Accessibility links

logo-print

ვინ გამოთქვამს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს და რას ელის საზოგადოება ამ არჩევნებისგან


ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად სწრაფად მოიხსნება საგანგებო მდგომარეობა

და რამდენად სწრაფად აღდგება ქვეყანაში დემოკრატიულობის განცდა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, არჩევნები იანვრის დასაწყისში, კერძოდ, 5 იანვარს უნდა ჩატარდეს, საქართველოში კი ჯერ კიდევ გრძელდება საგანგებო მდგომარეობა. ზარალი, რაც ქვეყანას ნოემბრის დასაწყისში განვითარებული მოვლენებით მიადგა, ძალიან დიდია. ექსპერტებს უჭირთ იმაზე საუბარი, არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება აღუდგენს თუ ვერა საქართველოს ახლო მომავალში ნატოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღების შანსს, თუმცა არჩევნებზე რომ არის დამოკიდებული საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტისთვის მიყენებული ზიანის რამენაირად გამოსწორება, ამაზე ყველა თანხმდება. ვინ გამოთქვამს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს და როგორია არჩევნებთან დაკავშირებული მოლოდინი?

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინა სურათი ასეთია: ერთ მხარეს დგას მიხეილ სააკაშვილი, მეორე მხარეს - მისი კონკურენტები: ”საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს” 9 პოლიტიკური ძალის ერთიანი კანდიდატურა ლევან გაჩეჩილაძე; მის გარდა, ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე. ოპოზიციის ფლანგზე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს სხვებიც გამოთქვამენ. 7 ნოემბრის შემდეგ მიმალვაში მყოფი შალვა ნათელაშვილის თანაპარტიელები მხარს უჭერენ საპრეზიდენტო არჩევნებში მათი ლიდერის მონაწილეობას; საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი აქვს სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში ეჭვმიტანილ ბადრი პატარკაციშვილს; საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა ნოემბრის მღელვარებამდე გაცილებით ადრე გამოხატა გია მაისაშვილმა... ალბათ, გამოჩნდებიან სხვა მსურველებიც. მაგალითად, თუ საქართველოში არსებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ შეთანხმებულ კანდიდატურას არ წამოაყენებს, საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებს ”მწვანეთა პარტიის” ლიდერი გია გაჩეჩილაძე.

კანონის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები ტარდება უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 45-ე დღისა. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების თარიღს, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან არაუგვიანეს 72 საათისა, ნიშნავს პარლამენტი. კანონის ამ მოთხოვნების აღსრულება წინ არის. საქართველოში ჯერ საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს და ინფორმაციის სიმწირის პირობებში საზოგადოებას ჯერ კიდევ არა აქვს საშუალება მკაფიო დასკვნები გამოიტანოს იქიდან, რაც ქვეყანაში მოხდა, ან განსაზღვროს, რამდენად დახია უკან ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანა. პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი ფიქრობს, რომ პასუხისმგებლობა ორივე მხარეს აკისრია - პირველ რიგში, ხელისუფლებას, მაგრამ, მასთან ერთად, ოპოზიციასაც:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] ”მე მგონი, პასუხისმგებლობა მეტი არის ხელისუფლებაზე, მაგრამ თავისი წილი პასუხისმგებლობა ოპოზიციამაც უნდა აიღოს - აქაც იყო რადიკალიზმი, აქაც იყო რადიკალური მოწოდებები.. ”

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა} ”ჩემო ჯიგრებო, ჩემო ქართველო ხალხო! თავისუფალი საქართველო განსაცდელშია! ჩვენ ვერ ჩაგვაჩოქებთ! ვერა! ”

ასე მიმართავდა 2 ნოემბერს რუსთაველის პროსპექტზე შეკრებილ ათასობით საქართველოს მოქალაქეს ლევან გაჩეჩილაძე.. მაშინ ის, ალბათ, ვერ იფიქრებდა, რომ სულ ცოტა ხანში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე მოუწევდა დაფიქრება... მთავარი მოთხოვნა ხომ 2008 წლის გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო. არჩევნები - ოღონდ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები - იანვარში უნდა შედგეს, მასთან ერთად კი - პლებისციტი საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. ალექსანდრე რონდელის აზრით, საპრეზიდენტო კანდიდატები ამ არჩევნებისთვის რეალისტური დაპირებებით უნდა გამოვიდნენ:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] ”მაგრამ ჩვენთან რეალისტური დაპირებები არ უყვართ, ჩვენთან უყვართ ზღაპრები, პოპულიზმი უყვართ. ”

ალექსანდრე რონდელი აღნიშნავს, რომ რეალისტური დაპირება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან იქნება დღევანდელი კურსის გაგრძელება, სოციალურ პრობლემებზე მეტი ყურადღების გადატანით... ”ერთიანი ერონული საბჭოს” საპრეზიდენტო კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე კი აღნიშნავს, რომ მისი სამომავლო კამპანიის მთავარი ლოზუნგი იქნება ”საქართველო პრეზიდენტის გარეშე”, რადგან ეს არის ეროვნული საბჭოს მთავარი მოთხოვნა:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ”მთავარი მიმართულება იქნება საქართველოს პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი და საქართველოში ბელადომანიის დამთავრება. ჩვენ უნდა მივიღოთ ლამაზი, კარგი საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც ყველა პარტიას ექნება შანსი საქართველოსთვის კარგი საქმე აკეთოს. ”

გაჩეჩილაძე კატეგორიულად გამორიცხავს არჩევნების წინ კანდიდატურის მოხსნას ბადრი პატარკაციშვილის სასარგებლოდ, როგორც ეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ ივარაუდა.
პოლიტოლოგი გია ნოდია კი ფიქრობს, რომ დღეისთვის ოპოზიციური სპექტრი საკმაოდ გაფანტულად გამოიყურება და ამიტომ ოპოზიციისთვის ძალიან ძნელი იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის დამარცხება.

5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისა და პლებისციტის ჩატარების ადმინისტრირებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია დამატებით 20 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს. საარჩევნო კამპანია მალე გაიხსნება, თუმცა მანამდე ოპოზიციის წარმომადგენლები ჩივიან, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი საგანგებო მდგომარეობას საარჩევნო კამპანიაში უპირატესობის მისაღწევად იყენებს.


XS
SM
MD
LG