Accessibility links

logo-print

რა საკითხების განხილვით განახლდა საქართველოს პარლამენტის სხდომა


დღეს, 15 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტი დღის მეორე ნახევარში შეიკრიბა და საგანგებო მდგომარეობის გაუქმების საკითხი განიხილა. ხმების უმრავლესობით,

153 2-ის წინააღმდეგ, საგანგებო მდგომარეობა გაუქმებულად გამოცხადდა 16 ნოემბრის 19 საათიდან. ამასთან ერთად, პარლამენტის სხდომამ საარჩევნო კოდექსის ცვლილებებიც განიხილა.

საქართველოს პარლამენტის სხდომა რამდენიმე განცხადების შემდეგ დღის წესრიგს დაუბრუნდა და კენჭი უყარა პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის 16 ნოემბრის 19 საათიდან გაუქმების შესახებ.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”...ყურადღებით! მიმდინარეობს კენჭისყრა...
... გადაწყვეტილება მიღებულია.”

ამცნო პარლამენტს სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ და შეახსენა, რომ საგანგებო მდგომარეობა აღარ იმოქმედებს 16 ნოემბრის 19 საათიდან. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საკანონმდებლო ორგანომ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების განხილვა დაიწყო. კოდექსში ცვლილებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაწყებული კონსულტაციების შედეგია. ცვლილებათა კანონპროექტი პარლამენტს უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა გააცნო. ზოგიერთი ფრაგმენტი მომზადებული ცვლილებებიდან:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] ”ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იქნება პარტიული წარმომადგენლობა...”

პარტიული წარმომადგენლობა გაიზრდება საარჩევნო უბნებშიც და 7 კაცი გახდება. საოლქო საარჩევნო კომისიებს მხოლოდ სატრანზიტო ფუნქცია მიენიჭება. ასევე შემცირდება უბნის ფორმირებისთვის საჭირო ამომრჩევლების რაოდენობა 2000-დან 1500-მდე, ოღონდ - საპარლამენტო არჩევნებისთვის. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების საზღვრების გადახედვა, გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, არ მოხდება. ასევე აუცილებლობას აღარ წარმოადგენს საარჩევნო მოსაწვევი, ”ამომრჩევლის ბარათი”. ამომრჩეველს მის გარეშეც ექნება უფლება ხმა მისცეს სასურველ კანდიდატს.

[პავლე კუბლაშვილის ხმა] ”ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გავაუქმოთ ყველა ის ზედმეტი მოთხოვნა, რომელმაც შეიძლება აჟიოტაჟი გამოიწვიოს...”

არჩევანის გამარტივების მიზნით, იმ რეგიონებში, რომელთა მოსახლეობაც არ ფლობს სახელმწიფო ენას, გამოყენებული იქნება ორენოვანი ბიულეტენები. შეზღუდვები უქმდება ბეჭდვითი პრესისათვის, რომელსაც უფლება ექნება საპრეზიდენტო კანდიდატებს განუსაზღვრელი ადგილი დაუთმოს. საარჩევნო დროის ლიმიტი მხოლოდ ტელე-რადიო არხებისთვის წესდება.

საერთაშორისო დამკვირვებლებს უფლება ეძლევათ, წინასწარ განსაზღვრული უბნის ნაცვლად, ნებისმიერი უბნის მონიტორინგი განახორციელონ.

მარტივდება არჩევნების დღეს კანდიდატების ტელეეკრანზე გამოჩენის პროცედურა და სხვ.

[პავლე კუბლაშვილის ხმა] ”და ყველა ეს ცვლილება, საბოლოო ჯამში...”

რადგან საარჩევნო კოდექსის ცვლილებები ოპოზიციისა და უმრავლესობის კონსულტაციების შედეგია, ამიტომ ოპოზიციას მკვეთრი შენიშვნები არ გამოუთქვამს. ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ, განაცხადა, რომ ჯერჯერობით შეუთანხმებელი რჩება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი. ოპოზიციას სურს, რომ კომისიის ხელმძღვანელი კომისიის წევრებმა აირჩიონ.

პარლამენტის სხდომაზე რეფერენდუმის შესახებ კანონში ცვლილებებიც შეიტანეს და მანაც კამათის გარეშე ჩაიარა, წინასწარ მიღწეული შეთანხმებების წყალობით.

საქართველოს პარლამენტმა, უმრავლესობამ და ოპოზიციამ, საარჩევნო კოდექსისა და რეფერენდუმის კანონის ცვლილებები პირველი მოსმენით ერთობლივად მიიღო.
XS
SM
MD
LG