Accessibility links

logo-print

ვის და როგორ სდევნის ქართული მართლმსაჯულება


სახალხო დამცველის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ნოემბრის აქციებში მონაწილე ადამიანების დევნას განაგრძობენ.

სოზარ სუბარის თქმით, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ომბუდსმენის აპარატს დახმარებისათვის ასამდე მოქალაქემ მიმართა, ორის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, დაკავებულია 1973 წელს დაბადებული ზვიად ხარგილია, რომელსაც ბრალი სპეცდანიშნულების რაზმის ჯარისკაცის ცემაში ედება, თუმცა პოლიციის მიერ გავრცელებულ ცნობებში არაფერია ნათქვამი ძალის გადამეტებულ გამოყენებაზე, რომელსაც, სახალხო დამცველის მტკიცებით, ადგილი ჰქონდა როგორც რუსთაველის გამზირზე, ასევე რიყეზე, სადაც პოლიციამ საპროტესტო აქციაში მონაწილე ადამიანები დაარბია. მოქმედებს თუ არა საქართველოში შერჩევითი მართლმსაჯულება და აქვს თუ არა ადგილი განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების მქონე ადამიანების დევნას?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატიული მასალა, რომელშიც დაკავებული ახალგაზრდა აღიარებით ჩვენებას იძლევა, 13 ნოემბერს გაავრცელა.

[ზვიად ხარგილიას ხმა] „ვნახე, რომ რამდენიმე კაცი, დაახლოებით ათი-თხუთმეტი, ურტყამდა სპეცრაზმელს. ამ ამბავში მეც განსაკუთრებული აგრესიულობით ჩავერთე. მე ქვა ავიღე ხელში, ქვის ჩარტყმა მინდოდა. ვიღაცას დიდი ქვა ორი ხელით ეჭირა. სავსებით შესაძლებელი იყო, ვინმეს რომ არ გავეჩერებინეთ, ეს კაცი ცემაში შემოგვკვდომოდა.“

ჯამში, 7 ნოემბერს ფიზიკური დაზიანება რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიიღო. სამედიცინო დაწესებულებებში დღემდე რჩება ერთი პოლიციელი და შვიდი სამოქალაქო პირი. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ გამოსაძიებელია არა მარტო ძალადობის კონკრეტული ფაქტი, რომელიც პოლიციელის ცემას უკავშირდება, არამედ ისიც, თუ რამ გამოიწვი ეს ძალადობა:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] „არის მაღალი ალბათობა და ეჭვი იმისა, რომ ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. მეტიც, იქ იყვნენ სრულიად შავებში ჩაცმული ადამიანები, რომლებსაც ეკეთათ ნიღბები და რომლებიც ყველაზე გამეტებით სცემდნენ ხალხს. რომელ უწყებას წარმოადგენდნენ ეს ადამიანები, იყვნენ პოლიციელები თუ კრიმინალები, დღემდე არ არის ცნობილი. ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ ეს ადამიანები იდგნენ პოლიციელების გვერდით და მოქალაქეებს ურტყამდნენ.“

თუმცა, ვიდრე მოქალაქეებს დაარტყამდნენ, შავფორმიანები და პოლიციელები, რომელთა შესახებაც გიორგი ჩხეიძე ლაპარაკობდა, ერთმანეთს შემდეგი საბრძოლო შეძახილებით ამხნევებდნენ.

[პოლიციელთა შეძახილები] „საქართველოს გაუმარ-ჯოს! მიშას გაუმარ-ჯოს! ბადრის რა? დედის ტ...ნა!..“

ჩნდება ეჭვი, რომ ბადრი პატარკაციშვილის შემგინებელი და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პოლიცია 7 ნოემბერს, კანონის დარღვევის აღკვეთის ნაცვლად, პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებით იყო დაკავებული. პოლიციის პოლიტიზირებაზე ლაპარაკობდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე მიტინგის დარბევამდე ერთი კვირით ადრე:

[ელენე თევდორაძის ხმა] „მრჩება შთაბეჭდილება, რომ სამეგრელოში პოლიციელები მეტად პოლიტიზებულნი არიან. ნუ დაავიწყდებათ, რომ მათ კანონით არ აქვთ უფლება პოლიტიკაში ჩაერიონ. მათი ვალდებულებაა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება დაიცვან.“

ელენე თევდორაძემ ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როცა ტელევიზიით ზუგდიდში მიტინგის ჩასატარებლად ჩასული ოპოზიციონერი კოლეგების ცემის ამსახველი კადრები და უმოქმედო პოლიციელები იხილა. 28 ოქტომბერს ბეჟან გუნავასა და ბიძინა გუჯაბიძის ცემის ფაქტს ჟურნალისტი ნანა ფაჟავაც შეესწრო.

[ნანა ფაჟავას ხმა] „ბეჟან გუნავა ჯერ ძირს დააგდეს, ხოლო შემდეგ წიხლებით სახეში ურტყამდნენ. სახეზე ჰქონდა სერიოზული დაზიანებები, სისხლიც სდიოდა. მან გაქცევა სცადა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა აქტივისტებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. გუნავამ მოახერხა სუპერმარკეტში შესვლა, თუმცა ფეხდაფეხ სდიეს და იქაც სცემეს.“

თვითმხილველის თქმით, დეპუტატებს ორ ათეულამდე ახალგაზრდა ფორმიანი პოლიციელების თანდასწრებით სცემდა, თუმცა სახალხო დამცველმა გამოთქვა ეჭვი, რომ ყველა მოძალადე სამოქალაქო პირი არ ყოფილა:

[სოზარ სუბარის ხმა] „კადრებში კარგად ჩანს, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ ადამიანთა ნაწილს როგორ ჰქონდა გაჩრილი იარაღი ქამარში, რაც გვაფიქრებინებს, რომ მათ შორის, შესაძლოა, ყოფილიყვნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.”

სოზარ სუბარმა გამოძიების დაწყების რეკომენდაციით მიმართა გენერალურ პროკურატურას, მაგრამ არც 28 ოქტომბრის და არც 7 ნოემბრის შემდეგ პოლიციელის წინააღმდეგ, სამსახურებრივი გულგრილობის ან უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. არადა, გიორგი ჩხეიძე, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, დარწმუნებულია, რომ შერჩევით სამართალზე უარის თქმის გარეშე, სამართლებრივი სახელმწიფო ვერ აშენდება:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] „ხელაღებით იმის თქმა, რომ 7 ნოემბერს მოქალაქეებმა ჩაიდინეს დანაშაული, ხოლო პოლიციელები მოქმედებდნენ კანონით დადგენილ ფარგლებში, მგონია, რომ არასწორია. იმისათვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს (და ყველანი თანხმდებიან, რომ არ უნდა განმეორდეს), აუცილებელია ამ ფაქტებთან დაკავშირებით დროული და ეფექტური გამოძიება და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ გამოძიების შედეგები.“
XS
SM
MD
LG