Accessibility links

logo-print

უცხოელი მიმომხილველები კრიტიკულად აფასებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს


ანდრო ეული, პრაღა და ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი დასავლეთის პრესა დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და კრიტიკულად აფასებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა.

ჯერ მთლიანად გთავაზობთ გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიას სათაურით "აშშ-ს არ აქვს საფუძველი, თვალი დახუჭოს მიხეილ სააკაშვილის მიერ დემოკრატიული ნორმების დარღვევაზე":

"პაკისტანის მთავრობის მიერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების საპასუხოდ აშშ-მა სასწორის ერთ მხარეს უნდა დადოს დემოკრატიისადმი საკუთარი რწმენა და დამოკიდებულება, მეორე მხარეს კი - უმნიშვნელოვანესი ინტერესები, ისეთი, როგორიც არის პაკისტანის ბირთვული იარაღის დაცვა მუსლიმი ტერორისტებისგან. საქართველოში კი, კავკასიის ამ პატარა სახელმწიფოში, რომლის პრეზიდენტმაც ასევე შემოიღო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, გათვლები გაცილებით მარტივია. საქართველოს ტერიტორიაზე გადის მილსადენი, რომელსაც დასავლეთისათვის გარკვეული მნიშვნელობა აქვს. მაგრამ საქართველო ბოლო 4 წლის განმავლობაში იქცევდა ყურადღებას, იღებდა დასავლეთის დახმარებას და იმსახურებდა თანადგომას ძირითადად ლიბერალური დემოკრატიის ნორმების დამკვიდრების წყალობით. მისი "ვარდების რევოლუცია" სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისათვის სამაგალითოდ იქცა, ხოლო რუსეთის მიერ ჯერ კიდევ გამოუცდელი სახელმწიფოს დაშინების აშკარა მცდელობების გამო საქართველომ მთელ მსოფლიოში დიდი სიმპათიები მოიპოვა.

მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთი გაუაზრებელი და სრულიად არასაჭირო ნაბიჯით დიდწილად დაკარგა მსოფლიო თანამეგობრობის კეთილგანწყობა. საქართველოს დედაქალაქ თბილისში, პასუხად ოპოზიციის რამდენიმედღიან სამშვიდობო დემონსტრაციაზე, მან მკვეთრ რეპრესიებს მიმართა, რის შედეგადაც პოლიციის ქმედებათა გამო ასობით ადამიანი დაშავდა. დახურეს ორი სატელევიზიო არხი, ხოლო რამდენიმე ოპოზიციონერ ლიდერს ქვეყნის დატოვება მოუწია.

მკაცრი საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, რომელიც - სხვათა შორის - ბუშის ადმინისტრაციის მხრიდანაც გაისმა, სააკაშვილმა 5 იანვარს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ განაცხადა. თუმცა, გუშინდელი დღის მდგომარეობით მან არ გააუქმა საგანგებო მდგომარეობა და არც ისეთი სხვა ზომები მიიღო, რომლებიც დაადასტურებდა მისი დემოკრატიული ზრახვებისადმი ნდობას.

ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლები სააკაშვილს კონკრეტული ქმედებებისაკენ მოუწოდებენ. თუ უახლოეს დღეებში იგი რაიმე რეაგირებას არ მოახდენს, ბუშის ადმინისტრაციამ საქართველოს დროებით უნდა შეუჩეროს ნებისმიერი დახმარება და უნდა გააუქმოს მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი, რომელიც თეთრ სახლში მომავალ თვეში უნდა გაიმართოს.

საქართველომ, სავარაუდოდ, ყველაზე მეტი სარგებელი ნახა ბუშის "თავსუფლების" გეგმისაგან. ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობის სამსახურში ჩააყენა საგანგებო მრჩევლები, გაწვრთნა საქართველოს არმია, ჩართო საქართველო განვითარებადი ქვეყნების დახმარების პროგრამაში სახელწოდებით "ათასწლეულის გამოწვევა". 2005 წელს ახალი დემოკრატიის მისასალმებლად საქართველოს ბუში ეწვია, ხოლო მისმა ადმინისტრაციამ დახარჯა საკმარისი დიპლომატიური კაპიტალი რუსული აგრესიისაგან დასაცავად და ევროპელი მოკავშირეებისათვის ნატოს სამომავლო წევრად საქართველოს წარსადგენად. ამ ქმედებათა პროცესში ადმინისტრაცია არჩევდა, ყურადღება არ მიექცია მიხეილ სააკაშვილის მიერ საპრეზიდენტო ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის, არასაკმარისად აქტიურად მოითხოვდა იმ რეფორმათა განხორციელებას, რომლებიც ითვალისწინებდა სასამართლო ხელისუფლების განმტკიცებას, პარლამენტისა და ოპოზიციური პარტიების გაძლიერებას და რომლებსაც, საბოლოო ანგარიშით, დემოკრატიის გაძლიერება უნდა მოჰყოლოდა.

დემოკრატიული რეფორმები ამ ეტაპზე აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობათა ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს. სააკაშვილის მიერ დაპირებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება საკმარისი არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა მეტი გავლენა მოიპოვონ. აშშ-მა პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციურ ორგანიზაციებს დახმარება და მხარდაჭერა უნდა გაუწიოს, ხელი უნდა შეუწყოს დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების განვითარებას. განდევნილი ლიდერები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ შინ, თანაც მათ არ უნდა ეშინოდეთ სამართლებრივი დევნისა. სააკაშვილმა უნდა გაიგოს, რომ იგი მკაფიო არჩევანის წინაშე დგას: ან იგი განაგრძობს ამერიკის მოკავშირის სახით დემოკატიის მშენებლობას, ან საკუთარ ქვეყანას დასავლეთისაგან იზოლაციაში მოაქცევს."

ეს იყო გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო წერილი სათაურით "აშშ-ს არ აქვს საფუძველი, თვალი დახუჭოს მიხეილ სააკაშვილის მიერ დემოკრატიული ნორმების დარღვევაზე". როგორც ამავე გაზეთის მიმომხილველი ენ ეპლბაუმი აღნიშნავს, თავისი ვიზიტის დროს თბილისში ორი წლის წინ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ქებით მოიხსენია მიხეილ სააკაშვილი იმისთვის, რომ საქართველოში "შენდება დემოკრატიული საზოგადოება... სადაც მოქმედებს თავისუფალი პრესა, სახეზეა მძლავრი ოპოზიცია, და ძალთა ერთიანობა მშვიდობიანი გზითაა მიღწეული".

ახლა, როცა სააკაშვილის სამართალდამცავებმა არა მარტო ცრემლმდენი გაზით დაშალეს დემონსტრაციები, არამედ კერძო ტელევიზიის ტექნიკა და აღჭურვილობაც დააზიანეს, ბუშის ხსენებული განცხადება არა მარტო მიამიტურად და ნაჩქარევად ჟღერს, არამედ სრულიად უაზროდაც. სამარცხვინოა, რომ დღემდე ჯორჯ ბუშს არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია, საერთოდ, საქართველოს შესახებ. თქმა არ უნდა, რომ პუტინის რეჟიმმა ყველა ბერკეტი გამოიყენა სააკაშვილის დასამხობად, ეკონომიკური ბოიკოტი იყო ეს, სეპარატისტების წაქეზება თუ სამხედრო მუქარა. და მაინც, სააკაშვილის მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისა და ქუჩაში გამოსული დემონსტრანტების დადანაშაულება რუსეთთან თანამშრომლობაში საკმარისად დამაჯერებლად არ ჟღერს.

ბედის ირონიით, უკანასკნელი მოვლენები ეთგვარი გამოძახილია იმ შეცდომისა, მეორე ამერიკელმა პრეზიდენტმა რომ დაუშვა არცთუ დიდი ხნის წინათ მსოფლიოს იმავე ნაწილში. მთელი 90-იანი წლების მანძილზე, ბილ კლინტონი დემოკრატად მოიხსენიებდა ბორის ელცინს. უმაღლეს დონეზე შეხვედრებისას, ამერიკის პრეზიდენტი მისაბაძ სახელმწიფო მოღვაწეს უწოდებდა თავის რუს კოლეგას. მაშინაც კი, როცა ელცინმა საკუთარ პარლამენტს გაუხსნა ცეცხლი, მოახდინა კაგებეს რეანიმაცია და დაიწყო რეპრესიული ზომები, რაც მის მემკვიდრედ პუტინის დასახელებით დაგვირგვინდა, ამერიკის მთავრობა “დემოკრატიისა” და “თავისუფალი ბაზრის” ეპითეტებით მოიხსენიებდა რუსეთს, იმის იმედით, რომ ეს სასურველ შედეგს გამოიღებდა. მაგრამ ამაოდ. დემოკრატი “მეგობრების” შერჩევა, როგორც ჩანს, ისევე ძნელია, როგორც დოღში გამარჯვებული ცხენების გამოცნობა.

გაზეთ “ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბიუნის” კორესპონდენტს მარკ ოლმონდს საგულისხმოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ 1991 წლიდან მოყოლებული, როცა ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა, საქართველოს არც ერთ პრეზიდენტს არ დაუსრულებია თავისი ვადა. პირველი პოსტკომუნისტური პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, რომელსაც ამომრჩეველთა 87-მა პროცენტმა მისცა ხმა, 8 თვის შემდეგ დაამხეს. მისმა მემკვიდრემ ედუარდ შევარდნაძემ ხმების 92 პროცენტი მიიღო. დასავლელ კეთილმოსურნეებს კავკასიაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, სტაბილურობის დამკვიდრება სურდათ და, ამდენად, ერთხმად დაუჭირეს მხარი შევარდნაძის არჩევას - მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძეს კონკურენტი არ ჰყავდა.
XS
SM
MD
LG