Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებენ რიგითი მოქალაქეები პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს


საქართველოს პარლამენტის წინ პოლიციის სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშლას

მოქალაქეთა უმრავლესობა უარყოფითად აფასებს - ისინიც კი, ვინც იმ დროს საკუთარ სამუშაო ადგილზე ან ქუჩაში იყო. რატომ აკრიტიკებენ ხელისუფლების საქციელს რიგითი მოქალაქენი და რით ასაბუთებენ თავიანთ პოზიციას?

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მომიტინგეთა წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშლის ამსახველი კადრები ბევრმა მოქალაქემ საკუთარ სამუშაო ადგილზე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში იხილა.

[ისმის ტელევიზორის ხმა]

[მოქალაქის ხმა] ”საშინელებაა, ეს არის ბარბაროსობა - საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გაზის, ხელკეტების გამოყენება... და ფეხებს ურტყამდნენ... ეს ვერ წარმომიდგენია. ვუყურებ ტელევიზორს და ცრემლები მომდის.”(სტილი დაცულია)

ეს ქალბატონი, ცირა ჩაჩაშვილი, საკუთარ სამსახურში, ფოტოსალონში, ადევნებდა თვალყურს პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს. სხვა მოქალაქეს, ბატონ ბადრის, რომელსაც მე სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვლისას გავესაუბრე, აი, ასეთი აზრი აქვს მომხდართან დაკავშირებით:

[მოქალაქის ხმა] ”ჩემი აზრით, მთავრობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს. არც მოუსმინო და თან გაზით მოწამლო და ჯოხები დაარტყა, ეს არ არის მართალი.”(სტილი დაცულია)

ერთ-ერთ ახალგაზრდა ქალბატონს ”მაკდონალდსის” სწრაფი კვების რესტორნიდან გამოსვლისას ვკითხე, რას ფიქრობს პარლამენტის წინ მომხდარის შესახებ.

[მოქალაქის ხმა] ”მიუღებელია, იმიტომ რომ ხალხი მართლა თავისი უფლებების დასაცავად იყო და იმ მოთხოვნების შესასრულებლად, მართლა კეთილი სურვილებით ისევ ქვეყნისთვის და ისევ ხალხისთვის.”(სტილი დაცულია)

აი, როგორია აზრი კიდევ ერთი მოქალაქისა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

[მოქალაქის ხმა] ”სხვა ქვეყნებს ნუ შევედრებით - იქ ნორმალური ცხოვრება არის და ნორმალური მთავრობა არის იქ. პატარა რამე რომ აკლია ადამიანს, იქ იმაზე გამოდიან და ჩვენ აქ არაფერი არ გვაქვს... ჩემს სახელს ვერ გეტყვით.”(სტილი დაცულია)

ამ მოქალაქესთან საუბრისას შევამჩნიე, რომ სკოლის მოსწავლე ორი ბიჭი ცდილობდა სასწრაფო დახმარების მანქანას დახმარებოდა. სანდრო და ირაკლი 21-ე სკოლის მოსწავლეები აღმოჩნდნენ.

[მოსწავლეების ხმა] ”გაზი გაუშვეს სპეცრაზმელებმა...
... არ შეგვიყვანენ ნატოში, იმიტომ რომ სამოქალაქო ომი არსად არ ხდება და მოშიმშილეებს ხელს არ ურტყამენ არსად.”
XS
SM
MD
LG