Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილის მესამე აღიარება - რა შეცვალა მიუნხენიდან მის მიერ გაკეთებულმა საჯარო განცხადებებმა


საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საქართველოს დაძაბულ პოლიტიკურ რეალობაში მორიგი დისონანსი

თავისი მესამე სკანდალური აღიარებით შეიტანა. ტელეკომპანია ”იმედის” პირდაპირ ეთერში ის მიუნხენიდან 5 ნოემბერს ჩაერთო და უარყო თავისი ყველა ის აღიარება, რომელიც თავის დროზე საზოგადოებამ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მეშვეობით მოისმინა... გირაოს წესით პატიმრობიდან თავდებით გათავისუფლებული ექს-მინისტრის გამოსვლას რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები აქციიდან ადევნებდნენ თვალს, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ეჭვმიტანილმა ოქრუაშვილმა უცხოეთიდან მათ გამძლეობა უსურვა და მოუწოდა დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მიიყვანონ. რა მოხდა ამ გამოსვლის შემდეგ, როგორ უპასუხა ხელისუფლებამ ირაკლი ოქრუაშვილის მესამე სკანდალურ განცხადებას?

”სირცხვილია, რომ ასეთი ადამიანი კარგა ხნის მანძილზე ჩვენს გვერდით იყო და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ ლიდერს წარმოადგენდა”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 6 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო მიტინგის პარალელურ რეჟიმში, პარლამენტის სხდომაზე გამომსვლელებმა ირაკლი ოქრუაშვილის მესამე სკანდალურ გამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს. საპარლამენტო უმრავლესობის სხვადასხვა წარმომადგენლებმა ოქრუაშვილი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან ალიანსში, საქართველოში პოლიტიკური ვითარების არევის მცდელობაში დაადანაშაულეს და, გენერალური პროკურორის მოადგილის ნიკა გვარამიას მიერ 6 ნოემბერს დილით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ტყუილში ამხილეს:

[გივი თარგამაძის ხმა] ”ერთ კონკრეტულ მონაკვეთში მაინც როგორ თვალის დაუხამხამებლად იტყუება ოქრუაშვილი, როდესაც ლაპარაკობს ტესტზე, როცა ამბობს, რომ ადამიანი, რომელიც დაეხმარა მას და მოამარაგა ბადრიას ფულებით, დაიჭირეს. ეს ადამიანი თავად უარყოფს ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ თუ ნახავთ ოქრუაშვილის გამოსვლას, ის ისე იტყუება, რომ თვალს არ ახამხამებს. ”

თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის მიერ მინიშნებულ მონაკვეთში ოქრუაშვილი ლაპარაკობს ტესტზე, რომელმაც, მისი მტკიცებით, ნათელყო საქართველოს ხელისუფლება როგორ უსწორდება მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს. გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ კი საზოგადოებას განუმარტა, რომ ტესტი დავით ჯიბღაშვილზე განხორციელდა, ადამიანზე, რომლის პლასტიკური საკრედიტო ბარათითაც ირაკლი ოქრუაშვილი სარგებლობდა ლონდონში ყოფნის დროს და ამის გამო სამართალდამცველების მიერ ხორციელდებოდა მისი თვალთვალი. რა თქვა ოქრუაშვილმა?

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] ”მე მქონდა მცდელობა, გუშინ პატარა ტესტის მაგვარი ჩავატარე საქართველოში დაბრუნებისა. ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ხელისუფლებაში. ერთ-ერთი პიროვნება, რომელსაც მიუნხენში შევხვდი და ვესაუბრე, პირდაპირ ტრაპთან დააკავეს და ტყეში წაიყვანეს. მისგან მოითხოვდნენ ეთქვა, რა თემაზე ვესაუბრე. მიშა, შეიძლება მე დღეს ბევრ ადამიანს ვხვდებოდე, მაგრამ თავში ერთი რამ მიტრიალებს: როგორ უნდა მოსცილდე შენ ხელისუფლებას.”

[ნიკა გვარამიას ხმა] ”ოქრუაშვილის გამოსვლის შემდეგ ჯიბღაშვილი დაუკავშირდა ოქრუაშვილის თანაპარტიელს, მასთან დაახლოებულ პირს, და აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ.”

ეს უკვე გენერალური პროკურორის მოადგილის ნიკა გვარამიას განცხადება იყო. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში, სატელეფონო საუბრის ჩანაწერში, რომელიც, გვარამიას თქმით, კანონის მითითებული პროცედურების შესაბამისად განხორციელდა, ჯიბღაშვილი ბადრიას ახსენებს:


[სატალეფონო ჩანაწერის ხმა] ”ჩავედი ბადრიას და მაგის ფულების სატარებლად. არ უნდა ჩავსულიყავი, შემეცოდა ადამიანურად, გაქცეული კაცია. ტესტი არა ვარ, გადაეცი ეს მაგას. მაგისი ნახვა არ მინდა, საერთოდ. ”

ვინ არის დავით ჯიბღაშვილი, რომელსაც სამართალდამცველები უთვალთვალებდნენ? - ის არის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ყოფილი დირექტორი, რომელიც თავის დროზე დაკავებული იქნა კორუფციაში მონაწილეობის ბრალდებით და ოქრუაშვილის გენერალურ პროკურორად მუშაობისას იქნა გათავისუფლებული. რაც შეეხება მის მიერ ნახსენებ ბადრიას, მასში, ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი უნდა იგულისხმებოდეს. სააგენტო ”ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა ბადრი პატარკაციშვილის განცხადება. ის ამბობს, რომ ბოლო პერიოდში არ ჰქონია ურთიერთობა ირაკლი ოქრუაშვილთან, თუმცა აფასებს იძულებით განდევნილი პირის ვაჟკაცობას, რომ იპოვა საკუთარ თავში ძალა სიმართლის სათქმელად. ”როგორც ჩანს, ხელისუფლებას თავისი ხალხი დაბალი გონებრივი მონაცემების ჰგონია, იმდენად დაბალის, რომ ვერ ხვდება, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში არ არსებობს ფულით სავსე ჩემოდნის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში ტარების აუცილებლობა”, - აცხადებს ბადრი პატარკაციშვილი. ამას გარდა, ნანა ლეჟავამ 6 ნოემბერს გამოთქვა ეჭვი, რომ დავით ჯიბღაშვილი მას სამართალდამცველების ზეწოლის პირობებში ესაუბრა. ლეჟავა აცხადებს, რომ ჯიბღაშვილთან საუბარი მას 6 ნოემბერს დილითაც ჰქონდა და მაშინ ჯიბღაშვილმა უამბო მისი დაკავებისა და ტყეში წაყვანის ამბავი.

ასეთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების წყება მოჰყვა ყოფილი თავდაცვის მინისტრის უკვე მესამე სკანდალურ გამოსვლას. მასში ირაკლი ოქრუაშვილმა უარყო თითქმის ყველაფერი, რაც ცნობილ აღიარებით გამოსვლაში თქვა, და ხელისუფლებას ახალი ბრალდებები წაუყენა. აღნიშნა, რომ ის ქვეყნიდან იძულების წესით გააძევეს, რომ გირაო, 10 მილიონი ლარი, მის მეგობრებს არ გადაუხდიათ, რომ არა აქვს არავითარი ალიანსი ბადრი პატარკაციშვილთან და ა. შ. და ა.შ. ერთი დეტალის შესახებ: ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ გირაოს ნაწილი კეზერაშვილის კარის მოლარეს, ვინმე თამაზ ნიჟარაძეს, გადაახდევინეს.
ნიკა გვარამიას განცხადებით, გირაოს ნაწილი, 6, 5 მილიონი ლარი, გადაიხადა ოქრუაშვილის მეგობრის, ქიბარ ხალვაშის, კომპანიამ, დანარჩენი ნაწილი კი -თამაზ ნიჟარაძემ, რომელთანაც ირაკლი ოქრუაშვილს 2006 წელს 135 სატელეფონო ზარი ჰქონდა, 2007 წლის 6 თვეში კი - 76. ნიკა გვარამიას თქმით, ”ვინმესთან” ასეთი სიხშირით არ რეკავენ.

XS
SM
MD
LG