Accessibility links

logo-print

,,გადავრჩით?”


მიმდინარე კვირის ორშაბათს პრესა წერდა, რომ ,,ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს”.

ამ სათაურით სტატია გაზეთ ”ახალ თაობაში” დაიბეჭდა. გაზეთ ,,კვირის პალიტრაში” კი წაიკითხავდით: ,,ხანგრძლივმა შიშმა, მოდუნებისა და დაღლის გარდა, სასოწარკვეთილი გაბედულებაც იცის.”

ეს ის დრო იყო, როცა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებრივ ტელევიზიას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ინტერვიუ მისცა და გაზეთი ”24 საათი” ორშაბათის ნომერში ამ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს აქვეყნებს.

,,მიტინგი გრძელდება” - წერს გაზეთი ”24 საათი” სამშაბათს. გაზეთი ”ალია” კი ამ მიტინგზე გამომსვლელთა შესახებ აღნიშნავს: ,,ვიღაცა ხალხისთვის მღერის, ვიღაც კი ხელისუფლების გარკვეულ ჯგუფს უგალობებს.”

,,ოპოზიცია რუსთაველზე კარვებს შლის და დაშლას არ აპირებს” - წერდა ”რეზონანსი” ოთხშაბათ დილით. გაზეთ ”24 საათში” კი გიგი თევზაძის ვრცელი წერილი დაიბეჭდა: ,,ხელისუფლების დათმობით უზურპირებულ ქვეყანას მივიღებთ” .
,,ხელისუფლებამ არ უნდა დათმოს” - ასე იწყებოდა ეს წერილი.

მაგრამ როცა გაზეთები მკითხველამდე მივიდა, მათი გაცნობის თავი ცოტას თუ ჰქონდა: 7 ნოემბერი იყო.

იმავე ღამეს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და მეორე დღიდან პრესამ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა.
იმ დღეს გამოსული ქართული ბეჭდური მედიის ერთადერთი და მთავარი თემა წინა დღით თბილისში განვითარებული მოვლენები იყო. „ ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა“ - წერდა გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა”. 8 ნოემბრის „რეზონანსში” კი წაიკითხავდით: ,, ძალიანაც რომ უნდოდეს ქართველ ხალხს შვიდი ნოემბერი, როგორც თარიღი, ისტორიიდან ამოშალოს, გუშინდლის შემდეგ შეუძლებელი იქნება. გახმაურებული მშვიდობიანი აქციებით მოსულმა ხელისუფლებამ მშვიდობიანი აქცია რამდენჯერმე დაარბია”, - წერდა გაზეთი.

იმ საღამოს პრეზიდენტმა საქართველოს სიტყვით მიმართა.
მეორე დილით გაზეთი ”24 საათი” ამ გამოსვლის სრულ ტექსტს პირველ გვერდზე აქვეყნებს.

,,გადავრჩით?” - ეს იყო პარასკევის ”რეზონანსის” მთავარი პუბლიკაციიის სათაური და 9 ნოემბრის ქართული პრესის მთავარი თემაც.

ეს წერილი ასე მთავრდება: ,,პრეზიდენტის გამოსვლამ რეალურად გაანელა ის შიში, რაც საზოგადოებაში 7 ნოემბრის შემდეგ იყო გამეფებული, მაგრამ საქართველოში კვლავ საგანგებო მდგომარეობაა და რამდენ ხანს გაგრძელდება იგი, მხოლოდ დღეს გახდება ცნობილი.

მაგრამ იმის ნიშნები, რომ ხალხი შოკიდან ნელ-ნელა გამოდის, უკვე გამოჩნდა. გუშინ ქაშუეთის ეკლესიაში ერთმა წყვილმა ჯვარი დაიწერა. ქაშუეთში ამბობენ, რომ ეს პირველი მერცხალია და რომ გადავრჩით.” ...

შაბათს გაზეთი ”24 საათი” ”ნიუ-იორკ ტაიმსში” გამოქვეყნებულ სტატიას ბეჭდავს. სტატიის სათაური ასეთია: ,,ჩიხში აღმოჩენილმა საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნები დანიშნა”. წერილში ნათქვამია, რომ გაერომ, ნატომ, ევროკავშირმა და ეუთომ უკვე გამოთქვეს შეშფოთება საქართველოში განვითარებული მოვლენებისა და ამის შედეგად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო. დემონსტრაციის დარბევა დაგმო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე თომას ჰამამბერგმა.
რამდენიმე ამონარიდი ამ სტატიიდან: ,,საღამოს 7 საათზე საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში მიმართვით გამოვიდა. მან პოლიციის მოქმედებები გაამართლა და მომხდართან დაკავშირებით, გარკვეულწილად, სინანულიც გამოთქვა.
სააკაშვილის თქმით, იგი იძულებული გახდა ასეთი გადამჭრელი ზომები მიეღო, რათა წინ აღდგომოდა რუსეთის მიერ დაგეგმილ შეთქმულებას, რაც საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციას, დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნასა და დემოკრატიის სფეროში ექსპერიმენტის ჩატარებას ისახავდა მიზნად. პრეზიდენტი ირწმუნებოდა, რომ იცავდა ქვეყანას და არა საკუთარ ძალაუფლებას.” და კიდევ ერთი ციტატა: ,,როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, მაშინვე, როგორც კი საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება, სამინისტრო აპირებს იმ საჩივრების განხილვას, რომლებიც სამართალდამცველთა მიერ უფლებამოსილების გადაჭარბებასა და სისასტიკეს ეხება.”
”რეზონანსი” შაბათის პუბლიკაციაში ,, საგანგებო მდგომარეობა გრძელდება” გიგა ბოკერიას კომენტარს ბეჭდავს: ,,ვინც აანალიზებს 7 ნოემბრის ამბებს, თუ რა ხდებოდა, დარწმუნდება, რომ ეს საფრთხე კვლავ არსებობს. თუკი გადავხედავთ იმ მოვლენებს და მოვყვებით ქრონოლოგიას, მოვლენები როგორ ვითარდებოდა, ადვილად დავრწმუნდებით, რომ ხელისუფლებას მაქსიმალური ძალისხმევა სჭირდება, რათა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ქმედებები არ დაუშვას.”

”გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტობის საერთო კანდიდატზე თათბირობს” -წერს გაზეთი ”რეზონანსი” შაბათს . დავით ზურაბიშვილი შეკითხვას, თუ ვინ შეიძლება იყოს ეს კანდიდატი, ასე უპასუხებს: ,,ჯერ არ ვიცით, მაგრამ ამაზე სწრაფად შევთანხმდებით. ჩვენ დიდი დრო არ გვაქვს. ჩვენმა ერთობამ, რომელიც თავიდან ძალიან პესიმისტურად აღიქმებოდა, დაამტკიცა, რომ თანამშრომლობა შეგვიძლია. ჩვენ გვეყოლება კანდიდატი, რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში, გააუქმებს საპრეზიდენტო მმართველობას და ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე გადავა. ”

მრეწველების ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ კი განაცხადა, რომ გოგი თოფაძის ინიციატივაა, მრეწველებმა დავით გამყრელიძეს დაუჭირონ მხარი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს. გაზეთ ”ახალი თაობის” ცნობით კი, გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ მრეწველები, სავარაუდოდ, ოპოზიციის საერთო კანდიდატს დაუჭერენ მხარს.
10 ნოემბრის ”ალია” კი იმაზე მსჯელობს, თუ რა პრივილეგიები ექნება მიხეილ სააკაშვილს გადადგომის შემდეგ და რა უფლებები ექნება ნინო ბურჯანაძეს.

შაბათის ”24 საათი” წერს, რომ ეროვნული საბჭოს წევრებმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ კომენტარები გააკეთეს. ოპოზიციის წარმომადგენელთა აზრით, პირველი შეხვედრა საპატრიარქოში უნდა შედგეს.

შეხვედრა შედგა. იმის შესახებ კი, თუ როგორ წარიმართება დიალოგი, პრესა მომდევნო დღეებში კიდევ ბევრს დაწერს.
XS
SM
MD
LG