Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ კჟიშტოფ სტრახოტასთან


საქართველოში შექმნილ ვითარებას აფასებს ვარშავაში არსებული ”აღმოსავლეთის კვლევის ინსტიტუტის” კავკასიისა და შუა აზიის განყოფილების ხელმძღვანელი კჟიშტოფ სტრახოტა.

მას ტელეფონით ნინო გელაშვილი ესაუბრა:

-
ბოლო ერთი კვირის მანძილზე საქართველოში მიმდინარე მოვლენების თვალყურის დევნებისას რა იყო თქვენთვის შეშფოთების მთავარი საგანი? როგორია ხედვა პოლონეთიდან?

-
ვფიქრობ, საქართველოსთვის უმთავრესი პრობლემა სტაბილურობა და დასავლეთთან - ევროკავშირთან, ნატოსთან (მათ შორის, პოლონეთთან) -ურთიერთობის პერსპექტივა გახლდათ. ვფიქრობ, სრულიად ნათელია, რომ დასავლეთთან ურთიერთობისთვის საჭიროა, რომ საქართველო იყოს სტაბილური და დემოკრატიული სახელმწიფო. გასული კვირის მოვლენები კი აჩვენებს, რომ არსებობს პრობლემები შიდა სტაბილურობასთან, საქართველოში რუსეთის გავლენასა და, რაც მთავარია, საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში დემოკრატიული ინსტრუმენტების დეფიციტთან დაკავშირებით.

-
რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს საერთო ვითარებაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ?

-
ვფიქრობ, რომ ამ კრიზისულ ვითარებაში გარღვევა არის პლებისციტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ამ არჩევნების სავარაუდო გამარჯვებული იქნება სააკაშვილი. მე ვერ ვხედავ კონსტრუქციულ ალტერნატივას. მთავრობისთვის საპრეზიდენტო არჩევნები უფრო კომფორტულია, ვიდრე საპარლამენტო.

-
რატომ ფიქრობთ ასე?

-
ჩემი აზრით, საქართველოს მოქალაქეებისთვის რთული იქნება სააკაშვილს სხვა, ალტერნატიული, პირი დაუპირისპირონ არჩევნებში. მე ვერ ვხედავ საქართველოში პოლიტიკურ ფიგურას, ვინც პრეზიდენტ სააკაშვილს დაამარცხებდა. საპარლამენტო არჩევნებისას კი ოპოზიციური პარტიები თავთავიანთი ქულებისთვის იბრძოლებენ. საპრეზიდენტო არჩევნებისას ისინი იძულებული არიან გაერთიანდნენ, შეარჩიონ ერთი ლიდერი, რომელსაც პრეზიდენტს დაუპირისპირებდნენ; ძალიან რთულია შეარჩიონ ერთი, საერთო კანდიდატი ამ ათივე ოპოზიციური პარტიისთვის.

-
როგორ აფასებთ საერთაშორისო საზოგადოებრიობის როლს დღეს შექმნილ ვითარებაში? იყო თუ არა ის საკმარისად აქტიური მანამდე, ვიდრე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდებოდა?

-
ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებრიობის როლი არც ისე ცუდი იყო. თუმცა შეიძლებოდა უფრო აქტიურიც ყოფილიყო.

-
არცთუ ისე ცუდი, მაგრამ არასაკმარისი?

-
დიახ, არც ისე ცუდი, მაგრამ - არასაკმარისი. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დასავლეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ მომავალი ორი თვის - ამ საარჩევნო კამპანიის - მანძილზე. უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის არის საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარება. და ამაში მას დასავლეთი უნდა დაეხმაროს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG