Accessibility links

logo-print

”ჩვენ მხარს ვუჭერთ არა პრეზიდენტობის კანდიდატს, არამედ დემოკრატიას საქართველოში”, - ეთიუ ბრაიზა


”უპასუხისმგებლობაა პრეზიდენტს ტერორისტი და კრიმინალი უძახო, გამოხვიდე ხელისუფლების დამხობის მოწოდებით და ასევე უპასუხისმგებლობაა იძახო, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები შეუფერებლები არიან დიალოგისთვის”,

- აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა, რომელმაც საქართველოში ვიზიტის მიწურულს, 13 ნოემბერს, თბილისში ბრიფინგი გამართა.

ბრიფინგის მიმდინარეობისას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ირწმუნებოდა, რომ შეერთებული შტატების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეიცვლება და არის იმედი, რომ მომავალი არჩევნები ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობის აღდგენას:

[ბრაიზას ხმა]
”ბოლოდროინდელი დაძაბულობის მიუხედავად, ის, რაც აქ ბოლო ოთხი წლის მანძილზე ხდება, პოზიტიური და აღსანიშნავია და მხოლოდ ამბის დასაწყისი გახლავთ. მე მთხოვეს შეერთებული შტატების მთავრობის წინადადებების ჩამოტანა საქართველოში ამ პროცესის გაგრძელებისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ დრამის ბოლდროინდელი ეტაპი განვითარდეს ისე, როგორც ყველა ჩვენგანი იმედოვნებს. ეს კი გულისხმობს საგანგებო მდგომარეობის მოხსნასა და ყველა მაუწყებლობის განახლებას. ყველა თქვენგანმა იცის ჩვენი წინადადებების შესახებ. ჩვენ არ მოვითხოვთ, არამედ ვურჩევთ, რადგან ეს ნაბიჯები არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ აღდგეს ყველას რწმენა იმ დემოკრატიული პროცესების მიმართ, რომელიც (გულახდილად უნდა ვთქვა) ასე კარგად დაიწყო საქართველოში.”

შექმნილ ვითარებაში მეთიუ ბრაიზა პასუხისმგებლობას აკისრებს როგორც ხელისუფლებას, აგრეთვე ოპოზიციას. სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, ჩატარდეს არჩევნები და პლებისციტი, რადგან მიაჩნია, რომ პლებისციტზე გაირკვევა საკითხი, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას - საპარლამენტო არჩევნების თარიღს - უკავშირდება. ამასთან, პასუხისმგებლობას რაც შეეხება, ბრაიზა ამბობს:

[ბრაიზას ხმა]
”ამ ეტაპზე პასუხისმგებლობას იზიარებს მთელი საზოგადოება. უპასუხისმგებლობაა პრეზიდენტს უწოდო ტერორისტი ან კრიმინალი, ან გამოხვიდე სახელმწიფო გადატრიალების მოწოდებით. ეს ნებისმიერ ვითარებაში უპასუხისმგებლობაა. თუმცა უპასუხისმგებლობაა აგრეთვე დიალოგისთვის შეუფერებლად მიიჩნიო ოპოზიციის წარმომადგენლები. ვფიქრობ, ამ ეტაპს უკვე გავცდით.”

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფიქრობს, რომ დიალოგის დაწყება იმედისმომცემია.

ბრაიზამ საჭიროდ მიიჩნია გამოხმაურებოდა ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომლებიც აფხაზეთს უკავშირდება:

[ბრაიზას ხმა]
”არავის არასდროს უნდა შეეპაროს ეჭვი ჩვენი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხარდაჭერაში. ზოგჯერ ვრცელდება განცხადებები სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც, როგორც ჩანს, ცდილობენ ისარგებლონ ახლანდელი ვითარებით. რეგიონის ერთ-ერთი ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საჭიროა აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა. სხვები საუბრობენ აფხაზეთში საკუთრების შეძენის შესაძლებლობებზე. ასეთი ნაბიჯები არის სრულიად გაუაზრებელი, საშიში, უადგილო.”

ბრაიზას თანახმად, ახლა არ უნდა გადაიდგას არც ერთი ნაბიჯი, რომელიც ხელყოფდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შეერთებული შტატები რუსეთის გასაგონად აცხადებს, რომ ის თვალყურს ადევნებს მოვლენებს და რუსეთისგან მოელის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. ბრაიზამ აგრეთვე აღნიშნა, რომ შტატები კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხს, და დაეჭვებულთა საყურადღებოდ განაცხადა:

[ბრაიზას ხმა]
”თუკი საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, ქვეყანა მოემზადება არჩევნებისთვის და ეს არჩევნები იქნება ისეთი თავისუფალი და სამართლიანი, როგორსაც ჩვენ ველით, რატომღა უნდა დაისვას ასეთი კითხვა? თუკი საქართველოს დემოკრატიული სისტემა ძველებურ მდგომარეობას დაუბრუნდება და განაგრძობს წინსვლას, გამოვა, რომ საქართველო კვლავაც ნატოს წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმების შესრულების გზაზე იქნება.”

ბრიფინგზე დაისვა შეკითხვა მედიის შეზღუდული მუშაობის პირობებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის შესახებ. მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ სულ რამდენიმე დღეში - სავარაუდოდ, 16 ნოემბრისთვის - საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება და წინასაარჩევნო კამპანიისთვის ყველა პირობა შეიქმნება. ამასთან, სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ბრაიზამ ხელისუფლებას გადასცა, მედიაზე შეზღუდვების მოხსნას შეეხებოდა. აქვე ბრაიზა საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია:

[ბრაიზას ხმა]
”ჩვენ ვიცით და მე ვხვდები, რომ საქართველოს მთავრობა გულწრფელად შეშფოთებულია იმით, რომ ის, რაც ”იმედის” არხით გადაიცემოდა, უბიძგებდა ხალხს პოტენციური ძალადობისა და ხელისუფლების დამხობისკენ. მე არ ვამბობ, რომ ”იმედი” მართლაც აკეთებდა ამას. მე არ ვიცი ქართული და არ ვიცი, სინამდვილეში რას გადასცემდა ”იმედი”. ვამბობ იმას, რომ მთავრობაში არსებობს ასეთი რწმენა.”

რადიო ”თავისუფლების” შეკითხვაზე, რამდენად შეიძლება იქცეს ასეთი შეხედულება ტელე და რადიოკომპანიებისთვის მაუწყებლობის შეზღუდვის საფუძვლად, ბრაიზას პასუხი გახლდათ:

[ბრაიზას ხმა]
”მედიის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია. რა თქმა უნდა, შეიძლება ვიღაცამ იკამათოს, იყო თუ არა დაცული ჟურნალისტიკის ესა თუ ის სტანდარტი. მე ამას ვერ განვსჯი, არ მესმის ქართული. თქვენ შეგიძლიათ ამაზე იკამათოთ. მაგრამ, მედიის ამა თუ იმ საშუალების გაჩუმების სიმბოლიზმი სიღრმისეულია.”

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს არა პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატს, არამედ დემოკრატიას საქართველოში და რომ მას არასოდეს გადაუხვევია ამ პოზიციიდან.





XS
SM
MD
LG