Accessibility links

კულტურული ქრონიკა


ლიტერატურულმა კონკურსმა ”წერო”

სტარტი აიღო 12 ნოემბერს, როცა მოსახლეობის უმრავლესობა, ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” თუ არ ჩავთვლით, ინფორმაციას მხოლოდ გაზეთებიდან და ინტერნეტიდან იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული ცხოვრება საქართველოში არავის აუკრძალავს, მასობრივი ღონისძიებები არ იმართებოდა. ამიტომ, ბუნებრივია, ვერც ლიტერატურული კონკურსის საზეიმო გახსნა ვიხილეთ. თუმცა ”წერო” ”საბასა” და ზოგიერთი სხვა კონკურსისგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ, ფაქტობრივად, თავიდან ბოლომდე ვირტუალურ სივრცეში ეწყობა - კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეხვიდეთ ”წეროს” ინტერნეტმისამართზე ”ლიტერატურა.გე” და გამოაქვეყნოთ 5-დან ათ გვერდამდე მოცულობის პროზაული ნაწარმოები ნებისმიერ თემაზე, მერე კი ჟიურისა და მკითხველის გადაწყვეტილებას დაელოდოთ. უფრო კონკრეტულად კონკურსის წესების შესახებ ”წეროს” ჟიურის წევრი, მთარგმნელი დავით გაბუნია გვიამბობს:

[დავით გაბუნიას ხმა] ”კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ავტორი უნდა დარეგისტრირდეს საიტზე და სპეციალურ გვერდზე უნდა განათავსოს თავისი ტექსტი, რომელიც არ ყოფილა აქამდე გამოქვეყნებული - არც დაბეჭდილი და არც ამჟამად არ დევს ინტერნეტში. კონკურსის მსვლელობის მანძილზე ავტორის ვინაობა ანონიმურია...ანუ ჩვენც, ჟიურიმაც, არ ვიცით, ვინ არიან ავტორები. მას შემდეგ, რაც შეირჩევა მინიმუმ ათი ტექსტი, მკითხველები მისცემენ ხმას. ამ შემთხვევაშიც არავინ იცის ავტორების ვინაობა. მათი გვარები მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდება.”(სტილი დაცულია)

ანონიმურობა ”წეროს” განსაკუთრებულ ხიბლს მატებს - ამ კონკურსში, ფაქტობრივად, არ არსებობს ცენზურა. ასე რომ, მოგონილი სახელით შეგიძლიათ წეროთ ყველაფერი, რაც მოგესურვებათ. თანამედროვე ქართული კულტურის ზოგიერთი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ დღევანდელი ჩვენი მწერლები ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლებულან საბჭოთა კომპლექსებისგან და ახლა უკვე თვითცენზურა ანდა საზოგადოებრივი აზრის შიში უშლის ხელს კულტურის თავისუფალ განვითარებას. ”წერომ” ეს პრობლემა უნდა მოხსნას - წერეთ თავისუფლად. მაგალითად, ნუ შეგეშინდებათ ჟარგონის, ნურც ტაბუდადებული თემები დაგაფრთხობთ... რა გენაღვლებათ, თქვენს ვინაობას ხომ მაინც ვერავინ გაიგებს. მერე კი, როცა კონკურსი დამთავრდება, ჟიურიმ და მკითხველმა, შესაძლოა, დაგიფასოთ ეს თავისუფლება. ამ შემთხვევაში თქვენი ვინაობის გამხელა მოგიწევთ. ლიტერატურული კონკურსი ”წერო” ხომ ფულად პრემიებს ითვალისწინებს: პირველი პრემია 2000 ლარია, მეორე- 1000, მესამე - 500 ლარი. ”წეროს” ჟიურის წევრი დავით გაბუნია შეგვახსენებს, რომ კონკურსით ყველაზე აქტიური 10 მკითხველის დაჯილდოებაცაა გათვალისწინებული:


[დავით გაბუნიას ხმა] ”ასეთი ტრადიცია დამკვიდრდა - კონკურსი ტარდება შემოდგომაზე პროზაში და გაზაფხულობით პოეზიაში.
ამ კონკურსის მიზანია წაახალისოს ლიტერატურული პროცესები, მოახდინოს სტიმულირება ამ პრემიის დაწესებით და მეტი ინტერესი აღძრას ადამიანებში, რომ წერონ. დევიზიც ხომ ასეთია - ’გინდა წერო? უნდა წერო’. ”

დავით გაბუნიას შარშანდელი კონკურსის შესახებაც ვკითხეთ. კონკურსის წესებით ხომ წარმოდგენილ ნაწარმოებებს ჯერ ჟიური აფასებს, შემდეგ კი მკითხველი. ასეთ ონლაინ კონკურსებს კი ყოველთვის აქვთ ერთი საფრთხე: არაპროფესიონალის, ე.ი. ჩვეულებრივი მკითხველის, მეტისმეტმა აქტიურობამ, შესაძლებელია, დაჩაგროს მხატვრული თვალსაზრისით, მართლაც რომ, საინტერესო ნაწარმოები:


[დავით გაბუნიას ხმა] ”პირველი კონკურსი ჩატარდა შარშან, დაახლოებით ამ დროს, შემოვიდა ორასზე მეტი ტექსტი. ვერ ვიტყვი, რომ სასწაული ლიტერატურული შედევრები მივიღეთ, მაგრამ ფინალში გასული ტექსტებიდან სამი მართლა ძალიან კარგი იყო. ეს ჩემი პირადი აზრია, თუმცა მკითხველმა სხვა ტექსტებს მისცა ხმა - ჩემი აზრით, თამთა მელაშვილის მოთხრობა, რომელიც ნარკოტიკებით მოვაჭრე ქალებს ეხებოდა, ”ერთი და ორი”, სრული შედევრი იყო. ასევე იყო მაკა მიქელაძის ძალიან კარგი მოთხრობა ”ახალგაზრდა ქალის ვნებანი”... ეს ორი მოთხრობა უპრიზოდ დარჩა, მაგრამ რას იზამ - მკითხველის არჩევანი ასეთი იყო.”


ლიტერატურული კონკურსის, ”წეროს”, ჟიურიში 7 წევრია - მთარგმნელები, კრიტიკოსები, მწერლები. რაიმე შეზღუდვა კონკურსში მონაწილეობაზე არ არსებობს. ეს კი აზარტს მატებს ”წეროს” - თქვენმა ნაწარმოებმა, შესაძლოა, ქართული ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსის თხზულება დაამარცხოს. ”წეროს” ჟიურის წევრის დავით გაბუნიას თქმით, ამ მხრივ წლევანდელ კონკურსზეც მოსალოდნელია სიურპრიზები:

[დავით გაბუნიას ხმა] ”ასაკობრივი ზღვარი არაა... შარშანდელ ”წეროზე”, მაგალითად, უფროსი თაობის მწერალმა ვანო ჩხიკვაძემ გაიმარჯვა. ასე რომ, ასაკობრივი ცენზურა არ დაგვიწესებია.. ”წეროს” ტრადიციაა - გამარჯვებული ნაწარმოებები იდება ინტერნეტში და იბეჭდება წიგნად. უკვე ორი კრებულია გამოსული და წელსაც მესამე კრებული დაიბეჭდება.”

დაბოლოს, გაგახსენებთ, რომ ლიტერატურული კონკურსი ”წერო” ფარმაცევტული კომპანია ”ჯიპისისა” და პორტალ ”ლიტერატურა გე”-ს ხელშეწყობით ტარდება. ნიშანდობლივია, რომ კონკურსმა სტარტი საგანგებო მდგომარეობის დროს აიღო. მედიაზე შეზღუდვის პირობებში კომპიუტერი ბევრისთვის ერთგვარი ”საკულტო საგანი” ხდება - შედი ინტერნეტში და წერე. მით უმეტეს, რომ 7 ნოემბრის მერე ხალხს საწერი ბევრი აქვს.


XS
SM
MD
LG