Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღდგება თუ არა ტელერადიოკომპანია ”იმედის” მაუწყებლობა, ისევ აქტუალურ კითხვად რჩება


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი აღდგება თუ არა საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ტელეკომპანიების და, პირველ რიგში, ”იმედის” მაუწყებლობა? - ეს კითხვა საზოგადოებაში, ალბათ,

ყველაზე ხშირად გაისმის, თუმცა დღითი დღე მტკიცდება აზრი, რომ ”ტელეიმედს” მაყურებელი ვეღარ იხილავს. ამ აზრის გამყარებას ემსახურება ოთხშაბათს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია "იმედის" ქონებასა და სამაუწყებლო ლიცენზიას ყადაღა დაედო. რას ფიქრობენ ამ საკითხზე იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თავად ტელეკომპანიის ჟურნალისტები, რომლებიც ოთხშაბათს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ?


როგორც ირკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლომ, გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ტელეკომპანია “იმედის” ქონებასა და სამაუწყებლო ლიცენზიას ყადაღა ჯერ კიდევ 7 ნოემბერს დაადო, თუმცა ეს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისთვის მხოლოდ 13 ნოემბერს გახდა ცნობილი, საზოგადოებამ კი ეს ამბავი ოთხშაბათს შეიტყო. ისიც ირკვევა, რომ გენერალურმა პროკურატურამ საკუთარი მოთხოვნა ტელეკომპანიის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით ახსნა. თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არც გენერალური პროკურატურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და არც ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ რაიმე დამატებით კომენტარს. ტელეკომპანიის ადვოკატებმა ხუთშაბათს თბილისის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. მათ პასუხი 72 საათის მანძილზე უნდა მიიღონ. ტელემაუწყებლობის უახლოეს მომავალში აღდგენის მცირე იმედი აქვთ ”ტელეიმედის” თანამშრომლებს. საკუთარ დამოკიდებულებასა და გეგმებზე ყადაღადადებული ტელეკომპანიის ერთ-ერთი ცნობილი წამყვანი ინგა გრიგოლია გვესაუბრა:

[ინგა გრიგოლიას ხმა] ”ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, ვხვდებით საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადამიანის, მედიის უფლებების დამცველებს და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ამ ზეწოლებს ჯერჯერობით შედეგი არ მოუტანია. არ ვიცი, ვნახოთ. ერთს გეტყვი ნამდვილად, რომ მე არ მინდა აქ დავამთავრო ჩემი ჟურნალისტური ცხოვრება, იმიტომ რომ მე იმ დღემ თუნდაც, 7 ნოემბერმა, იმდენი კითხვა დამიტოვა, რომ მე ვთვლი, რომ მე ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ გაზეთი იქნება ეს, რადიო, თუ ტელეკომპანია, თუ სხვა, რომ მე ეს კითხვები დავსვა და არ ვიცხოვროთ ბრეჟნევის ეპოქაში, როგორც ახლა ვცხოვრობთ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პირველ არხს ჰქონდა უნიკალური შანსი მაყურებლის ნდობა მოეპოვებინა და ეს არის, მე რომ ვიყავი პატარა, პიონერი რომ ვიყავი და კომკავშირელი, აი, იმ ეპოქის საინფორმაციო და ტელევიზია აღმოვაჩინე პირველი არხის სახით.” (სტილი დაცულია)

ინგა გრიგოლიას პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრაზეც ვკითხეთ. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათს პარლამენტის სპიკერთან შეხვედრაზე ჯერ ტელეკომპანია ”იმედის” თანამშრომლები, შემდეგ კი ინგა გრიგოლია იმყოფებოდა.

[ინგა გრიგოლიას ხმა] ”შევხვდი, ვილაპარაკეთ. ეს არ იყო რაღაცა ხანგრძლივი შეხვედრა. უფრო ერთმანეთის მოსმენა, მე ვიტყოდი ესე, რა. მე ვუთხარი ჩემი აზრი, ვუთხარი ისიც, რომ ნინო ბურჯანაძისგან ველოდი უფრო მეტს იმ დღეს, იმიტომ რომ მე მას პატივს ვცემდი ყოველთვის და მინდოდა, რომ მისგან მომესმინა რაღაც ახსნა-განმარტებები, მაგრამ მართლა ეს იყო უფრო მეგობრული შეხვედრა, ეს არ იყო პოლიტიკოსის შეხვედრა ჟურნალისტთან, უფრო იყო ისეთი, რა - ჩვენი ურთიერთობა გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ დავმსხდარიყავით და გვესაუბრა. მერე რატომღაც ამას მოჰყვა დიდი სკანდალი, რომ რატომ შემხვდა მარტო მე. და ეს არ იყო ჩემი გადაწყვეტილება, თვითონ მოისურვა ასე და, ცხადია, რომ მე არ ვიტყოდი, მე არავისთან შეხვედრაზე ვიტყვი უარს.” (სტილი დაცულია).

იმავდროულად, ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის შეჩერებას აპროტესტებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. საგანგებო განცხადებაში ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” კატეგორიულად მიუღებელს უწოდებს ტელეკომპანია ”იმედის” წინააღმდეგ გატარებულ ზომებს. ”მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონს, არაა პროპორციულად შემზღუდველი, არ წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოებისათვის კრიტიკულად აუცილებელ შეზღუდვას და არაა მიმართული ლეგიტიმური მიზნის დაცვისაკენ”, - ნათქვამია ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საგანგებო მიმართვაში. თუმცა ამ მიმართვაზე ხელისუფლების რეაქცია უცნობია. ასევე ჯერჯერობით უცნობი რჩება ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის პირველი ინსტანციის სასამართლო ტელეკომპანია ”იმედის” ადვოკატების სარჩელთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG