Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ფიქრობენ თბილისში პლებისციტისა და პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე


საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 2008 წლის 5 იანვარს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, არჩევნების პარალელურად ასევე ჩატარდება პლებისციტი, რათა ამომრჩევლებმა თავად გადაწყვიტონ, როდის უნდა დანიშნოს პრეზიდენტმა პარლამენტის არჩევნები: 2008 წლის გაზაფხულზე, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვდა, თუ მომავალი წლის შემოდგომაზე, როგორც კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების შედეგად იყო დადგენილი. როგორ შეხვდნენ პრეზიდენტის ინიციატივას პოლიტიკური კლასისა და საზოგადოების წარმომადგენლები?

საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება საზოგადოებას 8 ნოემბერს გააცნო. თხუთმეტწუთიან მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა ბევრი ილაპარაკა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე და იმ მტრულ გარემოცვაზე, რომელშიც საქართველო იმყოფება, თუმცა უმთავრესი სიახლე მაინც არჩევნების დანიშვნა იყო.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „მე მივიღე გადაწყვეტილება და მაქვს ასეთი წინადადება, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს 2008 წლის 5 იანვარს, გადმოვიტანოთ აქეთ, ჩავატაროთ ახლა, ჩავატაროთ ზედმეტი გადადების გარეშე. აკაკუნებთ დემოკრატიის კარზე? დემოკრატიის კარი ღიაა!“

დემოკრატიის კარი, რომლის შესახებაც მიხეილ სააკაშვილმა ილაპარაკა, ფართოდ გაღებული არ ყოფილა 7 ნოემბრამდე. გავიხსენოთ რას ითხოვდნენ საპროტესტო აქციის დაშლამდე რუსთაველის გამზირზე შეკრებილი პოლიტიკოსები და რიგითი ადამიანები:

[აქცის მონაწილის ხმა] „როგორც წესი და რიგია, როგორც იყო უკრაინაში და როგორც სხვა ქვეყნებში ჩატარდა პარლამენტის არჩევნები, აქაც ასევე ჩაატაროს. მოიგებს? ჰქონდეს, სულ ვაჩუქებ საქართველოს! წააგებს? წაბრძანდეს, ხალხს მისცეს ცხოვრების უფლება!“

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] „ოპოზიცია მოითხოვს არჩევნები მაშინ ჩატარდეს, როცა პარლამენტის უფლებამოსილების ვადა სრულდება და ეს არჩევნები ჩატარდეს მინიმალური კონტროლისა და წესრიგის პირობებში. ამაზე თუ ხელისუფლება უარს იტყვის და თან აქვს დემოკრატიულობის პრეტენზია, მაშინ აბსურდში გადავდივართ.“



სწორედ იმისათვის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს, საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, 2008 წლის 5 იანვრისთვის შეძლებისდაგვარად მეტი მეთვალყურე მიავლინონ თბილისში. რაც შეეხება ამომრჩევლებს, მიხეილ სააკაშვილი მათ შეახსენებს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „მეორეჯერ ვამცირებ ჩემ საპრეზიდენტო ვადას იმისათვის, რომ მოხდეს ხალხის ნების კიდევ ერთი დემონსტრაცია და კიდევ ერთი გამარჯვება.“

ჩართვა ადგილიდან: „მე ახლა ვიმყოფები ავლაბარში, საქართველოს პრეზიდენტის მომავალი რეზიდენციის წინ. სხადასხვა ინფორმაციით, მშენებლობა, რომელიც 50-დან 100 მილიონ დოლარამდე ჯდება, სავარაუდოდ, 2008 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ რეზიდენციის პირველი ბინადარი არა ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, არამედ თვითონ იქნება. საინტერესოა, რას ფიქრობს ხალხი, რა განწყობით მივლენ თბილისელები 5 იანვრისთვის დანიშნულ არჩევნებზე.

[მამაკაცის ხმა] „არის რაღაც საკითხები, რაშიც მიხეილ სააკაშვილს ვენდობი 20-30 პროცენტით. დანარჩენი არ ვიცი და ვერ ვენდობით. მივცემ თუ არა ხმას, ჯერ არ გადამიწყვეტია. რაღაც მეეჭვება, რომ მაგას ვინმემ ხმა მისცეს.“

[ქალბატონის ხმა] „რა ვიცი, დრო გვიჩვენებს. ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო. ხალხი დაწყნარდება, დამშვიდდება. ისეც ვერ იტყვი, რომ სულაც არაფერი გაუკეთებიაო.“

[მამაკაცის ხმა] „მე დავუჭერ პრეზიდენტს მხარს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე არ მომწონს, რაც კეთდება (მაგალითად, პრივატიზაცია), მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ რაც საქართველოში ხდება, უნდა დამთავრდეს ბოლომდე. უნდა დავუჭიროთ მხარი და დაველოდოთ შედეგებს.“

[მამაკაცის ხმა] „მისი პრეზიდენტობის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რამეთუ მას გააჩნია მხოლოდ უფლებები, მოვალეობის გარეშე.“

[ქალბატონის ხმა] „მე არ დავუჭერ მხარს იმის გამო, რაც ახლა საქართველოში ხდება.“

[მამაკაცის ხმა] „თუ გამოიკვეთა ისეთი ვინმე, ვინც ამ კაცზე უკეთესია, რა თქმა უნდა, იმას დავუჭერ მხარს.“

[ქალბატონის ხმა] „მე მგონი, ძალიან ადრეა და ძალიან ცოტა დროა არჩევნებამდე. ალბათ, ფიქრობს, რომ ხალხი მას დაუჭერს მხარს, მაგრამ რატომღაც ეჭვი მეპარება.“

პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა ოპოზიცია. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის დავით გამყრელიძისა და რესპუბლიკური პარტიის წევრის დავით ბერძენიშვილის კომენტარები:

[დავით გამყრელიძის ხმა] „ეს გადაწყვეტილება, ალბათ, მართლაც არის გამოსავალი. ეს არის გამოწვევა ოპოზიციისთვის და მე პირადად მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა.“

[დავით ბერძენიშვილის ხმა] „სააკაშვილის ხელისუფლებას სხვა რესურსი არ აქვს. ერთადერთი რესურსი ეს არის მიხეილ სააკაშვილი, ამიტომ ის წავიდა ვა-ბანკზე და ის იმედოვნებს, რომ ერთიან კანდიდატზე შეთანხმება ვერ მოხერხდება. დრო ცოტაა. ხელისუფლების ფინანსურ-ორგანიზაციული რესურსი მობილიზებულია, ოპოზიციის - არა. მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბევრი პრობლემა შეექმნას „ტელე-იმედს“, რათა ვერ მოხერხდეს საინფორმაციო უზრუნველყოფა... მოკლედ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვაფასებ ასე: ჩვენ მას მოვუგეთ პირველი ტაიმი დიდი ანგარიშით, ის ცდილობს რევანში აიღოს მეორე ტაიმში.“

თუმცა იმისათვის, რომ მეორე ტაიმი, ანუ არჩევნები, შედგეს, ხელისუფლებამ უნდა იჩქაროს. სამართლის პროფესორის ვახტანგ ხმალაძის თქმით, არსებობს არჩევნებამდე მისასვლელი ორი გზა. ერთ-ერთის მიხედვით, კონსტიტუციაში უნდა შეიტანონ ცვლილება და გარდამავალ დებულებაში ჩაწერონ, რომ მომდევნო არჩევნები ჩატარდება 2008 წლის იანვარში, ნაცვლად სექტემბერ-დეკემბრისა.:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] „უნდა შევიდეს პარლამენტში, გატარდეს რეგისტრაციაში, განიხილონ ბიუროს სხდომაზე და შემდეგ უნდა გადაეცეს გამოსაქვეყნებლად. აი, როცა გამოქვეყნდება, იმ დღიდან ერთი თვის განმავლობაში პარალამენტს უფლება არა აქვს დაიწყოს ცვლილების განხილვა. არადა, პარლამენტში განხილვა მოიცავს რიგ სავალდებულო პროცედურებს და თან ეს არ შეიძლება გაკეთდეს ერთ დღეში, ამას სჭირდება დრო. შემდგომ, როცა სამივე მოსმენით იქნება მიღებული, უნდა ეს ყველაფერი გაფორმდეს, უნდა გადაეცეს პრეზიდენტს ხელმოსაწერად, პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს და უნდა გამოქვეყნდეს.“

ვახტანგ ხმალაძის თქმით, ეს გზა იმდენად გრძელია, რომ არჩევნების ხუთი იანვრისთვის ჩატარება ვერანაირად ვერ მოესწრება. მაგრამ არსებობს მეორე გზაც, რომლის არჩევის ალბათობა, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ღონღაძე ამბობს, გაცილებით მაღალია:

[ალექსანდრე ღონღაძის ხმა] „45 დღით ადრე პრეზიდენტი უნდა გადადგეს. 5 იანვარს არის არჩევნები და, შესაბამისად, 45 დღით ადრე პრეზიდენტი უნდა გადადგეს და მისი მოვალეობა პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა შეასრულოს.“

თუმცა, საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის თანახმად, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს არჩევნები ვერ გაიმართება. არადა, 9 ნოემბერს შეკრებილმა საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც დაამტკიცა პრეზიდენტის ბრძანებულება, ნომერი 621, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „საგანგებო მდგომარეობა ძალაში რჩება იმ ვადით, რა ვადითაც საქართველოს პრეზიდენტმა ითხოვა თანხმობა საგანგებო მდგომარეობის თაობაზე.“

პრეზიდენტის ბრძანებულებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 15 დღით განისაზღვრება, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პავლე კუბლაშვილი, ამბობს, რომ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საგანგებო მდგომარეობა ზუსტად 15 დღე გაგრძელდება:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „ნებისმიერ დროს, როცა სიტუაცია იქნება ისეთი, როცა არ იქნება აუცილებელი საგანგებო ზომების მიღება, საგანგებო მდგომარეობა იქნება გაუქმებული.“



  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG