Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შეიცვალა საქართველოს ბიზნეს გარემო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ


საქართველოს ბიზნეს გარემო ნოემბრის ცნობილ მოვლენებამდე და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველად ითვლებოდა

არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ მთელ მსოფლიოში. საერთაშორისო პრაქტიკიდან ასევე ცნობილია, რომ ქუჩის არეულობები და საგანგებო მდგომარეობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბიზნესის წარმოების თავისუფლებას. მინდა გიამბოთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა საქართველოს ბიზნეს გარემო 2-7 ნოემბრის მოვლენებისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ.

7 ნოემბრის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში მოღვაწე 100-მდე ბიზნესმენი შეიკრიბა და შეშფოთება გამოთქვა ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის გამო. მაშინ ბიზნესმენებმა აღნიშნეს, რომ ბევრმა უცხოელმა ინვესტორმა კაპიტალდაბანდებების განხორციელება ან შეაჩერა, ან კიდევ საერთოდ გადაიფიქრა. იმის გასარკვევად, თუ რა გავლენას ახდენს საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, თბილისის ქუჩებში რიგით მოქალაქეებს გავესაუბრე.

[მოქალაქეების ხმა] ”არ იყიდება. არ ვიცი საგანგებო უშლის ხელს თუ არა, აი, შიშით ვდგევარ, მოვლენ და აგვაყრევინებენ...”

”გასაყიდად დღეს გამოვედი. საგანგებო მდგომარეობა ძალიან მაგრა გვიშლის ხელს გაყიდვაში, აი, პურის ფული რომ შევიტანოთ ოჯახში.”

განსხვავებულია ეკონომიკის ექსპერტთა აზრი. ნიკო ორველაშვილი ამბობს:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ეს არის ცალსახად განგაშის სიგნალი, რომ ამ ქვეყანაში [კაცს] მაინცდამაინც არ უნდა მიუხაროდეს.”

მმრათველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკონომისტი შოთა გვენეტაძე კი სხვაგვარად ფიქრობს:

[შოთა გვენეტაძის ხმა] ”საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს სახელმწიფო იცავს კანონიერ პოზიციას, ბიზნესის კუთხით ეს არის ადეკვატური მდგომარეობა და მას ეს აკმაყოფილებს.”

იმ დროის მანძილზე, რაც თბილისში 7 ნოემბრის მოვლენები განვითარდა და ძალაში შევიდა საგანგებო მდგომარეობა, საქართველოში იმყოფებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია. მას საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ პრესკონფერენცია ჯერ კიდევ 7 ნოემბერს უნდა გაემართა, მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო გადაიდო. კითხვას, თუ
რა გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე ის, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ თბილისის ქუჩებში 7 ნოემბერს და შემდგომ დღეებში ნახა, მისიის წევრი რობერტ ქრისტიანსენი ასე უპასუხებს:

[რობერტ ქრისტიანსენის ხმა] ”მისიის მიზანი იყო მიმდინარე მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაცნობა. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად განვითარებას აგრძელებს. ჩვენი აზრით, წელს ეკონომიკური ზრდა იქნება 12-13 პროცენტის ფარგლებში, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია. ეკონომიკური ზრდა, ძირითადად, უცხოური ინვესტიციებითაა განპირობებული, მაგრამ ეს პროცესი შეიძლება შეფერხდეს, ვინაიდან პოლიტიკური გაურკვევლობა ინვესტიციების დიდი მტერია.”

სავალუტო ფონდის წარმომადგენელი იქვე დასძენს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების იანვარში ჩატარება ზევით ნახსენებ გაურკვევლობას შეამცირებს. ქრისტიანსენის თქმით, ამ მომენტში უცნობია, როგორი რეაგირება იქნება უცხოელი ინვესტორების მხრიდან. ამას ჩვენც ველოდებით და ძალიან გვაინტერესებსო, - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა.
XS
SM
MD
LG