არ უნდა იხილავდეს იმ საკითხებს, რაც ხალხმა დააყენა? არ უნდა ეძებდეთ დიალოგის გზას?”

კახა კუკავას პასუხად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ დიალოგის გზა, რომლის შესახებაც ოპოზიცია ლაპარაკობს, არავის ჩაუხერგავს. ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლება მზად არის გამართოს დიალოგი ოპოზიციასთან დემოკრატიული არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფასა და საარჩევნო კოდექსის სრულყოფასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ოპოზიციის სხვა მოთხოვნებს, განსაკურებით კი არჩევნების გაზაფხულზე დანიშვნას, პარლამენტის თავმჯდომარე შეუვალია:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „დიალოგი ვერ გაიმართება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელმაც შეიძლება ქვეყანა და მისი სტაბილურობა დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ! არ შეიძლება ქვეყანაში ხელისუფლება გადაწყვეტილებას კონსტიტუციურ საკითხებთან დაკავშირებით იღებდეს მხოლოდ და მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ამას მიტინგზე მოსული ადამიანები ითხოვენ.“

ნინო ბურჯანაძის ეს განცხადება ოპოზიციის ლიდერებმა მორიგ გამოწვევად აღიქვეს. დავით ბერძენიშვილის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება, თუკი ხალხი ოთხი წლის წინ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] „ჩვენ ოთხი წლის წინ გავუშვით შევარდნაძე და გავაყოლეთ მას „მოქალაქეთა კავშირის“ ერთი ნახევარი. ამ ხელისუფლებას ჰყავს ნარჩენები და ჩვენ ყველანი საქართველოს ამ ნარჩენებისგანაც გავათავისუფლებთ. „საქართველო - შევარდნაძის ნარჩენების გარეშე!“ - აი, ეს იქნება შედეგი...“
XS
SM
MD
LG