Accessibility links

logo-print

საქართველოში მიმდინარე მოვლენები კვლავაც მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრშია მოქცეული


ანდრო ეული, პრაღა “ვარდები და რეალობა” - ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია გაზეთ “ნიუ იორკ ტაიმსში”.

გაზეთი წერს: საქართველოს ეკლიანი ისტორია და ერთობ სახიფათო გეოპოლიტიკური გარემო არგუნა განგებამ. ხოლო მისი პოსტსაბჭოური მთავრობები კორუფციის ჭაობში იყო ჩაფლული. საქართველოში დაიბადა სტალინი. საბჭოთა კავშირი 7 ათწლეულზე მეტ ხანს მართავდა კავკასიის ამ რესპუბლიკას. დღეს კი მოსკოვი დღენიადაგ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, როცა სეპარატისტ მეამბოხეებს მფარველობს და ზურგს უმაგრებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ბატონმა სააკაშვილმა თავისი ორი წინამორბედისაგან განსხვავებით წარმატებით განახორციელა ანტიკორუფციული კამპანია და წინ აღუდგა მოსკოვის მცდელობას ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში. ამჯერად, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ დაჟინებით უნდა მოითხოვოს, რომ საქართველოში აღდგეს მედიის თავისუფლება, ხოლო 5 იანვრისათვის დანიშნული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი”.

როგორც გაზეთ “დეილი ტელეგრაფის” მიმომხილველი
ტონი ჰელპინი აღნიშნავს, ბატონ სააკაშვილის წინააღმდეგ ამხედრებული ოპოზიცია მილიარდერმა ბიზნესმენმა დააფინანსა, რასაც მასობრივი მღელვარება მოჰყვა 7 ნოემბერს თბილისში. ბატონ პატარკაციშვილს ახლო ურთიერთობა აქვს რუს ოლიგარქებთან ვინც კრემლთან მეგობრობს, მაგალითად რომან აბრამოვიჩი, და ვინც პუტინს მტრობს, მაგალითად ბორის ბერეზოვსკი. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატთა “დაშინება და შანტაჟი” აქვს განზრახული.

თუ გავითვალისწინებთ, რა პრობლემებს დაუპირისპირდა სააკაშვილი 2003 წელს - წერს ჟურნალი “ეკონომისტი” - როცა ხელისუფლების სათავეში მოვიდა, და რა პროგრესს მიაღწია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკა - არაა ობიექტური. კითხვის ნიშნებს ბადებს ოპოზიციის მოტივებიც. რუსეთიდან გამოქცეული ოლიგარქი პატარკაციშვილი ღიად აფინანსებს საპროტესტოდ გამოსულ აქტივისტებს, და არც თუ უბრალო მიზნით. რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რაოდენი გავლენა შეუძლია მოახდინოს დიდმა ფულმა ღარიბი ქვეყნის პოლიტიკაზე - დასძენს ჟურნალი “ეკონომისტი”.

გაზეთ “უოლ სტრიტ ჯორნალის” აზრით, საქართველოსა და დემოკრატიის მტრებისთვის ალბათ ძნელი წარმოსადნგენი იქნებოდა უკეთესი საჩუქარი, ვიდრე ტელეეკრანზე ხილვა იმისა, როგორ სცემდნენ მთავრობისსაწინააღმდეგო დემონსტრაციის მონაწილეებს თბილისში ოთხშაბათს პოლიციელები” და როგორ შეწყვიტა მაუწყებლობა ტელეარხმა იმედმა. ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ შვიდ ნოემბერს მომხდარ არეულობაში კრემლის ხელი ურევია.
XS
SM
MD
LG