Accessibility links

logo-print

პრეზიდენტობის კანდიდატები ბეჭდური პრესის ფურცლებზე


ვიდრე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გრძელდება და ”საზოგადოებრივი მაუწყებლით” შეუზღუდავად მხოლოდ პრეზიდენტი სააკაშვილი სარგებლობს,

პრეზიდენტობის სხვა კანდიდატები პრესის ფურცლებზე საკუთარი პროგრამის ცალკეულ ასპექტებზე საუბრობენ.

გაზეთი ”რეზონანსი” ბეჭდავს ვრცელ ინტერვიუს გაერთიანებული ოპოზიციის ”ეროვნული საბჭოს” ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძესთან, რომელიც ამბობს, რომ მის კანდიდატურას ოპოზიციამ შიდა არჩევნების შედეგად მისცა უპირატესობა.

გამარჯვების შემთხვევაში კი ლევან გაჩეჩილაძის საპროგრამო დაპირებებია: საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე დანიშვნა, საკონსტიტუციო ცვლილება და პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმება, დემოკრატიისა და დასავლეთისაკენ სვლა და რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება. ”ოღონდ რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ერთნაირი ქვეყანა და მეზობლები, სადაც უფროს-უმცროსობის თემა არ მუშაობს”, - აღნიშნავს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლევან გაჩეჩილაძე, გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში.

ოპოზიციის კიდევ ერთი კანდიდატის, ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერის დავით გამყრელიძის ინტერვიუს გაზეთი ”ალია” აქვეყნებს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ ასხამს სააკაშვილის წისქვილზე წყალს მისი კანდიდატურის წამოყენება დაქსაქსული ოპოზიციის ფონზე, დავით გამყრელიძე პასუხობს: ”ჩემი აზრით, პირიქით, რაც უფრო მეტი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება წარმოდგენილი, მით უფრო მეტ ადამიანს ექნება არჩევნებში მონაწილეობის მოტივაცია. ეს კარგად უნდა განვუმარტოთ საზოგადოებას. შესაძლოა, ერთი ოპოზიციური კანდიდატი პირველ ეტაპზე ვერ გახდეს საყოველთაო მხარდაჭერის ობიექტი ან ვერ შეძლოს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის სრული მობილიზება და დაიკარგოს არჩევნებში მონაწილეობის მოტივაცია, რაც სააკაშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს”, აცხადებს გაზეთ ”ალიასთან” ინტერვიუში დავით გამყრელიძე.

გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს ინტერვიუს პოლიტოლოგ გია ნოდიასთან. პოლიტოლოგის თქმით, ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატების ასეთი განლაგება სააკაშვილისთვის მომგებიანია, რადგან ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ხმები სხვადასხვა კანდიდატს შორის გაიყოფა, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის შანსებს ძალიან გაზრდის.” პოლიტოლოგ გია ნოდიას მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანად ვერ ჩაითვლება ვერც ელექტორატის და ვერც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, თუ ტელეკომპანია ”იმედი” არ აღდგება. ”რეალობაა, რომ ყველა სხვა ტელეკომპანიაზე ხელისუფლებას თავისი გავლენის ბერკეტები აქვს. მართალია, ხელისუფლებას, შესაძლოა, ”იმედის” დასახურად სამხილები და იურიდიული არგუმენტები აქვს, მაგრამ თუ ჩავთვლით კიდეც, რომ ეს არგუმენტები არის სამართლიანი, საზოგადოებრივმა ინტერესმა მაინც უნდა გადასძლიოს. ქვეყანა ”იმედის” დახურვით უფრო მეტს წააგებს, ვიდრე მოიგებს”, მიაჩნია პოლიტოლოგ გია ნოდიას, რომლის ინტერვიუსაც ”საქართველოს რესპუბლიკა” ბეჭდავს.
XS
SM
MD
LG