Accessibility links

logo-print

ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი თბილისში ბრუნდება


ჟურნალისტებისთვის მოულოდნელი იყო როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტის გახანგრძლივება და ხელმეორე ბრიფინგი,

ასევე ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის პეტერ სემნების დაბრუნება თბილისში. ის ბრიუსელში ორიოდე დღის წინ გაემგზავრა, 14 ნოემბერს დილით კი დაბრუნდა და უკვე არაერთი შეხვედრა გამართა. ვიდრე მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე წავიდოდა, მან მოისურვა საერთაშორისო მედიასაშუალებების წარმომადგენლებს - მათ შორის, რადიო ”თავისუფლებასაც” -შეხვედროდა.

შეხვედრაზე მისული ოთხივე ჟურნალისტის ინტერესის უმთავრესი საგანი, ბუნებრივია, სემნების ასე მოკლე დროში დაბრუნების მიზეზი გახლდათ. ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის აპირებდა ბრიუსელიდან მალე დაბრუნებას და რაიმე განსაკუთრებული მიზეზით ეს არ მომხდარა. ის აქ კიდევ ორ-სამ დღეს დარჩება.

პეტერ სემნების ახლანდელი განცხადებები განსხვავდებოდა მისი 11 ნოემბრის განცხადებებისგან - ისინი, ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ, უფრო მკაფიო და კატეგორიული იყო:

[სემნების ხმა]
”ჩვენ თავიდანვე კრიტიკულები, ძალიან კრიტიკულები ვიყავით საგანგებო მდგომარეობის შემოღების გამო და ვერ ვხედავთ მისი გაგრძელების მიზეზს. ვიმედოვნებ, საგანგებო ვითარების გაუქმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უახლოეს დღეებში ნამდვილი აღმოჩნდება.”

ჯერ კიდევ 8 ნოემბერს ევროკავშირის საბჭოს განცხადება გავრცელდა, რომელშიც ჩაიწერა, რომ პოლიტიკური დაძაბულობა დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, მედიის თავისუფლების ხელყოფის გარეშე უნდა მოგვარდეს. სემნებიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მედიის სრულყოფილად მუშაობის აღდგენის მნიშვნელობას (განსაკუთრებით კი - წინასაარჩევნო ვითარებაში) და განაცხადა:

[სემნების ხმა]
”რაც უფრო ხანგრძლივია საგანგებო მდგომარეობა, მით უფრო რთული იქნება საერთაშორისო მეთვალყურეებისთვის დარწმუნდნენ იმაში, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია. მეთვალყურეობა არ ნიშნავს დაკვირვებას მხოლოდ არჩევნების დღის მიმდინარეობაზე, არამედ ეს დიდწილად გულისხმობს მეთვალყურეობას საარჩევნო კამპანიის პირობებზე, რაც, თავის მხრივ, დიდწილად მოიცავს ვითარებას მედიაში.”

პეტერ სემნები მედიაზე საუბრისას კიდევ ერთხელ შეეხო კომპანია ”იმედის” საქმეს. კომპანიის წარმომადგენლებს ის მეორე ვიზიტისას კიდევ ერთხელ შეხვდა:

[სემნების ხმა]
”მე ასევე ვიმედოვნებ, რომ მოგვარდება ”იმედის” საქმე, რაც შესაძლებელს გახდის მისი მუშაობის განახლებას. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, სასამართლოს ორდერი, რომელიც არის ”იმედის” დახურვის საფუძველი და მხოლოდ გუშინ გადაეცათ კომპანიის წარმომადგენლებს, ერთი შეხედვით, არ იძლევა საკმარის საფუძველს ისეთი მკაცრი ზომის გატარებისთვის, როგორიც კომპანიის გაჩერებაა.”

ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. სემნები აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ამ მოლაპარაკებებზე მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ საკანონმდებლო საკითხებზე (მაგალითად, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესზე). აქვე სემნები აღნიშნავს, რომ ყველა ძირითადი საკითხი საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის უნდა გადაწყდეს. ევროკავშირს აქ დიალოგის ხელშემწყობის როლი ეკისრება.

11 ნოემბრის ბრიფინგისგან განსხვავებით, დღევანდელ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან პეტერ სემნები საქართველოში მიმდინარე მოვლენების საერთაშორისო ეფექტზეც ალაპარაკდა:

[სემნების ხმა]
”რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია თავისსავე გადაწყვეტილებებზე. ეს, ბუნებრივია, იქონიებს გარკვეულ ზეგავლენას საქართველოს ურთიერთობაზე მის საერთაშორისო პარტნიორებთან (მათ შორის - ევროკავშირთანაც). მიღებული ზომები არის უკიდურესი. ისინი მიღებულ იქნა, თითქოსდა სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხეების პასუხად. თუმცა, გულახდილად რომ გითხრათ, ამგვარი ზომების საფუძველი კითხვებს ბადებს და მოველით, რომ შემზღუდავი ზომები შეძლებისდაგვარად მალე და სრულად გაუქმდება, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სასიკეთოდ და, მეორე, იმისათვის, რომ არ დაზარალდეს საქართველოს ურთიერთობები მის პარტნიორებთან. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ გადაწყვეტილების მიმღები პირები (რომლებიც ბოლო დროს ადგილობრივი მდგომარეობით იყვნენ მოცული), სრულად აცნობიერებდნენ რამდენად სერიოზულად აფასებენ შექმნილ ვითარებას საქართველოს პარტნიორები ევროპასა და მთელ მსოფლიოში.”

როგორც სემნები აცხადებს, არჩევნებამდე დარჩენილი დროის სიმცირე ძალიან ართულებს ევროპელ მეთვალყურეთა მობილიზაციას. მეთვალყურეობის ძირითადი ტვირთი, ტრადიციულად, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას დაეკისრება. თუმცა ბრიუსელში ყოფნისას სემნებიმ უკვე მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს მაქსიმალური წვლილი შეიტანონ არჩევნების მეთვალყურეობის პროცესში. და კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც ევროკავშირის წარმომადგენელი არჩევნებისთვის მნიშვნელოვნად თვლის - ეს არის მოსახლეობის განწყობა, რომელიც უფრო კონფრონტაციულია, ვიდრე ბოლოდროინდელ მოვლენებამდე შეიძლებოდა ყოფილიყო. ”საზოგადოება, გარკვეული თვალსაზრისით, ჯერ კიდევ შოკშია და ესეც გამოწვევაა”, - აცხადებს სემნები.
XS
SM
MD
LG