Accessibility links

გასული კვირის ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა


გასული კვირის ეკონომიკური სიახლეების დიდი ნაწილი

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შედეგი აღმოჩნდა. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდა, მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, შეშის დარიგება და მცირე მოვაჭრეებისთვის სალაროს აპარატების გაუქმება გადაწყვიტა. გასულ კვირაში გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშიც. დღეს მინდა ამ და სხვა ეკონომიკური მოვლენების შესახებ გესაუბროთ.

გასული კვირის ეკონომიკური მოვლენები დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პედაგოგებთან შეხვედრით, სადაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მასწავლებლების ხელფასები დეკემბრიდან 200 ლარამდე გაიზრდება:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ეხლა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სკოლის რემონტებთან დაკავშირებით. რამდენი პროცენტითაც გაიზრდება დაფინანსება რემონტებზე, სამჯერ მეტად უნდა გაიზარდოს პედაგოგების დაფინანსება. ყველა პედაგოგი მიიღებს სრულ პაკეტს სამედიცინო დაზღვევის. ეს მუშაობს უკვე ჩვენს ჯარისკაცებზე, ოფიცრებზე, პოლიციელებზე და ეს გავრცელდება პედაგოგებზე.”(სტილი დაცულია)

პედაგოგებთან შეხვედრიდან მეორე დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, ხოლო ოდნავ მოგვიანებით მთავრობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ სოფლის მოსახლეობას ხუთ-ხუთი კუბმეტრი შეშით დაეხმარება:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჯერ ერთი, ფიჩხი ისედაც უფასოა. რაც შეეხება შეშას, დაარიგეთ საპრეზიდენტო ვაუჩერები 5 კუბმეტრ შეშამდე. ეს ერთი მანქანაა. ეს რამდენიმე ათას მოსახლეს შეეხება. ეს არის საკმარისი, რომ ზამთარი გადაიტანონ.”

ამ პროგრამის განხორციელება ტყეების მოიჯარეთა უფლებების დარღვევას გამოიწვევს, მაგრამ, პრეზიდენტის განცხადებით, მოიჯარეები ჯერ ვერ ამუშავდნენ და მოქალაქეებისთვის ხელოვნური შეზღუდვების დაწესება არაჰუმანური და ალოგიკურია.

ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ მეცნიერებათა აკადემია, რომელიც დაახლოებით 1 წლის წინ დაშლას ძლივს გადაურჩა, ბიუჯეტიდან დაფინანსდება, აკადემიას გადაეცემა სახელმწიფო ქონება და აკადემიკოსის ხელფასი 1600 ლარზე ნაკლები არ იქნება. ასეთია პარლამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტის ძირითადი არსი. განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ნოდარ გრიგალაშვილის კომენტარი:

[ნოდარ გრიგალაშვილის ხმა] ”ეს არის კანონი არა იმდენად აკადემიკოსების სტრუქტურის შიდა მოწყობის შესახებ, რამდენადაც ეს არის კანონი აკადემიკოსებისადმი სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ.”

დღეს კი, აკადემიკოსების მხარდაჭერის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოსახლეობისთვის მიწების დაკანონება დაიწყო. მათ, ვინც მიწას მხოლოდ ფლობდა და არ ჰქონდა ოფიციალურად გაფორმებული, ამიერიდან მისი დაკანონება შეუძლიათ. თბილისში ეს პროცესი უკვე დაიწყო. ვიცე-მერის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, მოქალაქეებს მიწა 3 შემთხვევაში დაუკანონდებათ:

[მამუკა ახვლედიანის ხმა] ”მათი გატარება და რეგისტრაცია ვერ ხერხდებოდა, რადგან ჰქონდათ სარგებლობის უფლებით. შეუძლიათ ეს მიწა დაისაკუთრონ. ასევე, მესამე, ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ არასასოფლო თუ სასოფლო-სამეურნეო მიწებით.”(სტილი დაცულია)

ამ ცვლილებებს კვირის ბოლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილება დაემატა: შეიცვლება სალაროს აპარატებით ვაჭრობის რეჟიმიც - ბაზრებსა და ბაზრობებზე ვაჭრობა სალაროს აპარატების გარეშე 2009 წლის ივლისამდე განხორციელდება. რიგითი მოსახლეობა ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ასე აფასებს:

[მოქალაქეთა ხმა]

ოპოზიციური პარტიები და მოვაჭრეები ბაზრებსა და ბაზრობებზე სალაროს აპარატების გარეშე ვაჭრობის ნებართვას ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ საპროტესტო აქციებით მოითხოვდნენ, მაგრამ მაშინ მათი მოთხოვნა ყურად არავინ იღო.

ეკონომიკის ექსპერტის ნიკო ორველაშვილის აზრით, პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ეკონომიკური ცვლილებები - ხელფასების მომატება თუ შეშით დახმარება - ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობაა:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”ოღონდ ახლა ტყავი გადაირჩინოს, მთელ საქართველოს ქონებას უფასოდ ჩამოარიგებს.”

გასულ კვირაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლე გახდა ცნობილი. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა შეაფასა. სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი, რომელიც 6 ნოემბერს დაიწყო, თბილისში 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენების მოწმე გახდა. მიუხედავად ამისა, ფონდის წარმომადგენლები მაინც ოპტიმისტურ შეფასებას აძლევენ საქართველოს ეკონომიკის როგორც განვლილ გზას, ასევე მომავალს. მისიის წევრის რობერტ ქრისტიანსენის კომენტარი:

[რობერტ ქრისტიანსენის ხმა] ”მისიის მიზანი იყო მიმდინარე მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაცნობა. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს სწრაფად განვითარებას. ჩვენი აზრით, წელს ეკონომიკური ზრდა იქნება 12-13 პროცენტის ფარგლებში, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია. ეკონომიკური ზრდა, ძირითადად, განპირობებულია უცხოური ინვესტიციებით, თუმცა ეს პროცესი შეიძლება შეფერხდეს, რადგან პოლიტიკური გაურკვევლობა ინვესტიციების დიდი მტერია.”

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებით, წელს საქართველოში ეკონომიკა 12 პროცენტით გაიზრდება, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

დაბოლოს, გასული კვირის მიწურულს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანას პრემიერ-მინისტრის შეცვლის შესახებ ამცნო. ამ პოსტზე ზურაბ ნოღაიდელის შემცვლელად წარდგენილია ”საქართველოს ბანკის” პრეზიდენტი ლადო გურგენიძე. მან თავის მოკლე საპრეზენტაციო გამოსვლაში მთავრობის საქმიანობის მთავარ მიზნად ქართველ ბიზნესმენებს, უცხოელ ინვესტორებს, ქართულ დიასპორასა და ქვეყნის სოციალურად დაუცველ ფენებს შორის თანამშრომლობის დაწყება დაასახელა:

[ლადო გურგენიძის ხმა] ”მე ჩემს მთავარ ამოცანას, თუკი პარლამენტი ამ პოსტზე დამამტკიცებს, ვხედავ იმაში, რომ აეწყოს კომუნიკაცია, დიალოგი და შეძლებისდაგვარად მოხდეს კონსენსუსი ხალხს, განსაკუთრებით მოსახლეობის დაუცველ ფენებსა და სამ ძალიან მნიშვნელოვან ჯგუფს შორის, რომელსაც ემყარება ჩვენი ეკონომიკური სიძლიერე, წინსვლა, ის პროგრესი, რომელიც განიცადა ჩვენმა ეკონომიკამ.”

ლადო გურგენიძესთან ერთად საკანონმდებლო ორგანომ უახლოეს დღეებში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს.

XS
SM
MD
LG