Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი გადის! რუსი მოდის!


ოფიციალური ინფორმაციით, დღეს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორია უკანასკნელმა რუსულმა სამხედრო ეშელონმა უნდა დატოვოს,

ხოლო რუსეთის ფედერაციის ჯარების დაჯგუფების დაქვემდებარებაში მყოფი ბათუმის მე-12 ბაზის სამხედრო ობიექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცემა. იმავდროულად, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში, საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთს დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა შეჰყავს. მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ჩეჩენი მებრძოლებიც იმყოფებიან.

საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც, ოპოზიციის შეფასებით, გამოუცხადებელ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს, 12 ნოემბერს პედაგოგებთან შეხვედრაზე საგანგაშო ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთმა აფხაზეთში პროვოკაციების მოსაწყობად დამატებითი სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა შეიყვანა. ამ კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა ახსენა ჩეჩნები და რუსეთის ხელისუფლება მოსალოდნელ რეაქციაზე მკაცრად გააფრთხილა.

[მიხეილ სააკაშვილი]

აღსანიშნავია, რომ ცალკეული ჩეჩნური სამხედრო დანაყოფები, შამილ ბასაევის დაქვემდებარებაში, აფხაზების მხარეზე იბრძოდნენ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს, რამდენიმე ათეული ჩეჩენი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე გვარდიის რიგებში იბრძოდა დასავლეთ საქართველოში კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად. მაგრამ მაშინ თავად ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ძალაუფლების რამდენიმე ცენტრი არსებობდა, რის გამოც მოხალისეთა გადაადგილების გაკონტროლება რთული იყო. რა ხდება ამჟამად და ვინ გზავნის ჩეჩენ მებრძოლებს საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე? ამ შეკითხვით ჩვენ რადიო ”თავისუფლების” ჩრდილოკავკასიური სამსახურის კორესპონდენტ ბაუდი მარტანოვს მივმართეთ.

[ბაუდი მარტანოვი] ”სამწუხაროდ, არ არსებობს არავითარი დამატებითი ინფორმაცია იმაზე, იმყოფებიან თუ არა იქ, რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, ჩეჩენი ეროვნების წარმომადგენლები. მაგრამ მსგავსი ინფორმაცია, რომ ისინი ადრე იმყოფებოდნენ აფხაზეთში, ჩვენ გვქონდა და ჩვენ ამაზე ვწერდით. ჩეჩნეთში დისლოცირებული ბატალიონების ”დასავლეთისა” და ”აღმოსავლეთის” სპეცდანიშნულების ძალების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ აფხაზეთშიც, სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, და სამხრეთ ოსეთშიც. ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როდესაც ინციდენტი იყო განმუხურში, სადაც სააკაშვილიც მივიდა. იმ ინციდენტშიც, ჩვენი ინფორმაციით, ასევე მონაწილეობდა რამდენიმე ჩეჩნური წარმოშობის რუსი ჯარისკაცი.”

საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე სხვა დამატებითი სამხედრო აქტივობაც შეიმჩნევა. კონფლიქტების მოგვარების დარგში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსულმა მხარემ ოჩამჩირის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ნაწილში 12 ნოემბერს დამატებით რამდენიმე ერთეული ტანკი, ჯავშანმანქანა და საარტილერიო დანადგარიც შეიყვანა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, რუსეთი აპირებს მოქმედებაში მოიყვანოს ის მზაკვრული გეგმა, რაომელიც სააკაშვილისთვის ერთი წლის წინ რუსეთის პრეზიდენტს თავად გაუმხელია.

[მიხეილ სააკაშვილი]

ორშაბათ საღამოს პედაგოგებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა წინაისტორიაზე, რამაც კვიპროსის ორ ნაწილად გახლეჩა გამოიწვია. თუმცა პრეზიდენტს არ განუმარტავს, თუ როგორ აპირებს არ დაუშვას აფხაზეთის ორად გახლეჩა, მაშინ როცა აფხაზეთის თითქმის მთელ ტერიტორიას, ზემო აფხაზეთის გარდა, 15 წელია თვითაღიარებული ხელისუფლება და რუსი სამხედროები აკონტროლებენ. არანაკლებ საინტერესოა ისიც, თუ რატომ ინახავდა მიხეილ სააკაშვილი საიდუმლოდ პრეზიდენტ პუტინთან ამ საუბრის შინაარსს მთელი წლის განმავლობაში და რატომ ახადა ფარდა მას მხოლოდ ახლა, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG