Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილზე ძებნა ცხადდება


საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებაში ეჭვმიტანილთა სია გააფართოვა.

7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ სამართალდამცველებმა ჯაშუშობასა და სახელმწიფო შეთქმულებაში მონაწილეობაში ეჭვმიტანილებად ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია გამოაცხადეს. უკვე 9 ნოემბრიდან ეჭვმიტანილთა სიას ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის სახელი და გვარი შეემატა. დაკავების შემთხვევაში, მას ბრალს წაუყენებენ სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს პასუხისგებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებაში მონაწილეობისთვის. პატარკაციშვილი ლონდონშია, ცოტნე გამსახურდია, გავრცელებული ცნობებით, - მოსკოვში, შალვა ნათელაშვილის ადგილსამყოფელი კი უცნობია.


ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილზე, სავარაუდოდ, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე აღძრა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე:

[ნიკა გვარამიას ხმა] ”არკადი პატარკაციშვილი ცნობილ იქნა ეჭვმიტანილად დანაშაულში, რომელსაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლი: შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. გატარებული იქნება კანონით დადგენილი ყველა პროცედურა, რათა არკადი პატარკაციშვილი გამოძიების ორგანოში იქნეს მოწვეული და დაკითხული ეჭვმიტანილის სახით. ”

განცხადება 9 ნოემბერს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ გააკეთა. მანამდე თავად პატარკაციშვილმა რუსეთის ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალებისთვის გააკეთა კომენტარი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისა და პლებისციტის დანიშვნის თაობაზე - თქვა, რომ სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება და არჩევნებზე არ დაუშვას რეალური კონკურენტები. ”სააკაშვილი ხალხს ატყუებს, როცა საარჩევნო კამპანიას ხსნის საგანგებო მდგომარეობის პირობებში”, - განაცხადა ბადრი პატარკაციშვილმა. მასზე კი, როგორც ვთქვით, სავარაუდოდ, საერთაშორისო ძებნა იქნება გამოცხადებული.

”შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 8 წლამდე” - განმარტავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლი. მაგრამ რითი აპირებს გენერალური პროკურატურა ეჭვმიტანილს დაუმტკიცოს ბრალი? ამ ეტაპისთვის, როგორც გენერალური პროკურატურა განმარტავს, ესაა ირაკლი ოქრუაშვილის აღიარებითი ჩვენება, რომელიც ოქრუაშვილმა გადათქვა ამ ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია ”იმედის” პირდაპირ ეთერში მიუნხენიდან ჩართვისას და ესაა თავად ბადრი პატარკაციშვილის განცხადებები. განსაკუთრებით ხაზი ესმება განცხადებას, რომელიც გავრცელდა 7 ნოემბერს თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემდეგ. მასში პატარკაციშვილმა აღნიშნა, რომ მთელ თავის ფინანსურ რესურსს, მთელ თავის ძალისხმევას გამოიყენებს საქართველოს ფაშისტური რეჟიმისგან გასათავისუფლებლად.

გენერალური პროკურატურის მიერ ეჭვმიტანილებად გამოცხადებულთა სიას ბადრი პატარკაციშვილი 9 ნოემბერს შეემატა. დაკავების შემთხვევაში, ჯაშუშობისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ბრალდებას წაუყენებენ შალვა ნათელაშვილს და ცოტნე გამსახურდიას. საზოგადოებისთვის ცნობილი სამხილი მათ წინააღმდეგ ამ ორიოდე დღის წინ გავრცელებული ფარული სატელეფონო და ვიდეოჩანაწერებია. ცოტნე გამსახურდია, რომელიც გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერში უსაყვედურებს თავის ძმას, 2 ნოემბერს რატომ ვერ მოახერხეს ხალხის დაძვრა, გავრცელებული ცნობებით, მოსკოვშია. რაც შეეხება ნათელაშვილს, როგორც მისი თანაპარტიელი სოსო შატბერაშვილი განმარტავს:

[სოსო შატბერაშვილის ხმა] ”ბატონი შალვა არის საქართველოში, - არა ცხინვალში ან რუსეთში, როგორც ხელისუფლება ავრცელებს, - მაგრამ სამართალდამცველებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. ის ნამდვილად ხვდებოდა რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს, მაგრამ იმავე ფორმატში ხვდებოდა სხვა ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს. მე მაინტერესებს, არის თუ არა შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების, ინგლისის ან საფრანგეთის დაზვერვის აგენტი. ”

მაგრამ ვისაც ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გავრცელებულ ჩანაწერებში ხვდება და ესაუბრება, საქართველოს სამართალდამცველების განმარტებით, საქართველოში რუსეთის საელჩოს საფარქვეშ მოქმედი საგარეო დაზვერვის წარმომადგენელი ვინმე ვლადიმირ სოკოლოვია და არამარტო ის. ფარულ ჩანაწერებში სოკოლოვს ოპოზიციის სხვა ლიდერებიც ესაუბრებიან. ჩანაწერებეში ფიგურირებენ აგრეთვე რუსეთის საელჩოს თანამშრომლები - სოლომატინი და ვოლინკინი. მათთან ერთად საქართველოს ხელისუფლების მიერ პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა რუსეთის საელჩოს მესამე მდივანი კურენკოვი.
XS
SM
MD
LG