Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


”გაჩეჩილაძე ბელადომანიის დასრულებას და პენსიაზე გასვლას აპირებს” - ამ სათაურით იწყება სამშაბათს გამოსული გაზეთ ”რეზონანსის” პირველი სტატია.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი 13 ნოემბრის სხვა ქართული გაზეთების პირველი გვერდების თემაც იყო. ამ და საქართველოს პრესის სხვა საინტერესო სტატიების მიმოხილვას შემოგთავაზებთ.

თავდაპირველად გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი სტატიის შესახებ. სტატიის ავტორი რუსიკო მაჩაიძე ცდილობს გააანალიზოს ის ვითარება, რაც პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატების წამოყენების შემდეგ შეიქმნა. გაზეთი წერს, რომ გუშინ ხელისუფლებამ კარგი სიურპრიზი მიიღო იმით, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში შალვა ნათელაშვილის კანდიდატურა წამოაყენა. ეს სიურპრიზი აღმოჩენილა გაერთიანებული ოპოზიციისთვისაც, რომელიც, ერთი მხრივ, თავს იმშვიდებდა, ამით ხმები არ დაგვაკლდებაო და, მეორე მხრივ, შალვა ნათელაშვილის საქციელს ”ღალატი” უწოდა.

ლეიბორისტების ამ საქციელით გაღიზიანებულმა ოპოზიციის ეროვნულმა საბჭომ მაინც შეძლო ერთიანი კანდიდატურის წამოყენება და, როგორც ცნობილია, ეს ლევან გაჩეჩილაძეა. ”რეზონანსს” მოჰყავს ლევან გაჩეჩილაძის სიტყვები: ”საქართველოში პირველი დემოკრატიული არჩევნები სწორედ ერთიან ეროვნულ საბჭოში ჩატარდა. საბჭოს წევრებმა პრეზიდენტობის კანდიდატად ერთსულოვნად დამასახელეს. ახლა ყველაფერი მოსახლეობის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.”

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი თავისი მოღვაწეობის მთავარ მიზანს საპარლამენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში ხედავს - საპარლამენტო რესპუბლიკისა, რომელსაც მინისტრთა საბჭო უხელმძღვანელებს და არა პრეზიდენტი. პრემიერ-მინისტრის კანდიდატად კი გაერთიანებულმა ოპოზიციამ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი დაასახელა.


გაზეთი ”24 საათი” კი წერს, რომ ”ჯერჯერობით გაურკვეველია ოპოზიციის საერთო პოზიცია სახელმწიფო მოწყობის ფორმასთან დაკავშირებით. ლევან გაჩეჩილაძემ გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებას აპირებს. მოგვიანებით ჟურნალისტებთან დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი, შესაძლოა, არ გაუქმდეს, მაგრამ იგი საგრძნობლად შესუსტდება პარლამენტის ფუნქციის გაძლიერების ხარჯზე.”

”24 საათი” 13 ნოემბრის ნომერში საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკასაც ეხმიანება სტატიით ”საქართველო - ბადრი პატარკაციშვილის ოპერაცია”. სტატიის ავტორის ვლადიმირ სოკორის აზრით, 2007 წლიდან 2008 წლის აპრილამდე საქართველო რუსეთის მხრიდან ოთხი მტრული ოპერაციის განხორციელებას ელის.

პირველი ორი რუსეთის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელსაც, შესაძლოა, თან სდევდეს სამხედრო ოპერაციების განხორციელება, როგორც ეს მოხდა 90-იან წლებში.

მესამე მტრული ოპერაცია კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხის გარკვევითაა გამოწვეული, რადგან რუსეთი ამ პროცესს, სიმეტრიულად თუ ასიმეტრიულად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უპასუხებს, ამბობს სტატიის ავტორი.

მეოთხე მტრულ ოპერაციად კი გაზეთ ”24 საათში” დასახელებულია ნატოს ბუქარესტის სამიტამდე მოსკოვის მიერ შესაძლო სამხედრო ან პოლიტიკური ოპერაციის განხორციელება, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. სტატიის ავტორის ვლადიმირ სოკორის აზრით, ამ ვითარებაში ბადრი პატარკაციშვილის ოპერაცია საქართველოს ხელისუფლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. პატარკაციშვილის გეგმამ განაპირობა 5 იანვარს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა.
საქართველოს კი, საპრეზიდენტო კამპანიის შუა პერიოდში, ოთხი რუსული ოპერაციიდან შეიძლება ერთთან ან მეტთან გამკლავება მოუხდეს, აღნიშნავს გაზეთი ”24 საათი”.

ამ თემებს სხვა ქართული გაზეთებიც ეხმიანებიან და უყურადღებოდ არ ტოვებენ აფხაზეთში რუსეთის დამატებითი საჯარისო ნაწილებისა და სამხედრო ტექნიკის შეყვანის ფაქტს. ”გუშინ საქართველოს ხელისუფლება მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდა, მათი თქმით, შემაშფოთებელ ინფორმაციებს. თუმცა ის, რომ რუსეთს აფხაზეთში და სამაჩაბლოში დამატებითი ძალები შეჰყავს, არც ახალია და, მით უმეტეს, არც სენსაციური”, - დაასკვნის გაზეთი ”ახალი თაობა”.
XS
SM
MD
LG