Accessibility links

logo-print

ევროკომისიის ანგარიში ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატებსა და პოტენციურ კანდიდატებზე


ევროკომისიამ დღეს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ასახულია პროგრესი,

მიღწეული ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი და ამის რეალური შანსის მქონე ქვეყნების მიერ. ანგარიშში გამოთქმული შეფასებები ეხება ხორვატიას, მაკედონიას, თურქეთს, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, სერბიასა და კოსოვოს.

ევროკომისიას ევალება ყოველ წელს შეაფასოს, რა წინსვლას მიაღწიეს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველებმა გასაწევრიანებლად საჭირო კრიტერიუმების შესრულების მხრივ. ამ კრიტერიუმებს “კოპენჰაგენის კრიტერიუმები ეწოდება”.

თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება, მიიღებენ თუ არა ახალ წევრს, დამოკიდებულია ევროკავშირში უკვე გაწევრიანებულ ქვეყნებზე: საამისოდ, თითოეული მათგანის დაყაბულებაა საჭირო. ამის გამო ანგარიში, რომელიც დღეს გამოუშვა ევროკომისიამ, იმდენად არ მეტყველებს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველების შანსებზე, რამდენადაც პოლიტიკურ რეალობაზე ევროკავშირის ამჟამინდელ 27 წევრს შორის ურთიერთობაში.

ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ქება დაიმსახურა ხორვატიამ, კრიტიკა - მაკედონიამ და კვლავინდებურად არაერთაგვაროვანი შეფასება - თურქეთმა.

ჯერ ბალკანეთის ქვეყნებზე: მათგან, ფაქტობრივად ყველას აქვს მიღებული გაწევრიანების გარანტია ევროკავშირის ლიდერების მიერ 2003 წელს გაკეთებული განცხადებებით. საკითხავი მარტო ის არის, ვინ როდის გაწევრიანდება. ამასთან, გაწევრიანების კანდიდატის ოფიციალური სტატუსი ამ ეტაპზე მარტო ხორვატიაას და მაკედონიას აქვთ მიღებული.

ლიდერის როლში აშკარად არის ხორვატია. პროგნოზით, რომელსაც ევროკომისიის ანგარიში მოიცავს, ის 3-5 წელიწადში შეძლებს ევროკავშირში შესვლას. რაც შეეხება მაკედონიას, მისი მიღწევები ევროკომისიამ არ მიიჩნია საკმარისად საიმისოდ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებას შეუდგეს. მოლაპარაკებას შეუდგება ხორვატია, თუმცა მასაც მოუწოდებენ, განახორციელოს რეფორმები ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიც არის კორუფცია, სამართლებრივი სისტემის მოუქნელობა, სერბი ლტოლვილების დაბრუნება.

მაგრამ განსაკუთრებით რთული მაინც თურქეთის საკითხია. ევროკომისიის ანგარიშში განსაკუთრებით კრიტიკულად არის შეფასებული თურქეთის (ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის) სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლი, რომლის მიხედვით, დანაშაულად ითვლება თურქული ეროვნული იდენტურობის შეურაცხყოფა. ამას გარდა, ანგარიშის ავტორები საჭიროდ მიიჩნევენ თურქეთში მიმდინარე რეფორმების დაჩქარებას.

ზოგადად, ცნობილია, რომ თურქეთის - მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე მუსლიმანური ქვეყნის - მიღებას ევროკავშირში არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. მათ შორის არის საფრანგეთი, რომელიც მომავალ თვეში ევროკავშირის სამიტზე, სავარაუდოდ, შეეცდება მომხრეებთან ერთად, მიაღწიოს იმას, რომ თურქეთს შესათავზონ არა გაწევრიანება, არამედ სხვა სტატუსი, როგორც აცხადებენ, გაწევრიანების ალტერნატივა. არადა, თურქეთს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ყოველგვარი ალტერნატივა მისთვის მიუღებელი იქნება.

თუ ისევ ბალკანეთის ქვეყნებს დავუბრუნდებით, უნდა ითქვას, რომ ევროკავშირში მათს გაწევრიანებას ბუნებრივია, დაყოვნების საფრთხე მაინც შეექმნება რეგიონის დესტაბილიზაციის შემთხვევაში. ეს ეხება უწინარეს ყოვლისა სერბიას, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისევე როგორც მოუგვარებელი სტატუსის მქონე კოსოვოს.
XS
SM
MD
LG